14 იანვარი საქართველოს დროშის დღეა!
“მარაბდის ომში ჯერ ერთმა ძმა ხერხეულიძემ ასწია დროშა, დაეცა, მერე მეორემ ასწია, მესამემ, ბოლოს მეცხრე ძმამ და როცა ისიც დაეცა, საუკუნეებგამოვლილი დროშა ახლა დამ ასწია. სპარსელებისგან განგმირული დაც რომ დაეცა, ხერხეულიძეთა დედამ ასწია და საქართველოს დროშა ისევ ამაყად აფრიალდა.
დროშა ყოველთვის იყო ღირსების, სიძლიერის, სამშობლოს, გამარჯვების სიმბოლო.
14 იანვარი საქართველოს დროშის დღეა.
თუ შენც ფიქრობ, რომ დროშა შენი სიმბოლოც არის, ამ დღეს მაღლა ასწიე, ან გადმოკიდე აივნიდან თუ სარკმელიდან.
ჩვენ, ქეთი ხოსიტაშვილი და მე, ამ იდეის გამტარებლები 14 იანვარს სწორედ ამას გავაკეთებთ.
ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა ყველგან ფრიალებდეს, სწორედ ჩვენი სახელმწიფოს ღირსებისათვის, ჩვენი გამარჯვებისათვის, ჩვენი ისტორიისათვის. იდეას არ აქვს არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი. ამიტომ, ჩანაფიქრს პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოიყენებეთ.” – წერს სოციალურ ქსელში გოგა ჩანადირი.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. ღონისძიება მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გამოფინეს საქართველოს დროშები, მარჯანიშვილის მოედანზე აღმართეს საქართველოს დიდი დროშა, ხოლო პატარა დროშები უბრალო გამვლელებს დაურიგეს.