ქართული ჩუქურთმის ოსტატი, რომლის ნამუშევრებიც მსოფლიოს პრეზიდენტების კოლექციაში ინახება

ხეზე კვეთა, ანუ ხის მხატვრული დამუშავება მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ხელოვნებაა. ამის შესახებ ძველ აღთქმაშიც კი არის საუბარი. საქართველოში ხის დამუშავების უძველესი ტრადიცია არსებობს. სამწუხაროდ, ხის მხატვრული დამუშავება თანამედროვე საქართველოში არცთუ ისე პოპულარულია და თითქოს დავიწყებას ეძლევა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებული და მომავალ თაობებსაც ზრდიან. სწორედ ასეთი ადამიანი გვინდა გაგაცნოთ დღეს, მხატვარი გია ალუღიშვილი, რომლის დევიზია: სამყარო გვაძლევს ენერგიას, ძალას, შთაგონებას და ჩვენ ვქმნით ხელოვნებასო.  

–  წარმოშობით  ქიზიყიდან, დედოფლისწყაროდან ვარ, სოფელ ანაგიდან. ‘’ალუხი“ ძელქვა ხეა, ძვირფასი ჯიში, რომელსაც ჩემი წინაპრები ამუშავებდნენ, რის გამოც თავიანთ თავს ალუხიშვილებს უწოდებდნენ, თუმცა, დროთა განმავლობაში ხ  გადაკეთდა ღ – დ და ასე გავხდით ალუღიშვილები. დიმიტრი ალუღიშვილი იყო ჩემი პაპა, მან მირზაანში იპოვა ნიკალა. იმხანად ის  მეცხვარე იყო, თბილისში ჩამოიყვანა  და აჩუქა ღვინის და რძის წერტილი,  რომელიც  შემდგომში ნიკალამ გაყიდა და ამ ფულით  ვარდები უყიდა აქტრისა მარგარიტას. ფიროსმანს ჩემი ბებია, ლამარა ალუღიშვილი შლიაპითა და ბუშტით ჰყავს დახატული (საუბარია ფიროსმანის ნახატზე ‘’გოგონა საჰაერო ბუშტით’’).  ბებია მისი ნათლული იყო და სულ იხსენებდა: ასეთი მხატვარი გვყავდა სანათესაოში, დამხატაო და მეც სულ მსგავს ისტორიებზე ვიზრდებოდი. ვცდილობ, წინაპართა კვალს გავყვე, დღეს ცოტა მივიწყებულია ხეზე მუშაობა და მინდა  ეს ეროვნული ტრადიცია ავაღორძინო.

–     როგორ ფიქრობთ, რატომ მიეცა მივიწყებას?   

–   სიმართლე გითხრათ, ვერ ამიხსნია, ამიტომ მე თვითონ ვცდილობ, რომ ქართული ორნამენტი არ დაიკარგოს და თაობებს გადავცე. უკვე დიდი ხანია საპატრიარქოს სკოლა – პანსიონში საინგილოდან, ჰერეთიდან, ფერეიდნიდან, მაღალმთიანი აჭარიდან  ჩამოსულ ბავშვებს, პატრიარქის კურთხევით, ქართულ ჩუქურთმას ვასწავლი.  მე თავად დღემდე ვსწავლობ  და დღემდე ძიებაში ვარ. იცით ქართული ორნამენტი სინატიფით, სისადავით, უბრალოებით, დახვეწილობით,  პლასტიკითა და სითბოთი გამოირჩევა სხვა ორნამენტებისგან.  ვაზის, ფრინველის, ცხოველის სტილიზებული გამოსახულება ქართულ ორნამენტში მრავლისმთქმელია. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით ჩვენი ქართულის დაფასება. ჩვენ ვიცით ეკლესია-მონასტრების ნგრევა, ერთმანეთის ჭამა და კარგი სადღეგრძელოები.  უცხოელებმა  კარგის დანახვა იციან და იმიტომ გააქვთ ჩვენი ქვეყნიდან ყველაფერი საუკეთესო. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ასეა.

