ოლიმპიური ჩემპიონი ოთხი საათით – ბევრს, ძალიან ბევრს არ უხარია ქართველთა წარმატება…
სახელოვან და გამოჩენილ ქართველ ფალავანს, საქართველოს რვაგზის, საბჭოთა კავშირის ხუთგზის, ევროპის ორგზის, ხალხთა სპარტაკიადის ორგზის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს და მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელს შოთა ლომიძეს დღეს, 20 იანვარს, 84 წელი შეუსრულდებოდა.
“ხალიჩის მიღმა გათამაშებული ფარსი
შოთა ლომიძის სპორტული ბიოგრაფია დახუნძლულია წარმატებებით, მაგრამ დღეს მკითხველს გვინდა მოვუთხროთ მის კარიერაში ერთ ძალზე სერიოზულ, თამამად შეიძლება ითქვას, კურიოზულ ამბავზე, რამაც სინანულის გაუნელებელი კვალი დატოვა არა მხოლოდ პირადად მის, არამედ ქართული სპორტის ისტორიაში.
1968 წელი, მეხიკოს ოლიმპიადა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ფინალში ოთხნი გავიდნენ: ქართველი ლომიძე, თურქი აიკი, მონღოლი ბაინმუხტი და უნგრელი ჩატარი.
შოთასა და აიკის შეხვედრა ფრედ დამთავრდა. ახლა ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ იბრძოლებდნენ ისინი მონღოლისა და უნგრელის წინააღმდეგ. მონღოლს ორივემ წმინდად მოუგო, თუ ბაინმუხტის ბეჭებზე გასაკრავად შოთას დიდი ჯაფა დასჭირდა, აიკმა ეს საკმაოდ იოლად შეძლო.
აი, რას წერდა გაზეთ “ლელოში” ამ ორთაბრძოლის თვითმხილველი, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ნოდარ გუგუშვილი: “სავსებით მშვიდ, “უკონფლიქტო” სიტუაციაში, ბოიანმუხტი მონუსხულივით დაასკდა ხალიჩას. რა იყო ეს? შოკი თუ უსიტყვო კაპიტულაცია? აიკს ამ “უძნელეს” ბრძოლაში წმინდა მოგების ფიქისრება დასჭირდა მხოლოდ. ერთი წუთითაც არ შეგვპარვია ეჭვი, რომ ეს იყო ძალზე ცუდად დადგმული “სპექტაკლი”.
ამის შემდეგ, აიკი და შოთა უნგრელს დაეჭიდნენ. შოთამ იგი ქულებით დაამარცხა, ხოლო აიკი ფრეს დასჯერდა.
თანაგუნდელებმა შოთას ოლიმპიადაზე გამარჯვება მიულოცეს!
გავიდა ერთი საათი, ორი, სამი… ქვემძიმე წონის მოჭიდავეებს კი კვარცხლბეკზე ასასვლელად არ უხმობენ. რა იცოდა ქართველმა ფალავანმა, მის ზურგს უკან როგორი ფარსი თამაშდებოდა. თურქეთის გუნდის ხელმძღვანელობამ ოლიმპიადის მსაჯთა კოლეგიაში საჩივარი შეიტანა, – აიკსა და უნგრელ ჩატარს შორის “ფრე” არასწორად დაფიქსირდაო: მსაჯებს უნგრელისთვის მესამე გაფრთხილებაც უნდა მიეცათ (იგი პასიური ჭიდაობისთვის ორჯერ გააფრთხილეს) და შეჯიბრიდან მოეხსნათო.
სამწუხაროდ, მსაჯთა კოლეგია დაჰყვა თურქების ნებას. ჩატარს ორთაბრძოლის დამთავრებიდან ოთხი საათის შემდეგ(!) მესამე გაფრთხილება მისცეს და აიკს.. წმინდა გამარჯვება მიაკუთვნეს. ვერდიქტმაც არ დაახანა: რაკი აიკმა გადამწყვეტ შეხვედრებში ორი წმინდა გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ლომიძემ ერთი შეხვედრა წმნდად მოიგო და ერთიც – ქულებით, თურქს ოქროს მედალი მიეკუთვნოს, ქართველს კი – ვერცხლისო.
სამწუხაროდ, ეს თვალთმაქცობა საბჭოთა გუნდის ხელმძღვანელობამ რეაგირების გარეშე დატოვა. ითქვა, საჩივრის შესატანი ვალუტა არ გაგვაჩნიაო! რაც შეეხება უნგრელებს, მათთვის არავითარი მნიშვნელობა ჰქონდა ჩატარისა და აიკის შეხვედრაში როგორი შედეგი დაფიქსირდებოდა. უნგრელი ყველა შემთხვევაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ხდებოდა.
შოთა ლომიძე მეხიკოს ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ვერცხლის მედლით დაბრუნდა. გარეგნულად, გადატანილი უსამართლობის გამო, რაიმე წუხილი არც ეტყობოდა, ხუმრობდა კიდეც, ოთხი საათის განმავლობაში ხომ ვიყავი ოლიმპიური ჩემპიონი, ესეც კარგი საქმეაო…
ხუმრობდა, მაგრამ, ვფიქრობ, პირველი ბზარი მის გულს სწორედ მაშინ გაუჩნდა.
აი, რა განაცხადა ერთ – ერთ ინტერვიუში ცნობილმა მწვრთნელმა ალექსანდრ დიაკინმა: “მექსიკის ოლიმპიადაზე ჩვენმა მოჭიდავეებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ გურევიჩი და მედვედი.. მიმაჩნია, რომ შოთა ლომიძეც პირველი იყო. მსაჯთა კოლეგიის არაობიექტურმა გადაწყვეტილებამ დააკარგვინა ჩვენს ლიდერს ჩემპიონობა. ქართველი ფალავანი არა მარტო დიდი სპორტსმენია, არამედ დიდი ადამიანიც არის. იგი შეუცვლელია ჩვენს გუნდში. სპორტისა და თანაგუნდელებისადმი ერთგულებით ყველასათვის მისაბაძია. მართალია, უკვე ვეტერანად ითვლება, მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლია სიმაღლეთა დალაშქვრა. ღიმილიანი, თავმდაბალი, უკომპლექსო ვაჟკაცია, ასეთები ჭიდაობიდან უკვალოდ არ მიდიან, შოთა უცილობლად გახდება მსოფლიოში უძლიერესი”.
მეხიკოს XX ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოდან 14 სპორტსმენი მონაწილეობდა. მათგან ექვსმა საპრიზო ადგილი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ მძლეოსანი ვიქტორ სანაევი და კლასიკური სტილის მოჭიდავე რომან რურუა. ვერცხლის მედალი კი შოთა ლომიძის გარდა, ძალოსანმა დიტო შანიძემაც მოიპოვა. მეხიკოდან სამშობლოში დაბრუნებულ შოთა ლომიძეს გულშემატკივრებმა გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს, ვერცხლის მედლის მოპოვება დიდ მიღწევად ჩაუთვალეს, მაგრამ ისიც უთხრეს, – ოქრო გვერჩიაო.
განსაკუთრებულად ამაღელვებელი გამოდგა შეხვედრა ლილოს მევენახეობა-მებაღეობის საბჭოთა მეურნეობის იმ ბრიგადის წევრებთან, რომელსაც აგრონომი ლომიძე უკვე ორი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. შოთას “ბრიგადირობამ”, ალბათ, გაგაკვირვათ, მაგრამ ამის ახსნა საკმაოდ იოლია. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემედგ, შოთა ლომიძე ამ მეურნეობაში განაწესეს ბრიგადირად და ხელფასიც დაუნიშნეს.
ლილოს მეურნეობაში წლების მანძილზე შოთას მუშაობა, რა თქმა უნდა, ფიქცია იყო და იქ მხოლოდ ხელფასის ასაღებად მიდიოდა. ამგვარი “ბრიგადირობა” ოჯახის შენახვის საშუალებას აძლევდა.
მეხიკოდან დაბრუნებულმა, კარგა ხნის ფიქრისა და განსჯის შემდეგ განაცხადა, – დიდი სპორტიდან მივდივარ და დღეიდან ლილოს მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის ბრიგადის ნამდვილი ბრიგადირი ვარო! აი, რატომ იყო ასე გამორჩეული ლილოელებთან მისი შეხვედრა.
ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პირველსავე შეხვედრაზე ვკითხე, – ხომ არ აჩქარდი, იქნებ ერთხელ კიდევ სცადო-მეთქი. მან თავი გაიქნია და მიპასუხა, ოცდაათ წელს გადავცილდი (მაშინ იგი 32 წლის იყო), ორი შვილის მამასა და დიდი ოჯახის პატრონს, სადაც ჩემი ყურადღება ყველას სჭირდება, გარე-გარე სიარულისთვის აღარ მცალია.. დავიღალე კიდეც, დღეში ორჯერ ვარჯიში, გამუდმებული შეკრებები, მოგზაურობა ერთი ქალაქიდან მეორეში.. და კიდევ: ბევრი კეთილი ადამიანია ჩემ გვერდით, მაგრამ ისეთებიც არიან, შენი წარმატება რომ შურთ, ისეთ დროს გიგანებენ, ყველაზე მეტად რომ გჭირდება თანადგომა.. განა ისეთი ღარიბია საბჭოთა კავშირი, რომ მეხიკოში პროტესტისთვის საჭირო ფულის შეტანა გაუჭირდათ?! თურქებმა, რომ იტყვიან, ჩავლილი მატარებლის შემობრუნება მოახერხეს, უნგრელს შეხვედრის დამთავრების შემდეგ მიაღებინეს მესამე გაფრთხილება, ბრძოლა წმინდად წააგებინეს და ჩემი ოქროს მედალი აიკს დაჰკიდეს მკერდზე… ბევრს, ძალიან ბევრს არ უხარია ქართველთა წარმატება… ორი თავით მაღლა თუ არ დგახარ, ნაკრებს არ გაგაკარებენ.
მაშ ასე, შოთა ლომიძემ 1968 წლის მიწურულს საქვეყნოდ განაცხადა, – დიდი სპორტიდან მივდივარო და ლილოს მევენახეობა-მებაღეობის საბჭოთა მეურნეობაში ბრიგადირად დაიწყო მუშაობა. როგორც კარგი სპეციალისტი და შრომისმოყვარე კაცი, ძალიან მალე მეურნეობის დირექტორის მოადგილედ დააწინაურეს. ზის კაბინეტში შოთა, იძლევა განკარგულებებს, ატარებს თათბირებს, ადგენს გეგმებს როდის მოხნან, როდის დათესონ, როდის შეიტანონ ნიადაგში სასუქი. ერთი სიტყვით, არის ასეთ გაწამაწიაში, რომ უცებ მისი კაბინეტის კარი იღება, რა თქმა უნდა, პირადი მდივნის ნებართვის გარეშე და.. ოთახში ძია ვასო შემოდის. შოთა არ ელოდა ასეთ სტუმარს და ცოტა არ იყოს შეცბა. მწვრთნელმა, როგორც სჩვეოდა, შორიდან დაიწყო. გამოჰკითხა, როგორ მიდიოდა მეურნეობის საქმეები, რამდენ ჰექტარზე ჰქონდათ გაშენებული ვენახი, კიტრი, პამიდორი.. – უსაშველოდ დიდხანს გაგრძელდა იმდღევანდელი საუბარი, იგონებს შოთა, – ვგრძნობდი, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა, მაგრამ არ მეუბნებოდა, მხოლოდ წასვლის წინ შეცვალა ლაპარაკის ტონი და მკაცრად მითხრა, – ვენახის მოვლას კიდევ მოასწრებ, დღეს კი საქართველოსთვის მეტის მოტანა სპორტში შეგიძლიაო.
ნათქვამი განაჩენად მივიღე და მეორე დღეს დარბაზში მივაკითხე… ბრძენი მწვრთნელის ალღომ გაამართლა. ამის შემდეგ შოთამ კიდევ არაერთგზის განადიდა ქართული საჭიდაო სკოლის სახელი საამაყო წარმატებებით…
რაიმონდ მაჭავარიანი.
წიგნიდან ”ლომის გვარისა”.”