„თბილისის ანძა რომ ჯობია ეიფელს“ ანუ რას ნიშნავს „ძალა ერთობაშია“ (ბლოგი)
ქვეყნის ოფიციალურ სლოგანად ქცეული ფრაზა „ძალა რომ ერთობაშია“ ლამის აკვნიდანვე იცის ყველა ქართველმა. იმ იგავისა არ იყოს, ერთ ისარს რომ მარტივად ტეხ და მთელ კონას ვერაფერს აკლებ, ძნელია, ერთად შეკრულ 3 მილიონ ქართველს კენტად დაფანტულმა 67-მა მილიონმა ფრანგმა, 61-მა მილიონმა იტალიელმა, 12-მა მილიონმა ბერძენმა და ზოგადად, ვინმემ აჯობოს.
ჯობნა მორევაზეა. მორევა კი ქართველებმა როდის ვისწავლეთ, ისტორიასაც არ ახსოვს.
პირველად აქტიური ტურისტული სახალხო კამპანია რომ დავიწყეთ, 22 ივნისი იყო – „გავრილოვის ღამის“ და შეჩერებული ფრენების პასუხი და ტურისტული ნაკადის ზრდა (მათ შორის ევროკავშირიდანაც). შემდეგ ეტაპზე ყველას შევაყვარეთ ისედაც საყვარელი და გემრიელი ხინკალი და ხაჭაპური. ვასწავლეთ, რომ ხინკალი ჩანგლით – არ და აჭარული ხაჭაპური ცომის ყუით იჭმება.
გავცვალეთ ულამაზესი ფოტოები, მოვიწვიეთ უცხოელი, ნაცნობი თუ უცნობი მეგობრები და უპრეცენდენტო კამპანია დავიწყეთ. (აქ მრავლობითი იმიტომ, რომ ილიას თქმისა არ იყოს, გათითოკაცებული კი არა, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულები ვიყავით).
ბევრს ვასწავლეთ არა მარტო გამარჯობა, არამედ მთელი ემოცია და ის ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა, ამ ერთი სიტყვის მიღმა რომ იმალება. გავიგეთ და გავაგებინეთ სხვებსაც, რომ მართლა „წილხვედრი“ თუ არ ვართ, სადღაც, „სარეიტინგო სიის“ სათავეებთან მაინც რომ ვიმსახურებთ ადგილს.
„სიები“ შეიძლება გამოქვეყნდეს ბევრგან – CNN-იდან BBC-ის გავლით რაიმე სამხრეთაფრიკულ გამოცემამდე. თავად ამბავი კი შემდეგნაირად დასათაურდეს – „წლის ტურისტული ქალაქი“, „ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანა“… “წლის მიმართულება“… „ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო“ ან „კავკასიური ინტრიგა“ ისე, როგორც ავიაკომპანია RyanAir- მიერ (11 თებერვალს) საქართველოზე გამოქვეყნებულ ბლოგს ჰქვია.
ავიკაომპანიები რომ თავიანთი ფრენების დანიშნულების ადგილებს ბლოგებს ხშირად უძღვნიან, არახალია. თუმცა, მიზეზი – მაინც საინტერესო:
#NBAVoteZazaFachulia – გასული წლების ყველაზე პოპულარულ ჰეშთეგს ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა და როგორც ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილმა, ჩვენც ფეისბუქიდან ისნტაგრამზე გადავინაცვლეთ.
ერთი ომის მეორე ბრძოლა RyanAir-ის “ინსტაგრამ სთორიში” გაიმართა.
საქმე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავიაკომპანია ატარებდა გამოკითხვას საუკეთესო ტურისტული მიმართულების გამოსავლენად, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მსოფლიოს სხვადსხვა ღირსშესანიშნავ ქალაქთან დაპირისპირებული თბილისის ხილვის შემდეგ, ყველა ქართველის გულში გაიღვიძა ფრაზამ „ძალა რომ ერთობაშია“ და საბოლოოდ თბილისმა გამოკითხვაში რომსა და პარიზსაც აჯობა.
რთული სათქმელია, გაამართლებს თუ არა დედაქალაქი იმ ვიზიტორთა მოლოდინებს, ამ გამოკითხვას რომ მიენდობიან. თუკი მიენდობიან, რასაკვირველია. თუმცა, ქართული სულისკვეთება, რომლის გამოხატვაც ხშირად და აქტიურად არ გვჩვევია, მაინც დასაფასებელია.
“თბილისი ევროპის ერთ-ერთ უსაფრთხო ქალაქად არის მიჩნეული. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. სტუმრებს ქართველები თბილად ხვდებიან და მზად არიან, ტურისტებს სიამოვნებით დაათვალიერებინონ თბილისის მშვენიერი ციხე-სიმაგრეები, გოგირდის აბანოები და ადგილობრივი ბაზრები. გემრიელი სამზარეულოთი, მომხიბლავი ისტორიით, მრავალფეროვანი და საოცარი ადგილებით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა” – ასე ეხმაურება ავიაკომპანია დედაქალაქის ტურისტულ პოტენციალს და ინგლისურენოვანი მკითხველის „დესანტს“ გადმოსხამს ჩვენდა საკეთილდღეოდ მანამ, სანამ „ნახევარფინალი“ გაიმართება.
წლების წინ ერთ-ერთი პოპულარული ქართული ტელეშოუს ქუდში ისმოდა ფრაზა – „თბილისის ანძა რომ ჯობია ეიფელს…“ ჰიპოთეზის ჭეშმარიტებაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამერიკული მულტიპლიკაციური ფილმ „სიმპსონებისა“ არ იყოს, ჩვენს ტელეშოუსაც უწინასწარმეტყველებია ოდესღაც რაღაც.
სხვა თუ არაფერი, მინიმუმ სასიამოვნოა, საინტერესო მიზნით გაერთიანებული ამდენი ქართველისა და მით უმეტეს, კოლიზეუმსა და ეიფელის კოშკზე „აფრიალებული საქართველოს დროშის“ ხილვა.
თათო ზარანდია