–   გია, უამრავი ნამუშევრის ავტორი ხართ, სამების ტახტიც თქვენი გაკეთებულია…

–   მშრალ ხიდზე ნამუშევრები მქონდა გამოფენილი, ხმა გავარდა: უწმიდესი მობრძანდებაო. კუთხეში მივიმალე. წასვლისას უცებ შეჩერდა, უკან დაიხია და ჩემს ნამუშევრებთან გაჩერდა. იკითხა: ვისი ნამუშევარიაო. დამიძახეს, დიდი მოწიწებით მივედი. მითხრა: მე ამის ფასი ვიცი და საპატრიარქოში მობრძანდითო. მივედი და პატრიარქის სავარძლის მაკეტიც მივუტანე, რომელიც, შემდგომში, მე, ჩემმა სიმამრმა და დიპლომანტებმა ერთად გავაკეთეთ. სანამ სამება აშენდებოდა, მანამდე, სვეტიცხოველში იდგა ეს სავარძელი.

–  როგორც ვიცი, სხვა საეკლესიო ინვენტარზეც მუშაობთ, ხატის კიოტებზე, ჯვრებზე, რომლებიც ძალიან ბევრ ეკლესიაში ინახება…

სანამ საეკლესიო ინვენტარს გავაკეთებდი, ლევან მეტრეველის სახელოსნოში ზარებს ვასხამდით ძველი, მამაპაპური წესით. ჩემი მუშაობის პერიოდში 600-მდე ზარი გვაქვს ჩამოსხმული და საქართველოს ბევრ კუთხეში, ეკლესიებში კიდია. შემდეგ გადავედი ხის ინვენტარზე, ესენია: ტაძრის ჯვრები, კიოტები, ანალოგიები, მეუფეთა სავარძლები და ასე შემდეგ. ერთ საინტერესო ისტორიასაც მოგიყვები: ლაგოდეხში არის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც ყაზანის ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული. თუნუქზეა დაწერილი, რომელიც დაჭმუჭნულია. როდესაც ვიკითხე ისტორია, ასეთი საოცარი რამ მითხრეს: საქართველოში ბოლშევიკები რომ შემოვიდნენ, ვიღაცას ხატი დაუხვევია და ღუმელის მილად  გამოუყენებია. იმ მომენტში ხატს კვნესა დაუწყია, იმ კაცს კი მეტყველება წართმევია და გული წასვლია. ამის შემდეგ ეს ხატი დაუმალავთ და მოგვიანებით გამოუჩენიათ. ჩვენ რესტავრაცია გავუკეთეთ, პერანგი ტიხრული მინანქრით შევმოსეთ, ქართული ორნამენტიც შევიტანეთ, კიოტიც გავუკეთეთ. მამა დავითის ეკლესიაში ხატების კიოტების დიდი ნაწილი ჩემი გაკეთებულია, ასევე, სამებაში, ღირს არსის სასწაულმოქმედი ხატის კიოტი და კიდევ ძალიან ბევრი. მიხარია, რომ ამ ყველაფერზე მისი უწმიდესობისგან მაქვს კურთხევა. არასდროს ვიმეორებ ნამუშევარს.

–   სამკაულებსა და სათამაშოებზე რას გვეტყვით?

– სამკაულების კეთება რომ დავიწყე, ეს ჩემი შვილის დამსახურებაა, სათამაშოები კი შვილიშვილის.  სამკაულები ძვირფასი ხეებისგან მზადდება: ბზა, კაკალი, ნეკერჩხალი, რომელთა შიგნით მთელი სამყაროა. ბუნებრივ ქვებსაც ვიყენებ, კლდეებზე მონატეხს, დაუმუშავებელს, ასევე, ძვირფას ქვებსაც. ბუნებრივი ხის სათამაშოებიც დავამზადე – ცხოველები, ზღაპრის გმირები. კახური კომბლე გავაკეთეთ კომბლითა და ცხვრებით. მერე გადავედი მანქანებზე, თვითმფრინავებზე. აქედან გაჩნდა იდეა, რომ ქართული ზღაპრის გმირები ხეში გავაცოცხლო, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება. მინდა, სათამაშოების პატარა ქართული საწარმო გავაკეთო.  ვნახოთ, რა იქნება.

– მსოფლიოს ბევრი პრეზიდენტის კაბინეტებში ჰკიდია თქვენი ნამუშევრები. როგორ აღმოჩნდნენ ისინი იქ?

–  როდესაც ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტი იყო, იმ დროს არსებობდა პრეზიდენტის ფონდი, სადაც მიჰქონდათ ჩემი ნამუშევრები და პირად შეხვედრებზე ასაჩუქრებდნენ პრეზიდენტებს, სტუმრებს. ყველა მათგანს ვერ გავიხსენებ, დაახლოებით 100-მდე საჩუქარი მაქვს შექმნილი…  ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი იყო საქართველოში ჩამოსული და  მას გადასცა პრეზიდენტმა ჩემი ნამუშევარი – „იავნანა“. მოგვიანებით ტელევიზორში ვნახე მასზე დოკუმენტური ფილმი. კედელზე ეკიდა ჩემი „იავნანა” და ამბობდა: საქართველოში მაჩუქესო. ძალიან ბევრი ნამუშევარია, ასევე, კერძო კოლექციებში.

–   გია, ახლაც დიდ შეკვეთაზე მუშაობთ. აკეთებთ ქართულ შირმას, რომელსაც ამერიკაში წაიღებენ. როგორ დაგიკავშირდათ ეს პიროვნება?

– სექტემბერში, სოციალური ქსელით დამიკავშირდა ერთი ქალბატონი, ნინო ფიროსმანაშვილი, რომელიც ამერიკის საელჩოში მუშაობს თარჯიმნად და მომწერა, რომ ჩემს უფროსს, ქალბატონ ვენდის სურს თქვენთან შეხვედრა და გასაუბრებაო. თურმე ფეისბუქზე  ჩემი ნამუშევრები უნახავს და ძალიან მოწონებია. მე, რა თქმა  უნდა, დავთანხმდი და ჩემს სახელოსნოში შეხვედრა დავნიშნეთ.  იმ პერიოდში, წინანდალში,  სიმფონიური მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობდა და იქიდან პირდაპირ  ჩემთან მოვიდნენ სახელოსნოში. დაღლილები ჩანდნენ.  ქალბატონმა ვენდიმ პირდაპირ მითხრა, რომ შეყვარებული ვარ  საქართველოზე, ქართულ კულტურაზე და აქედან რომ წავალ ამერიკაში არ მინდა პატარა სუვენირის წაღება, რამე ისეთი მინდა წავიღო სახლში, რომ დავდგა და საქართველო გამახსენოსო. წინანდალში შირმა უნახავს და მკითხა შირმას თუ გამიკეთებო. ცოტა არ იყოს შევკრთი. შირმა მე ბატიკასთან ერთად წარმომედგინა, მაგრამ მან მითხრა,  რომ მხოლოდ  ხეში მინდა იყოს ამოკვეთილი ქართული  სცენები და ორნამენტებიო. მე გამეხარდა, რადგანაც ეს ჩემს სტილს ესადაგებოდა. იმ დღეს ჩემთან დაათვალიერა ჩემი და ჩემი ოჯახის შემოქმედება და წასვლის წინ მითხრა – წინანდლიდან მგზავრობითა და ემოციებით დაღლილი მოვედითო და ახლა, სრულიად დასვენებული მივდივარ თქვენგანო. მას შემდეგ ერთი თვე ვიმუშავე ესკიზებზე. ოთხი ვარიანტი გავაკეთე და ბოლოს საუკეთესოზე შევჩერდით.  მოკლედ, 12 ოქტომბერს დავიწყე მუშაობა კაკლის მასალაში. დღე და ღამეს ვასწორებ, მინდა მთელი ჩემი ძალა და ემოცია ჩავდო ამ ნამუშევარში, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო დარჩა, ზაფხულამდე თუ დავამთავრე კვეთა კარგი იქნება.

–    ალბათ, ძნელია როცა სულს და გულს დებ ნივთში და ის სხვას მიაქვს…

–  ძალიან მენანება ჩემი ნამუშევრების გასხვისება,  მაგრამ რას ვიზამ. არსებობა ხომ გინდა.  უმეტესობა გაჩუქებული მაქვს. ხშირად სიზმარში ვნახულობ ჩემს ნამუშევრებს, მელაპარაკებიან,  ველაპარაკები და ვართ ასე.

– საუბრის დასასრულს ცოტა რამ თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ…

–    ჩემი ოჯახი სავსეა მხატვრებით. გვაქს დიდი  ბინა – სახელოსნო. ყველა იქ ვმუშაობთ  და არის დიდი საგიჟეთი, ამ სიტყვის  კარგი გაგებით.  ჩემს შვილს, დეიკოს   ნიუ – იორკში, ჩელსიზე,  პერსონალური გამოფენა ჰქონდა მეუღლესთან  ერთად. ახლა  ჩემი უმცროსი ქალიშვილი ანუკი გამიბედნიერდა. მყავს ორი ულამაზესი შვილიშვილი იოანე და კატო.  ბედნიერი ვარ,  მაგრამ ჩემი ქვეყნის მშვიდობა და კეთილდღეობა მწყურია. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება,  უფალი არ გაგვწირავს!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.