მიხეილ ჩხენკელმა სტრასბურგში ქართული კულტურის შესახებ გამოცემული სამტომეული წარადგინა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სტრასბურგში ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეული, ინგლისურენოვანი უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ წარადგინა.
ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებს და წიგნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა ევროსაბჭოში, სადაც უაღრესად საინტერესო, ფუნდამენტური მნიშვნელობის წიგნის პრეზენტაცია გავმართეთ. ეს გახლავთ ინგლისურენოვანი სამტომეული, რომელიც შეიქმნა ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით. სულ მალე წიგნის ქართული ვერსიაც გამოვა. ჩვენ გვაქვს მართლაც უნიკალური წიგნი ქართულ კულტურაზე, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს, რომ საქართველო ევროპის არა მხოლოდ ნაწილია, არამედ ევროპული კულტურისა და ფასეულობების შექმნაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ჩვენ ამ წიგნს საჩუქრად გადავცემთ წამყვან ბიბლიოთეკებსა და არქივებს. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს, რადგანაც ჩვენი მეგობრები, უცხოელი ახალგაზრდები ხელახლა აღმოაჩენენ საქართველოს, როგორც უმდიდრესი კულტურის მქონე ქვეყანას. სიმბოლურია, რომ პირველი ბიბლიოთეკა, რომელსაც ეს სამტომეული საჩუქრად გადავეცით ევროსაბჭოს ბიბლიოთეკა გახლავთ,”- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
სამტომეულის პრეზენტაციაზე ევროსაბჭოში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის „რუსთავის“ შესრულებით ქართული ხალხური, პოლიფონიური სიმღერებიც აჟღერდა.
„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ – უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც წარმოადგენს კვლევას ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ ნაშრომის მესამე ტომი აერთიანებს 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს.
წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის “NOVA SCIENCE”-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსსა და მის მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნის.