ინტერვიუ საქართველო და ქართველები სლაიდერი

პიანისტი ფიზიკოსების ოჯახიდან და ახდენილი „ამერიკული ოცნება“

წლებია, ქეთევან ქართველიშვილი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ფიზიკოსების ოჯახში გაზრდილმა მუსიკალური ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა და  5 წლისამ  კლასიკური პიესების სმენით შესრულებაც კი დაიწყო. 12 წლის ასაკში კი სიმფონიურ ორკესტრთან პირველი კონცერტიც ჰქონდა. 

მუსიკალური განათლების მისაღებად ამერიკაში წასულმა უკვე შემდგარმა პიანისტმა კი კარიერის ოკეანის მიღმა გაგრძელება გადაწყვიტა. მიუხედავად წარმატებული კარიერისა, საქართველო ყოველთვის ძალიან ენატრება – „მუდმივად ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ორი სხვადასხვა ცხოვრება მაქვს:  რეალური ცხოვრება ამერიკაში და ფიქრის და ნოსტალგიის დონეზე – საქართველოში“, – ამბობს ქეთევანი „ქართულ კვირასთან“ საუბარში.

_ უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ, როგორც ვიცი, ხელოვანთა ოჯახში არ გაზრდილხართ. რატომ არ გაჰყევით მშობლების გზას?

_ თბილისში, ფიზიკოსების ოჯახში დავიბადე. როგორც მიყვებიან, დაახლოებით 2-3 წლის ასაკიდან უკვე მკვეთრ რეაქციას ვავლენდი მუსიკისადმი. მამა ხშირად უსმენდა ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების სიმღერებს. მე კი სულ პატარა, ურეაქციოდ არ ვტოვებდი არც ერთ მუსიკალურ ნაწარმოებს. 4-5 წლის ასაკიდან მე თვითონ ვცადე როიალზე დაკვრა, რა თქმა უნდა, ბავშვურ დონეზე. შემდგომში უკვე კლასიკური პიესების შესრულება დავიწყე სმენით, ყოველგვარი ნოტების გარეშე. 7 წლის ასაკში ოფიციალურად დავიწყე მუსიკალური განათლების მიღება მე-8 მუსიკალურში, სადაც ჩემი პედაგოგი გახლდათ არაჩვეულებრივი მუსიკოსი,  ეთერ გუნია. მე-5 კლასში ვიყავი, როდესაც მისი დაჟინებული თხოვნით გადამიყვანეს ნიჭიერთა ათწლედში, სადაც ჩემი პედაგოგი გახლდათ ქალბატონი რუსუდან ბეგიშვილი. ცვლილებებს ცუდად ვეგუები და ეს შემთხვევაც საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა ჩემთვის.

ნიჭიერთა ათწლედში სწავლის პერიოდში არაერთი  გამოსვლა მქონდა, როგორც სოლო, ასევე ორკესტრებთან ერთად. პირველად სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 12 წლის ასაკში დავუკარი. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა,  ასეთ არაჩვეულებრივ მუსიკოსს, პედაგოგს და პიროვნებას, რუსუდან ბეგიშვილს რომ შევხვდი.  ჩემს პიანისტად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.

ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ სწავლა  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორ თენგიზ ამირეჯიბთან გავაგრძელე. მასთან სწავლის პერიოდში ბევრი საინტერესო რამ მოხდა: ხშირად გვქონდა კლასის კონცერტები კონსერვატორიის დიდ დარბაზში. დავდიოდით გასტროლებზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. გავმართე არაერთი სოლო და კამერული ანსამბლის კონცერტი. ასევე ვმონაწილეობდი ევროპის ქვეყნებში გამართულ სხვადასხვა კონკურსში.

როგორც უკვე აღვნიშნე, მშობლები ფიზიკოსები მყავს,  მაგრამ ჩემში განსაკუთრებულ ნიჭსა და მონაცემს ვერ ვგრძნობდი ფიზიკის მიმართ. მშობლებმა მომცეს საშუალება ამერჩია ის საქმიანობა, რაც მე მიყვარდა და რომლის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. პარალელურად ვხატავდი კიდეც. ასევე დამთავრებული მაქვს სუხიშვილების სტუდია. მიუხედავად ამდენი სხვადასხვა შესაძლებლობისა და სურვილისა, ჩემმა მუსიკისადმი სიყვარულმა, ნიჭმა და დამოკიდებულებამ ყველაფერს სძლია.

_ რას ნიშნავს მუსიკა თქვენთვის და როგორ გამოხატავთ საკუთარ თავს?

_ მუსიკა ჩემთვის ყველაფერია. მე მისთვის და მისით ვცოცხლობ. ის ჩემი სულიერი საკვებია და ერთადერთი რამაა, რაშიც ბოლომდე შემიძლია საკუთარი ემოციის გამოხატვა. მუსიკა მაძლევს თვითგამოხატვის საშუალებას – იქნება ეს სევდა, მწუხარება, უდიდესი სიხარული თუ აღტაცება. იმ ემოციებისაც კი, რომლებზეც ხშირ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ხოლმე…  მუსიკა მსმენელთან კომუნიკაციის ყველაზე უშუალო, ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც არ განარჩევს ადამიანებს მათი წარმოშობის, ენის, რწმენისა თუ კულტურის მიხედვით. სწორედ მუსიკას შემოაქვს თვალით უხილავი ფერები ჩემს ცხოვრებაში.

_ როდის და რატომ გადაწყვიტეთ თქვენი კარიერა შეერთებულ შტატებში გაგეგრძელებინათ?  

_ ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, ვყოფილიყავი ლეგენდარული პიანისტის, ბატონი ლექსო თორაძის სტუდენტი და ასეც მოხდა. გამიმართლა და მოვიპოვე სრული დაფინანსება ინდიანას უნივერსიტეტიდან და 2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრე.

_ არ გაგიჭირდათ უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება? – რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად საქართველოდან და როგორ „შველიდით“ ამ ნოსტალგიას?

_ უცხო ქვეყანაში ყველაფრის თავიდან დაწყება და თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. განსაკუთრებით რთული იყო პირველი წელი ამერიკაში, როდესაც სრულიად მარტო აღმოვჩნდი საკუთარ თავთან. მარტო მიწევდა გამკლავება ყველა ყოფით პრობლემასთან,  რის საჭიროებაც საქართველოში არ მიგრძვნია. რთულიც და ასევე საინტერესოც იყო ჩემთვის უცხო გარემო და ხალხი, თუმცა ნოსტალგიის გრძნობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის თან დამდევს. ძალიან მშველის ოჯახთან და მეგობრებთან კონტაქტი. ჩემი ხალხის სითბო და სიყვარული მენატრება ძალიან, საქართველოს ულამაზესი ბუნება. ამ გრძნობის შევსება უცხო ქვეყანაში ფაქტობრივად შეუძლებელია. მუდმივად ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ორი სხვადასხვა ცხოვრება მაქვს:  რეალური ცხოვრება ამერიკაში და ფიქრის და ნოსტალგიის დონეზე – საქართველოში.

_ როგორია თქვენი წარმატების გზა ? – რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ და ახლა რა ეტაპზე ხართ კარიერულ ცხოვრებაში?

_ როგორც ზემოთ აღვნიშნე, 2009 წლიდან ვიმყოფები აშშ-ში. 4 წელზე მეტი ვიყავი  ლექსო თორაძის სტუდიის წევრი ინდიანას უნივერსიტეტში, სადაც დავამთავრე “Artist” და “Performer” დიპლომების სრული კურსი. ეს იყო საოცრად დატვირთული და საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ბატონ ლექსოსთან სწავლის პერიოდში გავიმარჯვე არაერთ საერთაშორისო კონკურსში. ასევე მქონდა და მაქვს მრავალი გამოსვლა აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში – როგორც სოლო, ასევე ორკესტრებთან ერთად. რეგულარულად ვღებულობდი მონაწილეობას სტუდიის კონცერტებში. გამოვეცი კომპაქტ დისკი სახელწოდებით “The Chase”, რომელსაც შემდგომში დიდი გამოხმაურება მოჰყვა კრიტიკოსებისა და ცნობილი მუსიკოსებისგან და უამრავი საინტერესო სტატიაც დაიწერა. ამ დისკში თავმოყრილია უდიდესი კომპოზიტორების ურთულესი შედევრები.

ამჟამად ძირითადად დაკავებული ვარ საკონცერტო მოღვაწეობით, ვმუშაობ აგენტებთან და მყავს კერძო მოსწავლეებიც. კონკურსებზე და კონცერტებზე გამოსვლების შედეგად შევხვდი არაერთ ძალიან მნიშვნელოვან მუსიკოსს, სპონსორებს. მათმა უდიდესმა მხარდაჭერამ ძალიან ბევრი პრობლემა გადამალახვინა უცხო ქვეყანაში.  მათ შორისაა ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორი და პიანისტი პოლ ჰარვი უმცროსი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაში. ეს საოცარი მუსიკოსი და ადამიანი გავიცანი იაკობ ფლიერის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შემდეგ ნიუ-იორკის შტატში.

_ თვლით, რომ თქვენი „ამერიკული ოცნება“ აიხდინეთ?

შემიძლია, “ამერიკული ოცნება” შემიძლია ახდენილად ჩავთვალო, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა წინ. მე თვითონ ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. რაც უფრო მეტს ვაღწევ, მით უფრო დიდი გზა იშლება მომავალში შემდგომი წარმატების მისაღწევად. ეს პროცესი ჩემთვის დაუსრულებელია.

_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები  და რომელ ქვეყანას უკავშირდება?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებ გავაგრძელო საკონცერტო მოღვაწეობა ამერიკაში და ასევე სხვა ქვეყნებშიც. სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კონცერტების ჩატარების. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ხელს არ შეუშლის სხვადასხვა გარემოება. როგორც ვიცით, ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე.

 

ავტორი: თამუნა ზარანდია

სხვა სიახლეები

„ჰანგები კავკასიის გულიდან“ – ქართული სიმღერა ისრაელის რადიოს პირდაპირ ეთერში გავიდა

Editor

ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” უნიკალური გამოცემა გამოვიდა

Editor

”საქართველო მალე მოთხილამურეთა სამოთხედ იქცევა”

Editor

“საუნჯე” ნიუ – იორკიდან

Editor

პარიზის დიდ სლემზე ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

Editor

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურა 1 ნოემბრიდან იცვლება

Editor