ქართველი ემიგრანტის ქარგვით „გადარჩენილი“ ცხოვრება და მატანში გაგრძელებული შემოქმედება
სოფიკო მარუქაშვილი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც ემიგრაციას თავი დააღწია და სამშობლოში მალევე დაბრუნდა. მისმა მეგობარმაც ასე გაგვაცნო მისი თავი – ‘’ემიგრანტობის ბასრ ბრჭყალებს დაუსხლტა და ახლა ახმეტის რაიონის სოფელ მატანში თავის შემოქმედებასთან ერთად ცხოვრობსო’’.
– ‘’ალბათ, სანამ ბრჭყალებს ჩამავლებდა ემიგრაცია იქამდე მოვასწარი თავის დაღწევა. ხომ იცით, თავიდან ყველა ორი წლით მიდის და მეც ასე ვფიქრობდი, რომ მაქსიმუმ ორ წელი გავჩერდებოდი და მართლაც, ზუსტად როგორც ვფიქრობდი, იმ პერიოდის გასვლის შემდეგ დავბრუნდი ჩემს სოფელში. რადგან სხვაგან არსად, არასდროს ცხოვრების სურვილი არ მქონია.
– სოფიკო, იტალიაში წასვლამდე სად მუშაობდით?
– სანამ იტალიაში წავიდოდი, ახმეტაში, დღის სოციალურ ცენტრში მიმდინარე პროექტების კოორდინატორად ვმუშაობდი და პარალელურად ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობით – ქარგვითა და ქსოვით ვიყავი გატაცებული. განსაკუთრებით ქარგვით. როგორც კი თავისუფალ დროს ვპოულობდი, საათობით ვიყავი ქარგვაში ჩართული… ბავშვობაში დედამ მასწავლა ქარგვა, მაგრამ ეს იყო ქარგვის სხვა სახეობა. ე.წ. წყლით ქარგვა, რომელსაც ბავშვობის მერე სულ რაღაც თვეებია მივუბრუნდი და ამ ტექნიკით თმის სამაგრებისა და გულსაბნევების გაკეთება დავიწყე. მანამდე, რამდენიმე წლის უკან, ძველი თბილისის ერთ ვიტრინაში ნაქარგი ვნახე, დავინტერესდი როგორ იყო შესრულებული და ამისთვის შევიძინე მასალები და დავიწყე მუშაობა. გამოგიტყდებით, საკმაოდ ვიწვალე სანამ ყველაფერს გავიგებდი, ვშლიდი, ვქარგავდი, რაღაც არ მომეწონებოდა და ისევ ვარღვევდი, მაგრამ რაღაც პერიოდის წვალების შემდეგ, ულამაზესი ზამთრის პეიზაჟი გამომივიდა და ამის შემდეგ აღარც გავჩერებულვარ და უკვე 200-ზე მეტი ნამუშევარი მაქვს შესრულებული.
– სოფიკო, რატომ წახვედით ემიგრაციაში?
– ემიგრაციაში წასვლა რაიმე კონკრეტულ ფაქტს არ გამოუწვევია, სხვადასხვა მიზეზების გამო მივიღე გადაწყვეტილება რაღაც დროით საქართველოდან წავსულიყავი.
– როცა საკუთარი სივრცე არ გაქვს და იძულებული ხარ სხვისი ცხოვრებით იცხოვრო, ეს, ალბათ, ძალიან ძნელია, თქვენი ცხოვრება როგორი იყო იტალიაში?
– ძალიან, ძალიან ძნელია სხვისი ცხოვრებით ცხოვრება, თუმცა მე, საბედნიეროდ, არ მზღუდავდნენ ოჯახებში, სადაც ვმუშაობდი და ამიტომ ჩემი საყვარელი ხელსაქმის წყალობით ჩემი სივრცე სულ თან მქონდა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ენერგიის წყარო იყო და იქნება სადაც არ უნდა ვიყო.
– როგორც ვიცი იტალიაში გამოფენა გქონდათ, როგორ მოახერხეთ იქ გამოფენის გაკეთება?
