შედევრი, რომელიც ქართულ სახელმწიფო კოლექციაში მოხვდა

თომას ვეინვრაითი, პირველი ინგლისელი პეიზაჟისტია, რომელიც ქართულ სახელმწიფო კოლექციაში მოხვდა.

”არ ვიცი საქართველოში არის თუ არა კიდევ სხვა მუზეუმი, რომელსაც პრესტიჟულ საერთაშორისო სახელოვნებო აუქციონებზე ძვირფასი ნიმუშის შეძენა შეუძლია, როგორც ამას მსოფლიოს სხვა დიდი სიძველეთსაცავები აკეთებენ. ძალიან საამაყოა და თავისებური ადრენალინია როცა შეგიძლია ლუვრთან, ერმიტაჟთან, დრეზდენის გალერეასთან,  ან სულაც მეტროპოლიტენთან ერთად ივაჭრო და ევროპის წამყვანი კერძო გალერეებიდან შენი ქვეყნის ეროვნული საგანძურის შესავსებად ძვირფასი ნამუშევარი წამოიღო! არადა, რაც თავი მახსოვს სულ პირიქით იყო, ძირითადად აქედან გაჰქონდათ, აქედან ყიდულობდნენ და ამდიდრებდნენ სხვა ქვეყნების მუზეუმებს. დღეს კი პირიქით მოხდა, ეს ფრიად გასახარი და ჩვენი მუზეუმის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფაქტი ვერ იქნებოდა, რომ არა ჩვენი სასახლის მუდმივი მეგობარი, მხარდამჭერი და სერიოზული დონორი  დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი.

მაშ ასე წარმოგიდგენთ გამორჩეული ინგლისელი მხატვრის თომას ვეინვრაითის (1749-1883) ბრწყინვალე ბრიტანულ პეიზაჟს სახელწოდებით: „ხედი წყლის პირას“. (ტილო, ზეთი, 1830 წელი). თომასი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინგლისელ მხატვრად ითვლება, მისი ნამუშევრები 1832-1862 წლებს შორის არაერთხელ გამოფენილა ინგლისის სამეფო სამხატვრო აკადემიაში და, დიახ, ამ სახელგანთქმული ავტორის ნახატი დღეს საქართველოში სამუდამოდ ჩამობრძანდა, მას ახლავს ექსპერტის დასკვნა, სახელოვნებათმცოდნეო კვლევა და საერთაშორისო სერთიფიკატი.

თომას ვეინვრაითი პირველი ინგლისელი პეიზაჟისტია, რომელიც ქართულ სახელმწიფო კოლექციაში მოხვდა, არადა მისი ნახატებით მსოფლიოს არაერთი წამყვანი მუზეუმი იწონებს თავს…. შეიძლება ვიღაცას ზედმეტ ფანტაზიორობად მოეჩვენოს, მაგრამ მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ვიცი რომ აუცილებლად დადგება დრო, როცა ჩვენც დიდი მუზეუმებისა და გალერეების მსგავსად ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის, მსოფლიო შედევრებს ვიყიდით და ჩვენს მუზეუმში გამოვფენთ.’’ – განაცხადა ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები