1709 წლის დავითნის სრულყოფილი გამოცემა ელექტრონული ფორმით მალე საქართველოში იქნება
1709 წლის დავითნის სრულყოფილი გამოცემა ელექტრონული ფორმით მალე საქართველოში იქნება.
„მორიგი მნიშვნელოვანი ამბავი, ამჯერად პარიზიდან.
დღეს საფრანგეთის უძველეს, მაზარინის ბიბლიოთეკას ვესტუმრეთ. ჩემმა კოლეგამ, ბიბლიოთეკის დირექტორმა იან სორდერმა გვიმასპინძლა. ჩემთან ერთად იყვნენ საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი და ლევან თაქთაქიშვილი.
მოლაპარაკება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა : უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, აქ ახალი ქართული გამოცემების ფონდს შევქმნით და რაც უმთავრესია: ვნახეთ 1709 წელს დაბეჭდილი დავითნი (ვახტანგ მეექვსის სტამბა).
ეს გამოცემა საქართველოში მხოლოდ დეფექტური ცალი ინახება. შეთანხმებისამებრ, ძალიან მალე გავაციფრულებთ ( საკმაოდ რთული, სარკისებური სკანერის მეშვეობით) და ისტორიული გამოცემა, ელექტრონული ფორმით, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდება.
სპეციალური მადლობა მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის მაია სიმონიშვილს!”- წერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე თავის ფეისბუქ გვერდზე.