– იტალიაში უამრავი ნიჭიერი ადამიანი გავიცანი, ერთად ვაწყობდით ექსკურსიებს იტალიის უკეთ გასაცნობად, ვაკეთებდით ქართულ საღამოებს, სადაც ქართული პოეზია, სიმღერა, სითბო, სიყვარული იყო – ყველაფერი ქართული. ასეთ ორ ლამაზ საღამოზე გამოვფინე ჩემი ნაქარგები. ერთი საღამო ქართველებისთვის იყო, მეორე გამოფენაზე კი, ქალაქ ჯოვინაცოში, იტალიელი სტუმრები გვყავდა მოწვეული.
– ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს უცხო გარემოში ცხოვრება, როგორ უნდა გადაირჩინოს თავი ემიგრაციაში ადამიანმა?
– ვფიქრობ, ადამიანს ნებისმიერი სირთულის დაძლევაში საყვარელი საქმიანობა ეხმარება, ჩემს შემთხვევაში ქარგვით გადავირჩინე თავი. გარდა ამისა დიდი ენერგიის წყარო იყო საკვირაო სკოლა ბარში, სადაც ყველაზე გულწრფელი, საყვარელი პატარებისთვის ვცდილობდით ქართული გარემო შეგვექმნა, ბავშვები დღემდე მენატრებიან და დიდი სიყვარულით ვადევნებ თვალს აქედან. ეს ყველაფერი აბალანსებდა ჩემი ცხოვრების სირთულეებს იტალიაში. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ იქ ცხოვრება ძალიან ძნელია, სულ ფიქრობ შენი ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, სახლზე… ახლა მათთან ვარ, მშვიდად და ლაღად…
– ემიგრანტებს ხშირად ეპარებათ შინ დაბრუნების დრო, თქვენ როდის მიხვდით, რომ წამოსვლის დრო იყო?
– როგორც დასაწყისში გითხარით, თავიდანვე ვიცოდი ჩემი სახლში დაბრუნების დრო და ალბათ გამიმართლა კიდეც, ბრჭყალებში მოქცევამდე არ მივიყვანე საქმე…
– მატანში როგორ გრძელდება თქვენი ცხოვრება?
– მატანი ძალიან მიყვარს, აქ დაბრუნების მერე, რამდენიმე, ჩვენს სოფელზე შეყვარებული ახალგაზრდა გავერთიანდით და ვცდილობთ პატარა ამბებით გავახალისოთ ჩვენი სოფლის ყოველდღიურობა, პარალელურად ჩემი საყვარელი საქმიანობით აქტიურად ვარ დაკავებული. ეს საქმიანობა ჩემი შემოსავლის წყაროა, ვმონაწილეობ სხვადასხვა გამოფენებში, გამოფენა – გაყიდვებში საქართველოს მასშტაბით და ვემზადები პერსონალური გამოფენისთვის.
– ხანდახან, როცა ადამიანები დიდი ხნით არიან წასულები, სირთულის მიუხედავად, ახალ ჩვევებს იძენენ, უკეთ ხვდებიან რაღაცეების ფასს და მერე საქართველოში ცოტა უჭირთ ცხოვრება და ისევ წასვლაზე ფიქრობენ. თქვენც ხომ არ გაქვთ მსგავსი განცდა?
– არა, ჩემს სამშობლოში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ვერ ვიტყვი რომ მიჭირს ცხოვრება, თუმცა ბევრი რამ გადავაფასე, ერთგვარი, დიდი გამოცდილებაც მივიღე და ვცდილობ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო.
– დარწმუნებული ხართ, რომ არასდროს წახვალთ ემიგრაციაში?
– დარწმუნებული არ ვარ რომ არასდროს წავალ ემიგრაციაში, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო მომიწია ამ გზის გავლა, თუმცა არ ვნანობ, უბრალოდ დიდი იმედი მაქვს და მაქსიმალურად შევეცდები ამ გზის გავლა მეორედ აღარ მომიწიოს.”