სლაიდერი ყველა სიახლე წერილები

“ვირუსს რომ ეროვნება არ აქვს, ერთმანეთისთვის ამის შეხსენება არ უნდა გვჭირდებოდეს” – ანანო ლებანიძის ბლოგი

პროფესიით ჟურნალისტი ანანო ლებანიძე სამხრეთ ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში სულ რამდენიმე თვის წინ წავიდა და საქართველოს ბიზნეს სახლის გუნდს შეუერთდა. კორონავირუსისა და მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო კი გადაწყვიტა, დროებით გარიდებოდა საფრთხეს და საელჩოს დახმარებით საქართველოში დაბრუნდა. ანანო „ქართული კვირის“ მკითხველს საკუთარ ისტორიასა და ემოციებს უზიარებს – როგორია ცხოვრება  ეპიდემიის ფონზე ჩინურ ქალაქში, რომელსაც აქამდე არასდროს ეძინა.

,,უკეთესია სანთელი ავანთოთ, ვიდრე სიბნელეზე ვიწუწუნოთ

სისხამ დილით მამლის ყივილი მაღვიძებს… ყურს არ ვუჯერებ და სმენას ვძაბავ. სამხრეთ ჩინეთის მეგაპოლისში, ერთ-ერთი უბნის დიდ ქუჩაზე, მეზობელი ბინიდან განთიადის მაუწყებელი ფრინველის ხმა მაფხიზლებს. ჩემს მახლობლად ახალი ბინადრის გამოჩენა მახარებს, ის კი უფრო მეტად, რომ ჰუადუში მისი პატრონი დაბრუნდა… დაცარიელებული უბანი ნელ-ნელა ისევ ხალხით შეივსება…

დახუთულ სახლში გამოკეტილს, ერთი სული მაქვს როდის მოსაღამოვდება, ჰაერზე ცოტა ხნით გასვლა რომ შევძლო. ბოლო ერთი კვირაა (მას შემდეგ, რაც შვებულებაში ვართ), ეს პროცესი რიტუალად მექცა. შეზღუდვები, რომელიც საკუთარ თავს დავუწესე, ჩემსავე უსაფრთხოებას ემსახურება… ,,შინაპატიმრობა“ მთელი დღე სახლში ყოფნას, საღამოს კი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად და ახლომდებარე მარკეტში ვიზიტს მოიცავს, რომელიც სხვა მიკეტილი მაღაზიების ფონზე, საგანძურად მეჩვენება.  წყლის, პურის და საჭირო საკვების საყიდლად მაღაზიას ყოველ საღამოს ვაკითხავ. შემდეგ დავუყვები პალმებიან ქუჩებს და ათასჯერ ნანახ შენობებს, ფანჯრებს, სარეკლამო აბრებსა თუ გამწვანებულ პატარ-პატარა სკვერებს ისე ვათვალიერებ, როგორც პირველი ნახვისას. ჩემი მუდმივი მეგზური ბოლო დღეებში ნაირ-ნაირი დიზაინის და ფერის პირბადეა, მონდომებით რომ ვცვლი საათში ერთხელ. გუანჯოუში სამარისებური სიწყნარეა, ხალხმრავალ, ხმაურით სავსე ქალაქში ახლა კანტიკუნტად მოსიარულე ნიღბიან ადამიანს თუ გადავეყრები, მასაც გვერდს სწრაფად ვუქცევ და გზას ვაგრძელებ. ყოველწიურად ზუსტად ამ პერიოდში, ქალაქის დაცარიელების მიზეზი ახალი წელი ხდება თანმდევი ტრადიციით – ჩინელები ერთი კვრით საკუთარ ფესვებს უბრუნდებიან და მიემგზავრებიან მშობლიურ რეგიონებში, რათა ოჯახთან ერთად იზეიმონ ზაფხულის დღესასწაული. 2020 წლის სადღესასწაულო შვებულება მოულოდნელად თავს დატეხილმა ვირუსმა გაახანგრძლივა…

წელს, ჩემთვის ახალი წელი სამჯერ დადგა. პირველად, როცა აზიურ ქალაქში 31 დეკემბერს  ჩამოვედი, მეორედ 14 იანვარს ჩვენებურ ძველ ახალ წელს და ბოლოს 25 იანვარს, როდესაც ჩინეთმა გაზაფხულის დღესასწაულის მოსვლა იზეიმა. 2020 წელს ქვეყანას ახალ წელთან ერთად, ვირუსი,, კორონა”  ესტუმრა, ესტუმრა და ყველაფერი ,,ყირამალა“ დააყენა… შეცვალა ჩემი ერთთვიანი ცხოვრებაც ჩინეთში…

ახლა გუანჯოუში ალბათ მზე ანათებს და მწვანე ქალაქში მამალი ისევ აფხიზლებს სხვა ახლადგაღვიძებულს, როგორც იმ დღეს, როცა ტელეფონზე უფროსის ზარის ხმა გაისმა… გვთხოვა, სასწრაფოდ ბარგი ჩაგველაგებინა და ჩვენივე უსაფრთხოებისთვის გავმგზავრებულიყავით სამშობლოსკენ. მანამდე, მთელი კვირა საქართველოდან დარეკილ ზარებს მშვიდად ვპასუხობდი და აღელვებულ ადამიანებს ღიმილით მოვუწოდებდი სიწყნარისკენ. წამოსვლაზე არცერთი წუთით არ მიფიქრია. მოგვიანებით, როდესაც ავიამიმოსვლები შეწყდა, ვირუსმა ადამიანები ჩვენს ქალაქშიც დააინფიცირა… მშვიდად, ყოველგვარი პანიკის გარეშე მივიღეთ გადაწყვეტილება, სიტუაციის დასტაბილურებას საქართველოში დავლოდებოდით. უფროსმა, რომელიც ქართველია,  ჩვენი გამომგზავრება უზრუნველყო, თვითონ კი მეუღლესთან ერთად დარჩენა გადაწყვიტა… დარჩენა და ჩინელი ხალხის ახლოდან გამხნევება.

საღამოს 9-10 საათზე მოულოდნელად შეტყობინება მოგვდის, რომ ჩვენი რეისი გაუქმდა. საქართველოს საელჩოს დახმარებით, ალტერნატიულ გზას ვპოულობთ და აეროპორტისკენ მივემგზავრებით… გასაცილებლად ჩინელი თანამშრომელი მოდის, გაზაფხულის დღესასწაულს გვილოცავს, ღიმილიანად გვემშვიდობება და წითელ ბარათებს გვჩუქნის სიმბოლური თანხით, რომელსაც სადღესასწაულო წარწერა აქვს (,,hóngbāo“ იგივე ,,წითელი კონვერტი“, ჩინური ახალი წლის მთავარი ატრიბუტია, მას უმცროსი თაობის წარმომადგენლებს ან დასაოჯახებელ ადამიანებს ჩუქნიან. წითელ ბარათში მოთავსებულ სიმბოლურ თანხას, ტრადიციის მიხედვით კეთილ საქმეში ხარჯავენ).

აეროპორტისკენ გზას მივუყვებით, ჩვენი ,,მძღოლი“ ჩვენივე ჩინელი უფროსია. ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მასიური სიფრთხილის ფონზე, თავად მიგვაცილოს თვითმფრინავის ტრაპამდე. მისი ღიმილი და პოზიტიური განწყობა გადამდებია, დამშვიდობების სცენა კი ისეთია, როგორც საქართველოში… ,,ხუანძიე“ როგორც ქართველები მას ვეძახით, მოგვიანებით ჩვენთან ერთად, სამახსოვრო ფოტოსაც გადაიღებს და სოციალურ ქსელში ატვირთვისას მიაწერს ,,miss you”.

