„ხანდახან წუთი სიცოცხლეს უდრის“ – ქაქუცას ჩოლოყაშვილის დროშა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გაზეთ ” ახალი ვერსიის” რედაქტორი, მაია ფურცელაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე გამოსახულია დროშა, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილს სიკვდილის წინ ეჭირა. 

“1989 წელია. გაზეთ „სამშობლოს“ რედაქცია (უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულათა გამოცემა). ეს გახლავთ დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილს სიკვდილის წინ ეჭირა. იგი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლმა, „შეფიცულთა რაზმის“ წევრმა ალექსანდრე სულხანიშვილმა მოაბრძანა რედაქციაში და სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ.

ფოტოზე არიან პაატა ნაცვლიშვილი – ჩემი ძალიან მაგარი და საყვარელი რედაქტორი, რომლის ხელითაც ალექსანდრე სულხანიშვილმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძვირფასი ხმალ-სატევარი, 1989 წელს საქართველოს დაუბრუნა. მისივე დახმარებით, 1990 წლის 19 ოქტომბერს 94 წლის მოხუცი სამშობლოში დაბრუნდა და თან ჩამოიტანა პატარა პაკეტი წარწერით „საქართველოს მიწა“, რომელიც განუშორებლად თან ატარა 66–წლიან ლტოლვილობაში და, მისი ანდერძის თანახმად, გულზე დააყარეს. იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო და საქართველოში მხოლოდ 18 დღე იცოცხლა, მაგრამ ბედნიერი მიიცვალა, რადგან ოცნება აუსრულდა და აქ ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი – აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.

ასევე ანდერძის თანახმად საქართველოს ახლად არჩეულ პარლამენტს გადაეცა დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, რომელიც ქაქუცას სიკვდილის წინ ეჭირა ხელში. ეს დროშა ქაქუცას ხმალსა და ქამარ–ხანჯალთან ერთად ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

ფოტოზე (მარცხნიდან მარჯვნივ): თეო კანდელაკი, პაატა ნაცვლიშვილი, ლამარა თელია, ალექსანდრე სულხანიშვილი, მაია ფურცელაძე და ლალი ჯანიკაშვილი.

ჰოდა, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს გილოცავთ – ღმერთმა მოგვასწროს იმ დღეს, როცა ქართული დროშა სოხუმისა და ცხინვალის თავზე აფრიალდება!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები