ინდოელების ზურგზე შესრულებული ქართული ცეკვა და ქართული ცეკვის ჯადოქარი

1968 წლამდე ‘’ლა სკალაში’’ არც ერთი ერის ფოლკლორულ დასს ფეხი არ დაუდგამს. პირველი ხალხური ცეკვა, რომელიც მილანის საოპერო თეატრის სცენაზე შესრულდა ‘’ფარცა’’ იყო. ქართველმა მოცეკვავეებმა ‘’ლა სკალას’’ თითქმის 200 წლიანი ტრადიცია დაარღვიეს. 2 საათიანი პროგრამის დასრულების შემდეგ ოვაციების არ წყდებოდა, მისი თანხლებით ფარდა 14- ჯერ აიწია.ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ენრიკო კარუზოს რეკორდი მოხსნა. ის ბისზე მხოლოდ 11- ჯერ გამოიწვიეს.

ანსამბლმა მსოფლიო დაიპყრო. მათ სანახავად ხალხი ყველაფერზე მიდიოდა. ინდოეთში სცენა რომ ჩაინგრა მაყურებელი წამოიშალა დარბაზიდან და კონცერტი რომ არ ჩაშლილიყო  სცენას შეუდგა და მეორე განყოფილება ამ ინდოელების ზურგზე იცეკვეს მოცეკვავეებმა. დასი რომელიც მსოფლიომ აღიარა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის შექმნილი იყო.

დღეს ქართული ცეკვის ჯადოქარის – ნინო რამიშვილის დაბადების დღეა.

ნინოს ცეკვა პატარაობიდან უყვარდა, ამიტომ ის მშობლებმა იტალიელი მარია პერინის საბალეტო სტუდიაში შეიყვანეს. ნინომ საბალეტო სკოლა დაამთავრა და კარგი ბალერინაც დადგა.  ნინო რამიშვილმა მომავალი მეუღლე თბილისის ოპერის თეატრში გაიცნო. ილიკოსთვის ნინოსთან ერთად ერთ-ერთ ბალეტში ცეკვა შეუთავაზებიათ, მას კი კატეგორიული უარი განუცხადებია,  კლასიკის  მოცეკვავესთან ერთად არ ვიცეკვებო, რაც ძალიან წყენია ნინოს, თუმცა ილიკოს მაინც დაუწყია რეპეტიციებზე სიარული და კიდეც შეჰყვარებია ნინო და ცოლობაც უთხოვია. როცა შეუღლდნენ, პატარძალი 20 წლის იყო, სიძე კი  21-ის.ნინოს საქორწინო ბიუროები საშინლად არ მოსწონდა, ამიტომ ნინომ და ილიკომ მთელი ცხოვრება ხელმოუწერლად, ოფიციალური ქორწინების გარეშე გაატარეს.

წყვილი ხალხური ცეკვების საკუთარ ანსამბლზე ოცნებობდა  და 1945 წელს მოახერხეს კიდეც მისი ჩამოყალიბება.

ნინო ყოველთვის უკომპრომისო იყო, ყოველთვის პირში ეუბნებოდა ადამიანებს სათქმელს. ამის გამო ილიკო, როგორც წესი, ნინოს გარეშე დადიოდა ხოლმე ოფიციალურ მიღებებზე

ჩალმით, განუყრელი სიგარეტით, სამაჯურებით დამშვენებული ნინო რამიშვილის სარეპეტიციო დარბაზში გამოჩენა რიდს ჰგვრიდა მოცეკვავეებს. მუშაობისას მართლაც ძალიან მკაცრი ქალბატონი შინ სათნო ბებია იყო  და  თავისი ოჯახის წევრებთან სიამოვნებით ატარებდა დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები