,,არც აქ ვითვლებით, იქაც ვაკლივართ – საქართველომ მაშინ ჩაიმუხლა, როცა ქალი საშოვარზე ემიგრაციაში გამოუშვა“

ეკა ოთარაშვილი 6 წელია ემიგრაციაში, იტალიაში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოსგან შორსაც ინარჩუნებს საყვარელი საქმის კეთების სურვილს. მიუხედავად მძიმე და რუტინული ყოველდღიური ყოფისა, პოულობს დროს ლექსებისა და მოთხრობების საწერად. 

მისი ნაწარმოებები რამდენიმე ქვეყნის ემიგრაციულ ჟურნალებში იბეჭდებოდა. თავად ავტორიც თვლის, რომ ემიგრაციამ მისი ცხოვრება და მსოფლმხედველობა შეცვალა – ახლა გაცილებით მეტი აქვს სათქმელი, მთავარია, ამისათვის დრო გამონახოს. უფრო სწორედ კი, „მოიპაროს საკუთარი გაყიდული დროის მცირე ნაწილი“.

რთული გზა საქართველოდან იტალიამდე და სამშობლოსაგან ათასობით კილომეტრით შორს ნაპოვნი ახალი მუზა – „ქართული კვირა“ ეკა ოთარაშვილს ესაუბრა:   

_ როგორ აღმოჩნდით ხელოვნების სამყაროში? – როგორც ვიცი, გარდა წერისა, ხელნაკეთ სამკაულებსაც ამზადებთ…

_ არ ვიცი, ხელოვნებაში რამდენად შევაბიჯე, მაგრამ ეს ძალიან უცნაურად დაიწყო.  ექვსი წლის ვიქნებოდი, როდესაც  ჟურნალის გარეკანზე ვნახე თამარ მეფის სურათი – თვლებით მოჭედილი გვირგვინით დამშვენებული. ავიღე პატარა, მოგრძო ფორმის ყაბაყი და ზედ ამოვჭერი მისი სახე. ძალიან სასაცილო ვიყავი. როგორც ჩანს, ბავშვობიდანვე მემჩნეოდა, რომ მეყვარებოდა ბუნებრივი ქვები და გვირგვინზე რომ ვერ გამოვსახე  ეს თვლები,  გული დამწყდა.  იდგა ფანჯრის რაფაზე ჩემი თამარ მეფე დღეების განმავლობაში და იწყებდა ჭკნობას და გაყვითლებას – დღესაც მახსოვს ის განცდა. დედამ ჩემგან შეუმჩნევლად გადააგდო უკვე სახედაკარგული ყაბაყი. შემდეგ ხის პატარა ნაჭრებისაგან თოჯინების კეთება დავიწყე – რაღაც მიხმობდა ამ სამყაროში. რაღაც, რისგანაც ბედნიერებას ვიღებდი.

მერე ქსოვა და ქარგვა მასწავლა დედამ. დავყრიდი უამრავი ფერის ძაფებს და რომ გეკითხათ, რა უნდა მომექსოვა, ვერაფერს გიპასუხებდით . ფერები თვითონ მეძახდნენ და მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ბედნიერი ვიყავი ფერთა სამყაროში. თითები რომ დამეღლებოდა, მაინც ვერ ვანებებდი თავს, იმდენად ვიყავი მოქცეული შიგნით და არ მინდოდა მოვარდნილი მუზის დაკარგვა. ხატვა არასოდეს მიცდია, მიუხედავად დიდი სურვილისა, რომელიც აქამდე მომყვა. ხატვის შეგრძნება გადამქონდა ქარგვისას. ქარგვაც, ქსოვასავით ,,თავისუფალი თემა“ იყო. აქედან მხოლოდ ორი მნიშვნელოვანი ნაქარგი შემრჩა, სადაც ასახულია მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება.  მეცვლებოდა გემოვნებაც და გამოხატვის ფორმაც. ვაკეთებდი ბუნებრივი ქვებისგან სამკაულებს. მარგალიტი, ძოწი, ფირუზი. ქარვა, ამეთვისტო და ბევრი საინტერესო ქვა იყო ჩემი მუზა.

_ როგორი იყო თქვენი ბავშვობა, საქართველოში ცხოვრების პერიოდი ?

_ ახლა რომ ვფიქრობ ჩემს ბავშვობაზე, მესახება სივრცე, სადაც მარტო მზე, სითბო, სიყვარული, სისუფთავე და გამჭირვალეობაა. სამი ძმიდან პირველი შვილი მე ვიყავი, სწორედ ჩემი მამისა და ბიძებისაგან ვისწავლე ერთგულება, ადამიანების დიდი სიყვარული, გულისხმიერება.

საქართველოში ცხოვრების პერიოდი  ჩემი სიცოცხლის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს. 25 წელი  ანესთეზიაში ვმუშაობდი –  იმაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს, როდესაც  კარგ სპეციალისტებთან ერთად დგახარ სიცოცხლის სადარაჯოზე და გამარჯვებულს უამრავი მადლიერი ადამიანი გელოდება გარეთ. ვერანაირი გასამრჯელო ვერ გადაწონის ამ გრძნობას. სინანულით ვხუმრობ, ის ეკა ოთარაშვილი იქ დამთავრდა, აქ მე მეორედ აღმოვცენდი თავიდან-მეთქი. იქ ჩემი ლამაზი ოჯახი, მეგობრები და ახლობლების ძალიან დიდი სამყარო დავტოვე.

_ რატომ მიიღეთ უცხოეთში წასვლის გადაწყვეტილება და რა სირთულეებთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული?

_ ბავშვობაში ერთხელ დედას ვკითხე, რატომ ამბობდნენ მარგალიტა ბებოზე ხშირად  ,,ბერძენი მოდის, ბერძენი გეძახისო“. დედამ მითხრა, სამუშაოს საძებნელად ჩამოვიდა საბერძნეთიდან, აქ დარჩა და ოჯახი შექმნა, ამიტომ ბერძენი შეარქვა სოფელმაო.  ამ პასუხით ბევრი ვერაფერი გავიგე და ასე უცნაურად დარჩა ჩემს  ბავშვურ მეხსიერებაში ბერძენი მარგალიტა. აღარც გამხსენებია უამრავი წელი, ვიდრე მე არ დავტოვე ჩემი ქვეყანა და  იტალიაში არ წავედი. რაც სხვაში გაოცებს, მოულოდნელად შენშიც იწყებს განვითარებას. უამრავი მიზეზი იყრის თავს ერთად და იღებ გადაწყვეტილებას,  ნებაყოფლობით დატოვო ყველა და ყველაფერი ანუ საკუთარ ცხოვრებაზე უარი თქვა.

,,ზოგჯერ აკეთებ შესაძლებელზე მეტს, რაც შენვე გითრევს ულმობელი საცეცებით და დაინახავ ბრბოს, რომელიც შენთვის დაცინვას არ დაიშურებს, იმ შენი თავგანწირვის გამო.“

სიძნელეები, ეს არის ერთი დიდი, ყელზე ასხმული რგოლები, რომელიც მთელ სხეულზე იწყებს დახვევას და ხელ-ფეხს გიკრავს. ამას ყველა ვერ უძლებს. ემიგრანტობას თავისი ხორკლიანი ხელით უჭირავს უამრავი ადამიანის ცხოვრების ფერებით აჭრელებული ფუნჯი და მხოლოდ მუქი საღებავებით  გიდღაბნის ყველა დღეს, რომლის პირველი და მთავარი მსხვერპლიც ფსიქიკაა.

_ მიუხედავად ყოველდღიური რუტინისა, ახერხებთ იყოთ აქტიური –  არ გიჭირთ დროის  განაწილება და განწყობის გამოძებნა ამ ყველაფრისათვის?

_ „მეორე მე“ აქტიურობს ამ დროს – არ გაძლევს მოდუნების უფლებას, რადგან დიდია ჩათრევის, ჩაყოლისა და დანებების შიში.  განწყობა შენი ეგოა, რომელიც შენი ბუნებიდან გამომდინარეობს. დრო უნდა გვქონდეს, რომ გადავანაწილოთ. არა, დრო არ გვაქვს. დროს ,,ვიპარავთ“ ,,გაყიდული“ დროდან  – ჩვენი სულიერებისთვის, რომელმაც უნდა გადაგვარჩინოს.

_ რაზე წერთ – რის თქმა და გაზიარება გინდათ მკითხველისათვის?

_ ემიგრანტული ცხოვრების ზეგავლენამ  ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა. შესაბამისად,  წერის მანერაც და თემატიკაც შეიცვალა. ამ ცხოვრებამ უამრავი მასალა მომცა, რაზეც უნდა წერო. ძებნა და ფანტაზია არ მჭირდება, თავზე საყრელადაა, მარტო დრო გამონახე და მოასწარი, რადგან ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტი და უარესია, რომ ახალი რეალობა მოაქციო ცარიელ, თეთრ ფურცლებზე, რომელიც შენი ისტორიის ნაწილი იქნება. მე ვგრძნობ ჩემს მკითხველს ჩემივე ნაწერებიდან. სათქმელი უამრავი მაქვს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, განვიცდი თითოეულ მათგანს თავისი ტკივილითა და  ოცნებით. ჩემი და მკითხველის ტანდემი, საბედნიეროდ, შედგა.

_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რომელ ქვეყანას უკავშირდება ის?

_ უთქვამთ, სამშობლო არის ღმერთი, რომელსაც უყვარხართ და რომელიც უნდა გიყვარდეთ. ჩემი გეგმები მხოლოდ ჩემს ქვეყანას უკავშირდება, რომლის სისრულეში მოყვანამ ცოტა  შორს გადაიწია. საქართველოში შექმნილი მდგომარეობა ბევრ ემიგრანტს უხშობს შინისკენ მისასვლელ გზას.

_ რა გენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოდან და რას ისურვებდით ჩვენი ქვეყნისათვის?

_ მეგობარს ვაცილებდით საქართველოში და თავისი წილი გადანახული ქართული მიწა გადაგვინაწილა ყველას და ხელისგულზე დაგვიყარა. არ დამავიწყდება ის განცდა. ხელის გულზე ცეცხლი მეკიდა მუჭში მოქცეული ჩემი მიწისა, მე მასში შევაღწიე, ეს საქართველო  იყო – ვოცნებობ სამშობლოსთან შეხვედრას, სისხლი  ტალღებად რომ დაგივლის და ფილტვებს რომ დაგიხეთქავს  ჟანგბადი. ხმა რომ აღარ დაგემორჩილება და თავისით გადაივლის ექოსთან ერთად  კავკასიონის ქედს. მენატრება ყველაფერი ქართული. ჩვენ ყველაფერი განსხვავებული გვცოდნია. ეს სტროფი ჩემი ლექსიდანაა, რომელიც ემიგრანტებს ეძღვნება:

           ,, საქართველო ხომ შორიაო,  შენ კი გინდოდა,

             მამულზე ხელის შევლება და ღვთის იყოს ნება,

            უდიდგვაროდაც დიდხარ ხარ, რომ აქედან შველი,

            დაღლილ სამშობლოს, დღესაც კი რომ ჯვარცმით ევნაბა

ამ ლექსით ვიწყებ ჩემს შემოქმედებით საღამოს, რომელიც 23 იანვარს  ალდო მოროს უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართება. საღამოს  იტალიურ-ქართული ასოციაცია, ბატონ ანჯელო ჩირონეს ხელმძღვანელობით მართავს,  შემოსული თანხა კი ,,სმენისა და მეტყველების სახლს თელავში“ გადაერიცხება.

