ქართული რესტორანი „კარგი გოგო“ – ამერიკელი წყვილის ახდენილი ოცნება აშშ-ში

“კარგი გოგო” – ესაა რესტორანი, რომელიც საქართველოს სახლებში, რესტორნებსა და ვენახებში დაიბადა, სადაც ჩვენ – შონ ფრედერიქსი და მაკკინზ კუკი – აშშ-ის მშვიდობის კორპუსის მოხალისეებად 2010 წლიდან 2012 წლამდე ვმსახურობდით. უთვალავი დრო გავატარეთ სამზარეულოებსა და სუფრებზე, სადაც დიდ სიყვარულთან ერთად, შევიძინეთ ცოდნა იმ  ინგრედიენტების, ტექნიკისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც საქართველოს უნიკალურ კულინარიულ ტრადიციებს ქმნიან“.

შონ ფრედერიქსი და მაკკინზ კუკი 2010 წელს, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ქვეყანას, საქართველოს ეწვივნენ და აქედან დაიწყო მათი სიყვარულიც მეორე ჯორჯიისადმი. 2-წლიანი ცხოვრების, ბევრი გამოცდილებისა და სიყვარულის დაგროვების შემდეგ, ამერიკაში დაბრუნებულმა წყვილმა გადაწყვიტა, ქართული კერძების მონატრებისათვის გამოსავალი თავადვე მოეძებნა. 

2013 წელს შონმა და მაკკენზიმ აშშ-ში, პორტლენდში შექმნეს პირველი ქართული მოსიარულე რესტორანი ბორბლებზე, რომელსაც “kargi gogo” დაარქვეს. 

“Kargi gogo-მ” მალე დაიმსახურა მოწონება და  USA Today, Associated Press, Eats-ის, პლატ-ჟურნალის, სამზარეულოს არხისა და ქართული ტელევიზიების ყურადღებაც მიიპყრო. 

_ გვიამბეთ თქვენზე, როგორ შეიტყვეთ საქართველოს შესახებ და როდის ჩამოხვედით?

_ პირველად საქართველოში 2010 წელს, მეუღლესთან, მაკკეზ კუკთან ერთად ჩამოვედი. ჩვენ მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ვიყავით და საქართველოში 2010 წლიდან 2012 წლამდე, ძირითადად ახალციხეში ვცხოვრობდით. რამდენიმე თვის განმავლობაში ბორჯომის მახლობლად მდებარე სოფელში ვიყავით. მანამდე საქართველოს შესახებ ძალიან ცოტა  რამ ვიცოდი.

საქართველოში ადგილობრივ ორგანიზაციებს  ფონდების მოძიებაში, გრანტის წერის, ინგლისურენოვანი უნარების, მარკეტინგის, ორგანიზაციული მენეჯმენტის და სხვა საკითხების მოგვარებაში ვეხმარებოდით.

_ რატომ გადაწყვიტეთ ჩვენი ქვეყნის მონახულება?

ჩვენ არ გადაგვიწყვეტია, შემთხვევით გამოგვიგზავნეს საქართველოში – ჩვენ შეგვეძლო ნებისმიერ სხვა ქვეყანაში წასვლა. თუმცა, ძალიან მადლობელი ვარ, რომ საქართველოში გამოგვიშვეს, რადგან ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება და სიამოვნება, რომელმაც ჩემი ცხოვრება  აშკარად უკეთესობისკენ შეცვალა.

_ რა მოგწონთ ან არ მოგწონთ საქართველოში?

_ საქართველოში ბევრი რამ მომწონს – სტუმართმოყვარეობის ნამდვილი კულტურა ჩემთვის გამორჩეულია, ხალხი თბილი და მეგობრულია, საკვები – საოცარი, ღვინო – გემრიელი და ზოგადად, საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ამდენი განსხვავებული კლიმატით პატარა სივრცეში. ქართველები უზომოდ ამაყობენ თავიანთი ქვეყნითა და ტრადიციებით – რაც ყოველთვის შთამაგონებელია.

_ რატომ გადაწყვიტეთ აშშში ქართული რესტორნის გახსნა?

_ როდესაც 2012 წელს ჩვენი მშვიდობის კორპუსი დავამთავრეთ, ვიცოდით, რომ აშშ-ში ყოფნისას თითქმის შეუძლებელი იქნებოდა ხაჭაპურის, ხინკლის, ლობიანის, ბადრიჯნისა და სხვა ქართული კერძების მიღება, თუკი თავად არ მოვამზადებდით მათ.  იმ დროს აშშ-ში კიდევ უფრო ნაკლები ქართული რესტორანი იყო, ვიდრე ახლაა და არც ერთი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც ჩვენ გადავედით საცხოვრებლად.  როდესაც საქართველოში ვცხოვრობდით, ყოველთვის ვფიქრობდით, რომ თუ ამერიკელები გასინჯავდნენ ქართულ სამზარეულოს, ძალიან შეიყვარებდნენ მას. ასე რომ, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პატარა მოსიარულე “კალათა”.  ჩვენ მხოლოდ რამდენიმე კერძის გაყიდვა მოვახერხეთ და თავდაპირველად ძალიან ცოტა მომხმარებელი გვყავდა. დროთა განმავლობაში  საკმაოდ პოპულარული გავხდით და ჩვენს „კალათას“ სამი წლის განმავლობაში ვატარებდით. ამ დროის გასვლის შემდეგ კი გადავწყვიტეთ, დაგვეხურა კალათა და უფრო დიდ შესაძლებლობებზე გვეფიქრა. 2018 წლის ზაფხულში კი ნამდვილი რესტორანი გავხსენით.

_ როგორი იყო შექმნის პროცესი? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდით?

_ იმ დროს, როდესაც ჩვენ გავხსენით ჩვენი „ბორბლებიანი რესტორანი“, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ის, რომ ადამიანების უმეტესობამ არაფერი იცოდა საქართველოს შესახებ და თვლიდა, რომ ჯორჯია მხოლოდ აშშ-ის შტატს ერქვა. კიდევ უფრო ცოტა ადამიანმა იცოდა ქართული საკვების შესახებ, ამიტომ ადამიანების უმრავლესობამ  თავდაპირველად არ მოინდომა კერძების გასინჯვა. ამ კერძების სახელების გამოთქმაც არ შეეძლოთ. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩვენს საქმიანობაში საგანმანათლებლო პროექტიც ჩავრთეთ და ძალიან ბევრ ადამიანს მივაწოდეთ ინფორმაცია ქართული კულტურის, ღვინისა და ტრადიციული კერძების შესახებ. ალბათ, ბევრმა მათგანმა ეს ყველაფერი პირველად სწორედ ჩვენგან გაიგო.

_ ვინ ამზადებს კერძებს რესტორანში? თქვენ თავად შეგიძლიათ ქართული კერძების მომზადება?

_ როდესაც საქართველოში ვცხოვრობდით, დიდ დროს ვატარებდით სამზარეულოში. შესაბამისად, გამიმართლა, რომ ვიცოდი ბევრი კერძის რეცეპტი და მომზადების ინსტრუქცია. ყოველთვის ვაჩვენებდი სხვებსაც, როგორი იყო მზადების პროცესი – მათ ეს ძალიან აინტერესებდათ. ახლა ყველა რეცეპტი ჩემია, ჩემეულია – ვჭამდი და ვამზადებდი საქართველოში, შესაბამისად, გარკვეული გამოცდილებაც დამიგროვდა.

თავდაპირველად, მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვამზადებდით კერძებს, ხოლო როდესაც რესტორანი გავხსენით, სამზარეულოს დიდი ნაწილიც გადავაკეთეთ. ახლა ჩვენ გვყავს ნიჭიერი მზარეულების დიდი გუნდი, რომლებმაც ისწავლეს რეცეპტები და სიამოვნებით ამზადებენ მათ.

_ რომელია თქვენი საყვარელი კერძი და რატომ?

_ მხოლოდ ერთი უნდა ამოვარჩიო? მე მიყვარს კარგი, პიკანტური ხარჩო… ან მდიდარი ნაღების ჩქმერული, სადაც ქათამს ნამდვილად ხრაშუნა კანი აქვს … ან ლობიოს ქოთანი შებოლილ რაჭულ ლორთან ერთად … მაგრამ ჩემი საყვარელი საკვები – პირველი, რასაც მივირთმევ, როდესაც საქართველოში ჩამოვალ – არის იმერული ხაჭაპური და ძროხისა და ღორის ხორცისაგან დამზადებული ხინკალი. ისინი თითქოს მარტივი კერძებია, მაგრამ თუკი სწორად და კარგადაა მომზადებული, მაშინვე იძენენ რაღაცნაირ დიდებულებას.

_ ვინ სტუმრობს თქვენს რესტორანს? – ადგილობრივები თუ ქართველები და რომელია მათი საყვარელი კერძი?

_ ჩვენი მომხმარებლების 90% -ზე მეტი ამერიკელია. აქ ბევრი ქართველი არ ცხოვრობს, მაგრამ ისინი ჩამოდიან ხშირად ისევე, როგორც სტუმრები უკრაინიდან, სომხეთიდან და პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნებიდან. ჩვენი ყველაზე პოპულარული კერძები კი აჭარული ხაჭაპური და ხინკალია.

_ ქართული კერძების გარდა, სხვა ქართული პროდუქტი, მაგალითად, ღვინო თუ გაქვთ ?

_ ჩვენ გვაქვს ქართული ღვინის ყველაზე დიდი არჩევანი აშშ – ში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბოთლის ღვინის მწარმოებელ 100-ზე მეტ ქართველ მეღვინესთან, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით არიან მიმოფანტული. მათ მიერ წარმოებული ღვინო კი ქვეყნის ხასიათსა და კულტურას სრულად წარმოაჩენს. ჩვენ სტუმრებს შეუძლიათ როგორც ღვინის ადგილზე მირთმევა, ასევე მათი შეძენა და ამ  სიამოვნების სახლში მიღება.

_ რატომ დაარქვით რესტორანსკარგი გოგო“?

_ როდესაც საქართველოში ვცხოვრობდით, ჩემს მეუღლეს  ყველა “კარგი გოგო” -ს ეძახდა. „კარგი გოგო ხარ ძალიან“…ეუბნებოდნენ ყოველთვის. როდესაც სახელზე ვფიქრობდით, გვინდოდა, რომ ეს ყოფილიყო იმ სითბოსა და ტკბილი მოგონებების ასახვა, რაც ყველაზე მეტად უკავშირდებოდა ჩვენს ქართულ გამოცდილებას. გარდა ამისა, ეს სიტყვები ინგლისურადაც კარგად გამოითქმის და ადვილად დასამახსოვრებელიცაა.

_ გარდა რესტორნისა, ახლა რა გაკავშირებთ საქართველოსთან?

_ მე მიყვარს საქართველო და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემს ცხოვრებაშია, უკვე თითქმის ათი წელია. ყველა შანსსა და საშუალებას ვიყენებ, რომ ხშირად დავბრუნდე თქვენთან. ამჯერად, გადავწყვიტე, ამერიკელების ჯგუფები ჩამოვიყვანო საქართველოში – პირველი ვიზიტი გასული წლის ოქტომბერში გვქონდა და დიდი იმედი მაქვს, ამ წელსაც მოვახერხებთ ჩამოსვლას. ყოველთვის, როცა საქართველოში ჩამოვდივარ, თავს სახლში ვგრძნობ და ვთვლი, რომ ჩემი დიდი პრივილეგიაა, ვუზიარებდე და ვაცნობდე ამ ქვეყანას ამერიკელებს.

_ როგორია სამომავლო გეგმები

_ ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ის, რაც ასე ძალიან გვიყვარს – საქართველოს გაცნობა და პოპულარიზაცია ამერიკაში  საკვების, ღვინის, სპეციალური ღონისძიებებისა და ტურების საშუალებით. სანამ გვექნება ენთუზიაზმი და ამ ენთუზიაზმით გავაგრძელებთ საყვარელი საქმის კეთებას, ვფიქრობ, ნამდვილი  და ბუნებრივი შედეგებიც გვექნება. ასე რომ, მეც თქვენთან ერთად, აღფრთოვანებით ველი იმის ნახვას, რა იქნება მომავალში.

ავტორი: თამუნა ზარანდია 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.