დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ადამიანებისთვის.
‘’ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს?’’- კირილე იერუსალიმელი.
ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.