მსოფლიო არქიტექტურის 16 საოცრება
გემოვნებაზე არ დავობენო – ხშირად გვსმენია თითოეულ ჩვენგანს. არადა, ოდნავ თუ ჩავუღრმავდებით, სწორედ გემოვნებაა ის, რაზეც ადამიანები გამუდმებით დავობენ – აკრიტიკებენ ჩაცმულობას, თმის ფერებსა და მაკიაჟის ტონებს, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს და ზოგადად, ყველაფერს, რაზეც ცალსახა შეხედულება არ არსებობს.
ადამიანთა ნაწილს მოსწონს თანამედროვე არქიტექტურა – ექსცენტრიკული ხედვები და თამამი, ასიმეტრიული და ხშირად უცნაური იერსახის მქონე შენობები, ნაწილი კი მათ მუდმივი კრიტიკის ობიექტად აქცევს.
მსოფლიოს მასშტაბით საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა გამორჩეული და დახვეწილი, ექსცენტრიკული თუ სადა, მრავალფუქნციური თუ სარიტუალო მნიშვნელობის ნაგებობები, რომლებიც თავიანთი განსხვავებული არქიტექტურის გამო, მუდმივად იმსახურებდა ადგილობრივებისა თუ უცხოელი სტუმრების ინტერესსა და მოწონებას.
“ქართულმა კვირამ” მსოფლიო არქიტექტურის რამდენიმე საინტერესო ნიმუში შეკრიბა. ეს ნაგებობები არც სტილის მრავალფეროვნებას უჩივიან და არც დახვეწილობას, მათ შექმნაზე სხვადასხვა დროს წამყვანმა არქიტექტორებმა იმუშავეს და თანამედროვე მსოფლიოს განსხვავებული და გამორჩეულად ლამაზი იერსახე შექმნეს – თუმცა, რა თქმა უნდა, საუბარი მათ გამორჩეულობაზე კვლავაც გემოვნების საკითხია.
სიდნეის ოპერის თეატრი — მუსიკალური თეატრი სიდნეიში, ახალი საუზ-უელსი, ავსტრალია, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობა და ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში. შენობის პროექტი ეკუთვნის დანიელ არქიტექტორ იორნ უტზონს, რომლემაც ამ შენობისთვის 2003 წელს პრიცკერის პრემია მიიღო. შენობა მდებარეობს ბენელონგის პოინტზე სიდნეის ყურეში უზარმაზარ ხიდთან სიახლოვეს და კომპლექსში განუმეორებელ ესთეტიურ შთაბეჭდილებას ქმნის.
ბურჯ-ალ-არაბი – სასტუმრო დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. იგი მოიხსენიება, როგორც „მსოფლიოს ერთადერთი შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო“ და მესამე ყველაზე მაღალი სასტუმროა მსოფლიოში, თუმცა მისი სიმაღლის 39% შედგება არაგამოყენებადი სივრცისაგან. ბურჯ-ალ-არაბი დგას ხელოვნურ კუნძულზე, რომელიც ჯუმეირას სანაპიროდან 280 მეტრითაა დაშორებული და კონტინენტს თავისი ხვეული ხიდით უკავშირდება. სტრუქტურის ფორმა დაპროექტებულია გემის იალქნის წაბაძვით.
ჰეიდარ ალიევის ცენტრი — 57 519 კვადრატული მეტრის კომპლექსი ბაქოში. შექმნილია ერაყელ-ბრიტანელი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდის მიერ, რომელიც გამორჩეულია თავისი განსხვავებული არქიტექტურული გადაწყვეტილებებით. ცენტრი ატარებს ჰეიდარ ალიევის სახელს, რომელიც საბჭოთა აზერბაიჯანის ლიდერი იყო 1969-1982 წლებში, ასევე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი 1993 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის ოქტომბრამდე.
2014 წელს მიიღო ჯილდო Design of the Year და აღიარებულ იქნა მსოფლიოში საუკეთესო შენობად.
ბრაზილიის კათედრალი – 1958-1978 წლებში ბრაზილიის დედაქალაქში ოსკარ ნეიმარისა და ლასიო კოსტას მიერ აგებული შენობა. კათედრალი გამორჩეულია გვირგვინის მსგავსი სტრუქტურითა და ვიტრაჟებით. თანამედროვე არქიტექტურაში კათედრალს “მრუდეს დიდებულებასაც” უწოდებენ.
მილლუიკის ხელოვნების მუზეუმი არის აშშ-ის ერთ-ერთი არქიტექტურული ღირშესანიშნაობა, რომელიც შედგება სამი შენობისგან – ომის მემორიალის ცენტრი (1957 წ) დააპროექტა ფინელ-ამერიკელმა არქიტექტორმა ეერო საარინენმა; კაჰლერის შენობა (1975 წ) – დევიდ კალერმა, კვადრასკის პავილიონი (2001 წ)კი ესპანელმა არქიტექტორმა – სანტიაგო კალატრავამ.
მოცეკვავე სახლი საოფისე შენობის მეტსახელია პრაღის ცენტრში, ჩეხეთში. აგებულია 1997 წელს ხორვატიაში დაბადებული ჩეხი არქიტექტორის, ვლადო მილუნიჩისა და ამერიკელი არქიტექტორის, ფრენკ გერის თანამშრომლობით.
კიოლნის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული მონუმენტია გერმანიაში და კიოლნის უმთავრეს ღირშესანიშნაობად ითვლება მე-19 საუკუნის ბოლოდან, კათედრალს მართავს რომის კათოლიკური ეკლესია და აქ მდებარეობს კიოლნის არქიეპისკოპოსის რეზიდენცია. კათედრალის მშენებლობა 1248 წელს დაიწყო და მხოლოდ 1880 წელს დასრულდა
პიზის დახრილი კოშკი — სამრეკლო კოშკი, პიზის ეკლესიის ანსამბლის ნაწილი. საკმაოდ ცნობილია მსოფლიოს მასშტაბით შემთხვევითი დახრილობის გამო. კოშკის დახრა დაიწყო მშენებლობის დასრულებისთანავე და დასრულდა 2008 წელს. მისი პროექტის ავტორი ბონინო პიზანოა.
კოშკის მშენებლობა დაიწყო 1173 წლის 9 აგვისტოს და ორი დიდი შესვენების ჩათვლით გაგრძელდა თითქმის 200 წელი. დასრულდა 1360 წელს.
პოტალა — სასახლე ჩინეთში, ტიბეტის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ ლჰასაში. სახელი მიიღო პოტალას მთიდან, სადაც, ბუდისტური მითოლოგიის თანახმად, შებრალების ღმერთი, ავალოკიტეშვარა ცხოვრობდა. სასახლე დალაი ლამას რეზიდენციას წარმოადგენდა.
ემპაირ სტეიტ ბილდინგი – 102-სართულიანი თანამედროვე არტ-დეკო სტილის შენობა ნიუ-იორკ სიტიში, დაპროექტებული „შრივ, ლემბ ენდ ჰარმონ ასოშიეტს“ მიერ და აშენებული 1931 წელს. ცათამბჯენს სახელი ნიუ-იორკის შტატის მეტსახელის გამო დაერქვა. შენობა 1931-1972 წლებში მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნაგებობად ითვლებოდა.
ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი — თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ბილბაოში, ბასკეთი, ესპანეთი. ის ერთ-ერთია სოლომონ გუგენჰაიმის ფონდის მუზეუმთაგან. შენობის სტრუქტურის პროექტი ეკუთვნის ფრენკ გერის არქიტექტურულ ფირმას. მუზეუმი საზოგადოებისთვის 1997 წელს გაიხსნა და მალევე მოიხვეჭა მსოფლიოს ყველაზე თვალწარმტაცი შენობის სახელი.
საგრადა-ფამილია — მშენებარე კათოლიკური ბაზილიკა ბარსელონაში, კატალონიაში, ესპანეთში. მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და მისი ფორმალური სახელია „წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი“. ანტონიო გაუდი ამ პროექტზე 40 წელი მუშაობდა და საკუთარი ცხოვრების ბოლო 15 წელი მას დაუთმო. გაუდის გარდაცვალების შემდეგ, 1926 წელს, მშენებლობაზე მუშაობა გაგრძელდა დომენეკ სუგრანიესის ხელმძღვანელობით, სანამ 1935 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი დაუმთავრებელია, იგი 2010 წელს პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ აკურთხა და ღვთისმსახურებისთვის ვარგისიანად გამოაცხადა.
ბურჯ ხალიფა ან ბურჯ დუბაი – ცათამბჯენი დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში. აღიარებულია, როგორც ადამიანის შექმნილი ყველაზე მაღალი სტრუქტურული ნაგებობა. ცათამბჯენის შენება 2004 წლის 21 სექტემბერს დაწიყო და 2010 წლის 4 იანვარს დასრულდა.
აია-სოფია — ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა. ამჟამად კი მუზეუმია ქალაქ სტამბოლში, თურქეთში.
ჰიმეჯის სასახლე – 80 კორპუსისაგან შემდგარი ნაგებობა იაპონიაში, კიოტოს მახლობლად. იგი დაახლოებით 400 წლის წინ აიგო.
საქართველოს ბანკის სათავო ოფისი 1975 წელს არქიტექტორების, ზურაბ ჯალაღანიასა და გიორგი ჩახავას პროექტის მიხედვით აიგო. ეს არის მონუმენტური შენობა, რომელსაც “ნიუ-იორკ ტაიმსმა” უწოდა „დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა, რომელმაც მრავალი სტანდარტული კლიშე დაამსხვია გვიანდელ საბჭოთა არქიტექტურაზე“.
რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი", კომპანია, რომელსაც ემიგრანტები ენდობიან.