ჩინურ-ქართული ურთიერთობის ეს პატარა მაგალითი კიდევ უფრო მიმძაფრებს თანადგომის განცდას, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გამიჩნდა. მას შემდეგ უფრო მეტად, რაც ქართველებმა გადავწყვიტეთ ყველა ,,ერთ ქვაბში მოვხარშოთ“. კორონავირუსზე უფრო სწრაფად გავრცელებული, უარყოფითი და გადაუმოწმებელი ინფორმაციების ფონზე, ხალხში გაჩენილი დაუმსახურებელი აგრესიის იმ ქვეყნიდან დანახვა, სადაც ეპიდემია მძვინვარებს, მარტივი არ აღმოჩნდა. ვირუსს რომ ეროვნება არ აქვს, ამის ერთმანეთისთვის შეხსენებაც ბევრჯერ დაგვჭირდა…

ჩინეთი – ქალაქი გუანჯოუ

ჩემი მრავალსაათიანი დამღლელი მგზავრობა გუანჯოუდან სტამბოლამდე და სტამბოლიდან თბილისამდე, მესაზღვრის კეთილგანწყობილი ფრაზით სრულდება: ,,კეთილი იყოს მშვიდობიანად დაბრუნება“. დავბრუნდი, მაგრამ გულის სიღრმეში სიმშვიდესთან ერთად, სიცარიელესა და ფორიაქს ვგრძნობ. მეფიქრება იქ დარჩენილ ადამიანებზე და წინ გასავლელ დღეებზე, კიდევ ბევრი რომ ექნებათ გამარჯვებამდე – მანამდე, სანამ ვირუსს დაამარცხებენ და მძიმე დღეებს წერტილს დაუსვამენ. ეჭვი არავის ეპარება, რომ ქვეყანა, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია, ამას უმოკლეს დროში შეძლებს. ამის ნათელი მაგალითია ერთ კვირაში აშენებული სპეციალიზებული საავადმყოფოები, გამოჯანმრთელებულთა მზარდი რიცხვი, ანტივირუსის შესაქმნელად წინ გადადგმული ეფექტური ნაბიჯები… ჩინეთი ყველა ღონეს ხმარობს, ვირუსის სხვა ქვეყნებში გავრცელება რომ შეაფერხოს.

და ბოლოს – ჩინეთში ,,სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი“ მხარდამჭერ აქციას აანონსებს, მისი ორგანიზებით დაიწყება საქველმოქმედო აქცია ,,გამოხატე შენი მხარდაჭერა ჩინეთისადმი“, რომელიც უხანში მყოფ მოქალაქეებს გაამხნევებს და შეძლებისდაგვარად დაეხმარება. ამით კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და მის დასამარცხებლად მცირე წვლილი ყველას შეგვიძლია შევიტანოთ…

ჩვენ კი რა შეგვიძლია შორიდან? მხოლოდ და მხოლოდ გამხნევება და იმის ხშირად გამეორება, რომ ყველაფერი კარგად იქნება…

და კიდევ… ჩინური ანდაზაა: ,,უკეთესია სანთელი ავანთოთ, ვიდრე სიბნელეზე ვიწუწუნოთ… ეს პატარა პოზიტიური ვიდეოც, ბოლო დროს ქართველების მიერ სოციალური ქსელების მეშვეობით რომ გავრცელდა, მოკრძალებული ჟესტია ამის დასამტკიცებლად…

სხვა სიახლეები

ხელოვნების სასახლის კოლექცია წელს პირველი ახალი ექსპონატით შეივსო

Editor

მეფე ერეკლე მეორეს წერილი ლაშქრობიდან 5 წლის ქალიშვილის, თეკლასადმი

Editor

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზიმ ძველით ახალი წელი ანა კალანდაძის ლექსით მოგვილოცა

Editor

უკანონო მიგრაციის რისკები და საფრთხეები

Editor

ფონდი ნატვრის ხის საქველმოქმედო აქცია “აჩუქე სიკეთის ბარათი”

Editor

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის საერთაშორისო გამოფენაზე ‘’FITUR 2020“ მიიღო მონაწილეობა

Editor