”დუშაშა ის ცხვარია, თუ გაცხარდა, ცხარი რომ ხდება”

ზოოპარკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ დღეს დუშაშა გაგვაცნოს.
”დუშაშა ის ცხვარია, თუ გაცხარდა, ცხარი რომ ხდება. ხშირად მოისმენთ დამთვალიერებლების ქილიკს, უიმე, ჩვეულებრივი ცხვარი ჰყავთ ზოოპარკშიო. ჰო, ოქროსმატყლიანი არაა. მართლაც ჩვეულებრივი ცხვარია, ოღონდ – არაჩვეულებრივი ისტორიით.

უცნაურად მოხვდა ჩვენთან. დომინოს ტურნირში მოიგო ვიღაცამ, დაკვლა დაენანა და ზოოპარკში მოგვიყვანა. გვერდზე ”დუშაში” ჰქონდა მიხატული, როგორც დომინოს პრიზს და ეს სახელიც ამიტომ დაერქვა. ფოტოც იმდროინდელია.

დიდი მჩაგვრელი ვინმეა. ადრე ფაფრიანი ცხვრების ვოლიერში ცხოვრობდა და აწიოკებდა მეზობლებს. არც ვეტექიმებს აძლევდა მუშაობის საშუალებას. ამის გამო გადაასახლეს და კამერუნის თხების ვოლიერში მიაბრძანეს. იქაც მალევე დაამყარა დიქტატურა. ისე დააშინა საწყლები, საახალწლო ჩიჩილაკები რომ შევუტანეთ გასართობად და გასაპუწად, გულგახეთქილმა თხებმა იფიქრეს, შარში ვართ ხალხო, ეს ხუჭუჭები უეჭველი დუშაშას მეგობრები იქნებიანო და სათოფეზე არ მიჰკარებიან საჩუქრებს.

არადა, რომ გაკრეჭ, ერთი გაწრიპული ცხვარია. ზედ აღარავინ უყურებს და ადვილადაც ჩაგრავენ ტიტველს. მოეზრდება ბეწვი და ეწყება განდიდების მანია – გაფუვდება, გაიბღინძება და ძრწოდეთ და გეშინოდეთ, მე ვარ და ჩემი მატყლიო, დააბიჯებს გაყოყოჩებული. დაპატარავდებიან საბრალო მეზობლები. დაიჯერებენ დუშაშას ძლევამოსილებას და უვლიან გვერდს რიდითა და კრძალვით…”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.