რას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას?  –  დარჩა რაიმე საკითხი რის ნატვრაც არ გვაქვს? სამწუხაროდ არა. საქართველო შეგვინახეთ.  ნუ დავივიწყებთ,  ათასობით ქარიშხლებით ვარ აქამდე მუსული და ჩვენი ისტორია ბევრს გვასწავლის და გვიყვება. სადმე გინახავთ ძლიერი  დათითოკაცებული ქვეყანა? –  საქართველომ მაშინ ჩაიმუხლა, როცა ქალი საშოვარზე ემიგრაციაში გამოუშვა. ქართლის დედამ დანიშნულება დაკარგა დღევანდელ საქართველოში.

_ რომ გქონდეთ გადაწყვეტილების ხელახლა მიღების შანსი – გაივლიდით იმავე გზას? არის რამე, რასაც ნანობთ ?

_ ადამიანი მოვლენებს სხვადასხვა კუთხიდან უყურებს. ყველას თავისი ხედვა და შეფასება აქვს, აზროვნებიდან გამომდინარე.  გეტყვით, ძნელია, ხელახლა მოგინდეს საკუთარ ქვეყანაზე, ცხოვრებაზე, ოჯახზე  უარის თქმა  და ხელახლა გაიარო იგივე ,,ეკლიანი“ გზა. ვიცოდი, რომ არ ვინანებდი. ეს გადაწყვეტილება, აუცილებლობამ მიმაღებინა. აუცილებლობა კი სინანულს გამორიცხავს, ჩემთვის ასეა.

აღვნიშნავ, რომ ეს გზა, ჩემთვის აუცილებელიც კი ყოფილა, როგორც  შემოქმედებითად, ისევე  პიროვნულად. ამ ყველაფერმა  ბევრი უცხო, დაგმანული კარი შემახსნევინა  საკუთარ სამყაროში. რაც მეტს იცხოვრებ რთული გზებით, მეტად იზრდები ადამიანი. რა თქმა უნდა, თუ სწორად და მართებულად გაიარე. ასე რომ, არაფერს ვნანობ. თუმცა ეს არ გამორიცხავს ტკივილს.

_ რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს ცხოვრობენ ან აპირებენ ემიგრაციაში წასვლას?

_ სამშობლოდან შორს წასულ ქართველს, შევბედავ და ვეტყვი, არასოდეს დაივიწყოს თავისი სამშობლო, ენა და სარწმუნოება. არ დაუთმოს შვილები სხვა ქვეყნას, მის ტრადიციებსა და არაქართულ აზროვნებას. ქართველი ბოლომდე ვერ  იქართველებს უსაქართველოდ. ქვევრში ჩასხმული ღვინოსავით პკეს მოიგდებს და სათუთად თუ არ მოხადე, ღვინოში გაერევა და სხვა გემოს მისცემს.  მე მაქვს ასეთი ფრაზა ,,არც აქ ვითვლებით, იქაც ვაკლივართ“. ჩვენ არსად არ ვართ –  ეს სამწუხარო რეალობაა.

ყველაფერი გააკეთეთ და იღონეთ იმისთვის, რომ არ მიატოვოთ თქვენი სამშობლო. რაც არ უნდა ეცადო და დამკვიდრდე, აქ შენ არავინ და არავისი ხარ,  აქ შენი არავინაა, რადგან ფესვები იქ გიდგას, საქართველოში. ამ უდიდეს ევროპაში ჩვენთვის  სივრცე იმდენად პატარაა, რომ სუნთქვა გვიჭირს.  ქართველმა არწივივით თუ არ გაშალა, ფრთები და არ იფრინააა

   ედგათ განთიადებს, წყლის დიდი ჭურჭელი მღვრიეც და კამაკამაც,

   ჭერის ანგელოზი, ფუძის ანგელოზი, სახლით ცარიელი,

   ქართველი, თავისი სამშობლოს პატრონი რკინას კვნეტს სხვისა კარს,

   კალთა ჩამოშლილი, დედა ისტორია უკაცრიელი…

 

ავტორი: თამუნა ზარანდია 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.