ორთუბანში ისტორიული აბანოს წინასარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბანში ისტორიული აბანოს წინასარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

XVII საუკუნით დათარიღებული ნაგებობა, რომელიც ძირითადად აგურითა და რიყის ქვითაა ნაგები, პირველ ეტაპზე მიწის მასივისა და ნაგვისაგან გაიწმინდება. ნაგებობის სტრუქტურული წყობიდან ჩამოშლილი ქვები გადაეწყობა და სარესტავრაციო სამუშაოების მსვლელობაში ხელახლა გამოყენებისთვის მომზადდება. მავნე ბიოსაფარის მოსაშორებლად, შენობის შიდა და გარე სივრცეები სათანადო ქიმიური რეაქტივების გამოყენებით დამუშავდება.

საერთო ხედების, ფასადების, ინტერიერისა და არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით ღირებული ელემენტების ფოტოფიქსაციის გზით მომზადდება არქიტექტურული ობიექტის სიტუაციური გეგმა, რომელიც ნაგებობის საერთო და ლოკალურ დიზაინსაც წარმოაჩენს. არქიტექტურულ – არქეოლოგიური ანაზომები კომპიუტერულ პროგრამაში გამოისახება, რაც სამომავლოდ საფუძვლად დაედება ძეგლის სარეაბილიტაციო – არქიტექტურულ პროექტს.

ორთუბანის აბანოს ტურისტული პოტენციალის ათვისების მიზნით, პროექტი მის ინფრასტრუქტურულ მოწყობასაც გაითვალისწინებს.

ორთუბანის აბანოები ძველი ნაქალაქარის კომპლექსის შემადგენელია. სანახევროდ მიწაში ჩამჯდარი ნაგებობა ორი მთავარი სივრცისაგან – გასახდელისა და საბანაოსაგან შედგება. სფერული კამარით გადახურულ შენობას გააჩნია კედლებზე დატანილი დეკორატიული თაღები, ჩრდილოეთის კედელზე ჩაშენებული დიდი ბუხარი, ცენტრალური აუზი შადრევნით, რამდენიმე დამხმარე სათავსო, მკლავებში მოწყობილი აუზები და ცხელი და ცივი წყლის კერამიკული საკომუნიკაციო გაყვანილობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები