ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნება

20 იანვარს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნება.

დარბაზის სარესტავრაციო სამუშაოები ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა შენობის თანადროული (1912 წელი) უნიკალური კედლის მხატვრობა, რომელიც აღადგინეს სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა მაია კუპრაშვილის ხელმძღვანელობით.

ფოლკლორის დარბაზში თავს მოიყრის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერები. აქ განთავსდება ფონოჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება. ასევე შეგროვდება ახალი მასალები. დარბაზში განთავსდება მუდმივი ექსპოზიცია. დაინტერსებული პირებისთვის კი მათთვის სასურველი დოკუმენტების და ჩანაწერების ციფრული ვერსიებიც იქნება ხელმისაწვდომი.

ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული გალობა-სიმღერისა და ტრადიციული ხელოვნების სხვა დარგების თანადგომას, მათ განვითარება-პოპულარიზაციასა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობას, ამ საქმეში ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობისთვის სტიმულის მიცემას. ფოლკლორის დარბაზის გახსნაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.

ღონისძიებაზე ქართულ ტრადიციული სიმღერებს შეასრულებენ გალობის უნივერსიტეტის ქალთა ანსამბლი და ანსამბლი „შილდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები