ბრიტანულ-ქართულმა ანსამბლმა დიდ ბრიტანეთში საშობაო კონცერტი გამართა
ქალაქ კემბრიჯში კემბრიჯ-საქართველოს ანსამბლების – “ჩელასა და ბუსკას“ საშობაო კონცერტი გაიმართა. ეს კონცერტი იყო პირველი ღონისძიება, რომელიც 2020 წელს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში „ქართული სეზონის“ ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმი, თამარ ბერუჩაშვილი, რომელმაც გუნდები ქართული კულტურისა და უნიკალური პოლიფონიის პოპულარიზაციისთვის სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.
“ჩელა” კემბრიჯში დაფუძნებული გუნდია, რომელიც უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ეწევა ქართული ტრადიციული ფოლკლორის პოპულარიზაციას დიდ ბრიტანეთში.აღსანიშნავია, რომ “ჩელას” გუნდის წევრები სიმღერებს ძირითადად სმენით სწავლობენ და მათი მასწავლებლები ქართველი მუსიკოსები არიან.
გუნდის ისტორია უკავშირდება ქართველი ეთნო მუსიკოსის, ედიშერ გარაქანიძის მოღვაწეობას გაერთიანებულ სამეფოში 1990-იან წლებში. მუსიკოსის სწავლების მეთოდს ანსამბლი დღემდე აქტიურად იყენებს.
“ჩელა” აქტიურადაა ჩართული ინგლისში, ქართული გუნდების კონცერტების ორგანიზებასა და პოპულარიზაციაში. მათი კონცერტები უმეტესწილად საქველმოქმედო ხასიათისაა და იმართება ეკლესიებსა და სხვადასხვა დიდ დარბაზებში.