იოსებ ყიფშიძის სიტყვა უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიებაზე – 1918 წლის 8 თებერვალი
102 წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან!
იოსებ ყიფშიძის სიტყვა უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიებაზე – 1918 წლის 8 თებერვალი.
„ვერავინ ჩვენგანი, თვით უკიდურესი ოპტიმისტიც კი ვერ წარმოიდგენდა რომ ტფილისი ასე მალე ეღირსებოდა უნივერსიტეტს და ისიც ქართულ უნივერსიტეტს. მართალია თვით აზრი უნივერსიტეტის საჭიროებისა და დაარსებისა ჩვენი საზოგადოებისათვის არ ახალია, ძველიც და ძალიან ძველიც, რადგან ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ქართველები ცდილობდნენ ტფილისში უნივერსიტეტის (რისამე უმაღლესი სასწავლებისა ან სამეცნიერო დაწესებულების) დაარსებას, მაგრამ ამაოდ… ხოლო იმ ზღაპრულმა ჟამთა სრბოლამ რომლის მოწამენი აგერ ერთი წელია ჩვენა ვართ, ერთის შეხედვით შეუძლებელი შესაძლო გახადა და დღეიდან ქართული უნივერსიტეტი ოფიციალურად გახსნილია. მას ჰყავს პროფესორთა, მეცნიერ ხელმძღვანელთა, ლექტორების კოლეგიუმი, კანონიერად არჩეული გამგეობა: რექტორი, ფაკულტეტის დეკანი და ფაკულტეტის მდივანი და ორჯერ მეტი ვინემ გამგეობა მოელოდა სტუდენტი, თუ მსმენელი ორივე სქესისა, დაახლოვებით 400. ეს უკანასკნელი გარემოება და საზოგადოების უნივერსიტეტისადმი თანაგრძნობა და დახმარება ამტკიცებს, თუ რამდენად მომწიფებული ყოფილა ჩვენში უნივერსიტეტის დაარსების საკითხი“.
დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში