დღეს, საქართველოს სახალხო არტისტის, არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება

დღეს კინოს ერთ – ერთი ულამაზესი მსახიობის, ‘’შერეკილების’’ ერთადერთი ქალი პერსონაჟის – მარგალიტა ამყოლაძის როლის შემსრულებლის, არიადნა შენგელაიას დაბადების დღეა.

არიადნა ანა ლიუბიმოვას და ვსევოლოდ შპრინკის ქალიშვილი იყო. ვსევოლოდი გერმანული წარმოშობის რუსი იყო. ის ხუთ ენას ფლობდა და თავის დროზე, საუკეთესო მთარგმნელად ითვლებოდა. თუმცა რეპრესიების ეპოქაში,  საფრთხე შეექმნა, ამიტომ მან მოსკოვიდან ტაშკენტში გადასვლა გადაწყვიტა. არიადნა 1937 წელს, ტაშკენტში დაიბადა. ამავე წელს, ოჯახი ისევ მოსკოვში დაბრუნდა, მაგრამ ვსევოლოდი გერმანული წარმომავლობის გამო დაიჭირეს და მაგადანში გადაასახლეს. ოჯახთან დაბრუნება მხოლოდ რეაბილიტაციის შემდეგ შეძლო.

არიადნამ დაწყებითი და უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო. პირველ ფილმში გამოჩენის შემდეგ, ის რეჟისორების ყურადღების ცენტრში მოექცა. მან რუსულ და ქართულ ეკრანზე არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. პირველი როლები ფილმებში, ჯერ კიდევ “ვგიკის” სტუდენტმა შეასრულა – 21 წლის იყო, მესამე კურსის სტუდენტი, როცა ფილმ – ოპერაში ტატიანას როლზე დაამტკიცეს. ამ როლის გამო დამწყები მსახიობი კიევის საკავშირო კინოფესტივალზე პირველი პრემიით დაჯილდოვდა.

ორიათასიანი წლების დასაწყისში არიადნა შენგელაიამ სამსახიობო კარიერა დაასრულა და რამდენიმე წლის განმავლობაში  თეატრალურ უნივერსტეტში ლექციებს კითხულობდა.

უკვე წლებია მსახიობი უარს აცხადებს ინტერვიუებზე და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებშიც თითქმის არ ჩნდება.

არიადნამ გვარი შენგელაია თავის პირველ ქმართან, რეჟისორ ელდარ შენგელაიასთან გაყრის შემდეგ დაიტოვა. ისინი სტუდენტობისას შეუღლდნენ და ერთად 20 წელზე მეტი იცხოვრეს.

დღეს, საქართველოს სახალხო არტისტის, არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება. შემოქმედებით საღამოს გრიბოედოვის თეატრი უმასპინძლებს, ვარსკვლავი კი კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები