ზურაბ გურულის ახალ წიგნი  – „ვართ და არცა ვართ“

10 იანვარს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზურაბ გურულის ახალ წიგნს  – „ვართ და არცა ვართ“ – წარადგენენ.

“ძვირფასო მეგობრებო,
პარასკევს, 10 ინვარს, საღამოს 7 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში შედგება ჩემი ახალი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ერთგვარად შეკრავს და დაასრულებს ტრილოგიას, რომელიც დაიწყო რომანით “სპილო წყვდიადში” და გაგრძელდა ედგარ პოს შავი მისტიკით.

საკუთარი თავის შეცნობის წყურვილით აღვსილი ადამიანები მხოლოდ ერთ სურვილს მიელტვიან, როგორმე იპოვონ უსასრულო სამყაროში ჩაკარგული თავიანთი სული. რა არის ეს სული? ვინ არის? რა სურს? სად არის? როგორია? როგორ მივიდეთ მასთან? რომელი მეგზური ავირჩიოთ?… და მერე, სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა მოციქულის მიერ სხვადასხვანაირად გამოთქმული ამ ერთადერთი სურვილის გამო ერთმანეთს დაუსრულებლად ეკამათებიან, ებრძვიან, ამცირებენ, ხოცავენ.

რუმი იყო სულის მაძიებელთა უნივერსალური “თარჯიმანი”, აღრეულ მისტერიათა მომრიგებელი, მეგზური და მრჩეველი.

რელიგიური ლიდერიცაა რუმი, მოძღვარიც, ღვთისმოშიშიც და უდიდესი მკრეხელიც.  ჰიჯაბის მიღმა მიმალულ სრულიად შიშველ სხეულს ჰგავს რუმის ლექსების სექსუალურობა. გარედან შავი, გაუმჭვირვალე ფარდა აქვს ჩამოფარებული და ვერცერთი ფანატიკოსი შეედავება, მაგრამ მის მიღმა ისეთი ცხელი ვნება დუღს, სიმხურვალე სახეს აულეწავს ახლოს მისულ ცნობისმოყვარეს.

უზენაესი სრულყოფილება, ყველა კითხვის პასუხი ღმერთი თავად ადამიანში იპოვა რუმიმ. ადამიანის ტვინი ხომ ზუსტად ემთხვევა გალაქტიკის პარამეტრებს და შესაბამისად, საკმარისია საკუთარ გონებაში მოგზაურობა შევძლოთ, რომ სრულებითაც აღარ გახდება საჭირო რაკეტებით სივრცეში გასვლა. სამყაროს შესაცნობად საკმარისი იქნება ფიქრით გავაქროთ დროისა და სივრცის შეგრძნება.

სამყაროსავით უსასრულოა თავად რუმიც და ეს პატარა კრებული მხოლოდ მცდელობაა მისი სამანების მოჩხრეკისა. იმედი მაქვს, მკითხველიც სიამოვნებით აედევნება მოხეტიალე დერვიშთა ლანდების ქარავანს და ჩაიძირება სუფიათა ზიქრის თავბრუდამხვევ ექსტაზში.

თუკი დრო და ხალისი გექნებათ რუმის მისტერიებში სახეტიალოდ, გელით”- წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გურული.

დასწრება თავისუფალია!

ზურაბ გურულმა 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ბავშვთა ქირიურგიის სპეციალობით.  დისერტაციის დაცვის შემდეგ გაემგზავრა აშშ-ში, ნიუ ორლეანში. სხადასხვა დროს მუშაობდა ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის კათედრაზე, ასევე მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნიუ ორლეანის ტულეინის სახელობის უნივერსიტეტებში.  ამჟამად მისისიპის შტატის დედაქალაქ ჯექსონის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორია.
მისი ესეები და სტატიები პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ პრესაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები