„ატარე შენი საქართველო გულით“ – თათია თოდუას ხელნაკეთი აქსესუარებით გადმოცემული პროტესტი

22 წლის თათია თოდუა თბილისში დაძმასთან ერთად ცხოვრობს, დამოუკიდებელ ცხოვრებას ადრეული ასაკიდან მიეჩვია და საკუთარი ბრენდიც დამოუკიდებლად შექმნა. სამი წელია, ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი  De Aure  არსებობს და ამ დროის მანძილზე უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს, არა მარტო საქართველოში არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც.

ატარე შენი საქართველო გულით“ – ამ სლოგანით დამზადებულმა გულსაბნევებმა, რომელიც საქართველოს რუკის ფორმისაა და ოკუპაციისა და ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობისადმი ერთგვარ პროტესტს წარმოადგენს, განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა.

აქსესუარების შექმნის პროცესსა და სირთულეებზექართულ კვირასთათია თოდუა ესაუბრა:

_ თათია, უპირველეს ყოვლისა, თქვენ შესახებ მოგვიყევით

_ თათია ვარ, 22 წლის –  გურული, რომელიც თბილისში გაიზრდა. ბაღის ასაკიდან აქ ვარ, მშობლები და და-ძმა გურიაში ცხოვრობდნენ, მე კი თბილისში, მამიდასთან ვიზრდებოდი. რაღაც მხრივ, შეიძლება ამანაც გამოიწვია ჩემი განსხვავებული და განსაკუთრებული დამოუკიდებლობა. რაც თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც მომწონს. ჩემს ბრენდსაც აქვე მოვიაზრებ – ეს არის ის საქმე, რომლის კეთებაც განსაკუთრებით მიხარია და მომწონს. რაც შეეხება ჰობს, მგონი, ყველაფერი მსიამოვნებს, რაც თავის თავში რაიმეს „შექმნას“ მოიაზრებს- საჭმლის მომზადებიდან დაწყებული ტანსაცმლის შეკერვამდე.  რაღაცის გაკეთება, შექმნა – ესაა პროცესი, რომლისგანაც  უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ალბათ ამიტომაც მიყვარს ფაზლების აწყობა  – როცა არეულობიდან იქმნება ლამაზი გამოსახულება.

_ რამდენი ხანია, რაც აქსესუარების კეთება დაიწყეთ და რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს საქმიანობა თქვენი ცხოვრების მთავარ საქმედ გექციათ?

_ სამი წელია, რაც აქსესუარებს ვაკეთებ, თავიდან მხოლოდ საყურეებს ვაკეთებდი – გურიაში ყოფნისას ვიპოვე ძველი ნივთები, ტყავები, რომლისგანაც საყურეებს კეთება დავიწყე. თუმცა, მსგავს რაღაცებს ბავშვობიდან ვაკეთებდი, გადავახალისებდი ხოლმე ძველ ნივთებს, მაგრამ ეს მხოლოდ გასართობად იყო, ან მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის. 3 წლის წინ ამ ყველაფერს სხვა დატვირთვა მივეცი – შევქმენი საკუთარი გვერდი და ჩემი ნამუშევრების სხვებისათვის გაზიარება დავიწყე. ვერ ვიტყვი, რომ თავიდან დიდი დაინტერესება იყო, თუმცა, პატარა ყურადღებაც იმდენს ნიშნავდა ჩემთვის, რომ თავი არ დამინებებია ჩემი საქმიანობისათვის და ასე ნელ-ნელა გაიზარდა De Aure.

ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი , თუ აღვნიშნავ, რომ ყველანი ძალიან ცოტა ხანს ვცხოვრობთ და ჩვენი ცხოვრების განმავლობაში უნდა ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს – შეიძლება ბევრისთვის ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მე მართლა ასე ვფიქრობ.  როცა ვჯდები და ვიწყებ მუშაობას, ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან ვაკეთებ ზუსტად იმას, რაც მაბედნიერებს. როცა ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი ნაშრომი მოსწონთ, ეს კიდევ უფრო დიდი მოტივაციას მაძლევს, რომ მეტი შევმატო ჩემს გვერდსაც. შემიძლია, ვთქვა, რომ   ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე დღეს არის De Aure .

_ როდიდან და როგორ იქცა თქვენი გატაცება ბიზნესად?

_ გატაცება ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო და ბიზნესად სამი წლის წინ, ფეისბუქ გვერდის  გაკეთებისას იქცა. ნელ-ნელა ვიზრდებით, წინ მივდივართ და იმედია, ეს ტემპი შეგვინარჩუნდება მომავალშიც.

 _ როგორია მომხამრებელების დაინტერესება ?

_ ეს არის ჩემი საქმიანობის ყველაზე დადებითი ნაწილი – ყველა მესიჯს ვინახავ, რომელშიც კომპლიმენტებს მწერენ. მოკლე, პატარა რეპლიკებსაც კი ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ცალკე საქაღალდე მაქვს შექმნილი, სადაც კმაყოფილი მომხმარებლების წერილებია თავმოყრილი.

_ რა თემატიკის აქსესუარებს ქმნით და რა არის ინსპირაცია ?

_ თავიდან მხოლოდ საყურეებს ვაკეთებდი, შემდეგ დაემატა ჩანთები, თმის სამაგრები, სამაჯურები, გულსაბნევები – ყველაზე  მეტად გულსაბნევების კეთება მომწონს, ეს არის აქსესუარი, რომელშიც აბსოლუტურად თავისუფალი ხარ – თავად შეგიძლია შეარჩიო, თემატიკა, ფორმა, ფერები.

_ რომელი აქსესუარები სარგებლობს ყველაზე დიდი მოწონებით და რით ხსნით კონკრეტული მათგანის პოპულარობას?

_ ყველაზე დიდი პოპულარობით საქართველოს რუკის ფორმის გულსაბნევები სარგებლობს. ამ სამკაულის ინსპირაცია ჩვენი ქვეყნის სამწუხარო მდგომარეობა იყო – მეც ჩემი საქმიანობით, ჩემებურად გავაპროტესტე ოკუპაცია. ადამიანები, რომლებიც ამ გულსაბნევს ატარებენ, თითქოს თავიანთ  დამოკიდებულებას გამოხატავენ. „ატარე შენი საქართველო გულით“ – ესაა ერთადერთი ახსნა.

_ არის რაიმე, რის გამოხატვაც გსურთ და ამისათვის თქვენს შემოქმედებას იყენებთ?

_ მსურს, რომ ვიყო ინდივიდუალური და ეს ჩემს ნამუშევრებშიც ჩანდეს, თითოეული ნამუშევარი ძალიან დიდი ფიქრისა და შრომის შედეგად იქმნება. ყველა დეტალზე ძალიან დიდხანს ვმუშაობ. ყოფილა შემთხვევა, როცა ფერი ან თვალი არ მომწონებია და დამიშლია ნაკეთობა, ხელახლა დამიწყია მზადება.  როცა ადამიანები ატარებენ ჩემს აქსესუარებს, ისინიც უნდა ხვდებოდნენ, რა შრომა დევს ამ ყველაფერში და მათთვისაც განსაკუთრებული იყოს ნაკეთობა. მინდა, რომ მათაც თავი განსაკუთრებულად ვაგრძნობინო.

_ რა მასალებით მუშაობთ და ზოგადად, როგორია შექმნის პროცესი ?

_ ჩემს სამუშაო მაგიდაზე მუდმივი არეულობაა – ესეც ჩემი ჩვევის ნაწილია, მგონია, რომ დალაგებულზე ვერაფერს ვპოულობ. როცა ახალ აქსესუარს ვაკეთებ სათითაოდ ვიღებ ყველაფერს, ყველაფერი უნდა მოვარგო, რომ მოვიფიქრო, რა და როგორ მოუხდება.  შესაბამისად, მუდმივი ქაოსი ჩემი სამუშაოს ნაწილად იქცა.

_ როგორც ვიცი, უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებებს სწავლობდით.  რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, ხომ არ ხედავთ საკუთარ თავს სხვაგან, მაგალითად, ჟურნალისტიკაში ?

_ მინდა, რომ მომავალში უფრო ბევრი და ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზო მომხმარებელს, რომელთა რიცხვის გაზრდაც მინდა. ვგზავნი შეკვეთებს საზღვარგარეთაც და როგორც წესი, უცხოეთიდან ყოველთვის დიდი შეკვეთები მაქვს. მაგრამ მინდა, რომ კიდევ უფრო გავზარდო ჩემი ბრენდის ცნობადობა. სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავს ჟურნალისტიკაში ვერ ვხედავ. ახლა იტალიურს ვეუფლები და მინდა, რომ ეს ენა უკეთ შევისწავლო. დანარჩენს კი, რა და როგორ იქნება, დრო გვიჩვენებს.

 

 

 

ავტორი: თამუნა ზარანდია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.