ისტორია და ისტორიები სლაიდერი ყველა სიახლე წერილები

“რა ჯდება” ყოველი ახალი ნივთი და შესრულებული ახირება – ემიგრანტის შვილის წერილი 

როგორია ნამდვილი ემიგრანტობა და რატომ მიდიან ქალები ემოიგრაციაში- ამის შესახებ “ქართული კვირის” მკითხველს საკუთარი გამოცდილება თეონა ჭანტურიამ გაუზიარა. თუმცა, საინტერესოა ისიც, როგორ აღიქვამენ სამშობლოში დარჩენილი ადამიანები მათი ოჯახის ემიგრანტი წევრების ცხოვრებას და ზოგადად, რატომ ვთხოვთ უცხოეთში მყოფ ქალებს “გვარჩნონ“, გვიყიდონ უახლესი მოდელის ტელეფონები და ტანისამოსი და შეასრულონ ყველა ჩვენი ახირება. 

ნათია ცანავა ემიგრანტი დედის შვილია. შვილი, რომელსაც მშობლის შრომაზე წარმოდგენა არ ჰქონდა მანამ, სანამ ყველაფერი საკუთარი თვალით არ იხილა. უნდა, რომ ნანახი სხვებსაც გაუზიაროს, რათა ყველა ემიგრანტის შვილმა იცოდეს, რეალურად “რა ჯდება” ყოველი ახალი ნივთი თუ შესრულებული ახირება: 

“მე მინდა მოგიყვეთ ამბავი, რომელიც ყველა ემიგრანტის შვილს დააფიქრებს. დედაჩემი, წლებია იტალიაში ცხოვრობს. მუშაობს და ცდილობს არაფერი მოგვაკლოს, მაგრამ ადამიანს რაც უფრო მეტი აქვს, მით უფრო და უფრო მეტი უნდა. მამაჩემიც მუშაობს, ჩვენ ოთხი დედმამიშვილი ვართ, მე ყველაზე უფროსი, უკვე მესამე კურსის სტუდენტი ვარ. მამაჩემიც მუშაობს, მანამდე თუ თვიდან თვემდე საჭმლის ფულს ძლივს აკოწიწებდნენ ჩემები, ახლა მოთხოვნილებები გაგვეზარდა.

მეც არ ვყოფილვარ განსხვავებული ბავშვი, რომ ვუყურებდი სხვას ჰქონდა, მეც ვთხოვდი დედას, მინდა-მეთქი, ისიც ყველანაირად ცდილობდა, გული არ დაეწყვიტა. რაც აქამდე გაკლდათ, მინდა, ყველაფერი გქონდეთ, აბა მე აქ რისთვის ვარ წამოსულიო.

ძალიან გამიჭირდა თავიდან დედის გარეშე, ძალიან მენატრებოდა, ღამით გამეღვიძებოდა ხოლმე და ვტიროდი. მერე მივეჩვიე, რომ ჩემი და-ძმა ჩემზე გახდა დამოკიდებული. ვცდილობდი, დედის სითბო და სიყვარული გამენაწილებინა მათთვის, დედასაც ხშირად ველაპარაკებოდით… ახლა ისინი უკვე დიდები არიან და თავის თავს თვითონ უვლიან, მეც სამი წელია, თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად.

ერთ დღეს დედას გამოვუცხადე, ჩემი მეგობარი თავის დედას იტალიაში მიჰყავს ზაფხულში დასასვენებლად და მეც წამიყვანე-მეთქი, თან შენც გნახავ თა სხვა ქვეყანასაც დავათვალიერებ-მეთქი. მოკლედ თავი გავიგიჟე,  სანამ დედაჩემმა არ წამიყვანა. ათი დღით ვიყავი, სადაც მუშაობს, იქ დავრჩი მეც და იქ სიტუაცია დამხვდა, დღესაც ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, რომ ასე უდიერად ვხარჯავდი დედაჩემის გამოგზავნილ ფულს!

ერთი შეხედვით კარგი ხალხი იყო, მეც ნორმალურად მიმიღეს, მითხრეს, დედაშენის ოთახში დაიძინებო. დედას ოთახი სხვენში იყო, ერთი პატარა ოთახი, მეტის პრეტენზია არც მაქვსო, მითხრა. დილით ადრე დგებოდა, ჯერ მოხუცისთვის უნდა გამოეცვალა, მერე საჭმელი უნდა გაეკეთებინა მთელი ოჯახისთვის, სუფრა გაეწყო და ამ მოხუცისთვის ხელით ეჭმია.

საშინელი მოხუცი იყო, დედაჩემს ტანჯავდა. რომ ვუყურებდი, სურვილი მიჩნდებოდა, მომეკლა, ხან პირს დამუწავდა და ცოცხალი თავით არ აღებდა, ხან კოვზს ისე ძლიერად მოუჭერდა, დედაჩემი ძლივს წაართმევდა ხოლმე. ამას როგორ იტან-მეთქი, ვკითხე, რა ვქნა შვილო?!-  ეს რომ არ ავიტანო, ქუჩაში აღმოვჩნდები და მერე თქვენ რა გეშველებათო.

დედაჩემი ერთი წამითაც არ ფიქრობს საკუთარ თავზე. ამ ყველაფრისგან გულდამძიმებული ვარ და ერთ დილას სამზარეულოდან მესმის ყვირილის ხმა, ჩავედი სამზარეულოში და ოჯახის უფროსი ქალი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა… ვერ გავიგე, რა მოხდა, როგორც დედამ მითხრა, მოხუცი სასეირნოდ გაჰყავდა გარეთ და კარებთან მდგარ ვაზას ხელი დაავლო და დაამსხვრია, ეს ქალი დედაჩემს გამოენთო, ყურადღებას თუ არ აქცევ, ფულს რაში გიხდიო, ეს ვაზა საერთოდ თუ იცი, რა ღირსო.

დამცირება, ტკივილი, ნერვების შლა, დაღლილობა, უძილობა, სტრესი, ეს ყველაფერი იყო ის, რისი გადატანაც დედაჩემს უწევდა ოჯახის რჩენისთვის. იმ ათ დღეს ვერ აღგიწერთ, რა გადავიტანე…

იმას, რასაც ათი დღე ვერ გავუძელი, დედაჩემი წლებია იტანს თავისი შვილების გამო. ვეხვეწებოდი, აქ აღარ დარჩე და ჩემთან ერთად საქართველოში დაბრუნდი-მეთქი.

ცოტა ფულს მოვუყრი თავს და ჩამოვალ მერეო, დამპირდა. მის მერე 6 თვე გავიდა, დედა ისევ იმ ოჯახში მუშაობს.

სახლში რომ დავბრუნდი, ჩემს და-ძმას მოვუყევ,ი დედას ზედმეტი არაფერი სთხოვოთ, თქვენ არ იცით, რა უჯდება თითოეული თეთრი-მეთქი.

რამდენიმე დღის წინ ჩემმა დამ დამირეკა ტირილით, აიფონ 6 მინდა და დედა ფულს არ მიგზავნისო, შენ სთხოვე და იქნებ მიყიდოსო. 17 წლისაა ჩემი და, აბიტურიენტია, 6 მასწავლებელთან დადის, ფულს რა თქმა უნდა, დედა იხდის, ვერ აგიხსნით, რა დამემართა, ახლოს რო მყოლოდა, შეიძლება რაიმე დამეშავებინა…

მინდა, ჩემი წერილი ყველა ემიგრანტის შვილმა წაიკითხოს და მიხვდეს, რა უჯდება დედას ის, რომ თქვენ ბოლო მოდის ტელეფონი, ძვირფასი ტანსაცმელი და გემრიელი საჭმელი გქონდეთ… 

თითოეული თეთრი დაუფასეთ თქვენს დედებს, ბევრი თბილი სიტყვა უთხარით, ხშირად დაურეკეთ, ჰკითხეთ ამბები, ჰკითხეთ რამე ხომ არ აწუხებს… თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენი რამის გადატანა უწევს ემიგრანტ დედას!”

ნათია ცანავა

სხვა სიახლეები

როგორ მოხვდნენ ოთარ კობერიძე და ორნელა მუტი ერთ ფილმში და რატომ ალაპარაკდა მათ რომანზე იტალიური პრესა

Editor

ნათლისღების ტრადიცია – განბანვა გაყინულ ფარავანში 

Editor

რა არის SCHENGEN/EU APP და რაში დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს

Editor

#spend4seasonsingeorgia – ქართველი სტუდენტების პერფორმანსი ევროსაბჭოში

Editor

“უთქმელი ამბავი – სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტის ისტორია” 

Editor

“კაცი ვეფხვის ტყავში“- მსოფლიო ავტორბოლის ქართველი ჩემპიონი

Editor