“მეც მაქანავებს” – როგორ შეასრულა სესილია თაყაიშვილმა უკანასკნელი კინოროლი “ცისფერ მთებში” 

„ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ რეზო ჭეიშვილი მოთხრობი მიხედვით, ელდარ შენგელაიამ 1984 წელს გადაიღო. რედაქციაში, სადაც ახალგაზრდა მწერალს საკუთარი მოთხრობები მიაქვს, მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული… მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ამ დაწესებულებაში ყველა თავისი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა — თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც — მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ… ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია

ფილმი ალეგორიული კომედიაა. იგი ნიღაბს ხდის საბჭოთა ბიუროკრატიზმს და უპასუხისმგებლობას. რედაქციაში მუშაობენ თავიანთი ვიწრო ინტერესების ჩარჩოში მომწყვდეული ადამიანები. ამ სისტემის არაეფექტურობა სრულდება პირდაპირ მნიშვნელობით დაწესებულების ნგრევით, გადატანით კი — საბჭოთა სისტემის ნგრევით.

ფილმში ბუღალტრის როლს ლეგენდარული სესილია თაყაიშვილი ასრულებს. რეჟისორი ელდარ შენგელაია ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა ისტორიას, თუ როგორ დაითანხმა მსახიობი მის უკანასკნელ კინოროლზე “ცისფერ მთებში”:

,,ცისფერი მთების” სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ბუღალტრის როლზე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი შინ.

– დეიდა სესილია, აი, სცენარი, მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა, გაეცნოთ და…

– ყველაფერი დამთავრდა, არავითარ ფილმში აღარ ვითამაშებ, გაიგეთ, არ შემიძლია.

ცოტა ვიეშმაკე და ვუთხარი:

– იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ-მეთქი.

– რომელი რედაქტორი მე ვარ, მეტი საქმე არა მაქვს, ვიჯდე და შენი უნიჭო სცენარი ვიკითხოო, – მომახალა.

ფარხმალი არ დავყარე, როგორც იქნა, დავითანხმე და მეორე დღეს დავურეკე:

– ქალბატონო სესილია, კითხვა ხომ არ დაგიწყიათ?

– წავიკითხე. მოდი და რაღაცას გეტყვი.

იმწამსვე გავიქეცი, კარი თავად გამიღო და რას ვხედავ – საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია, ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს. ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს.

– აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს, – მითხრა.

– დეიდა სესილია, აგერ არ ხარ? – შევაპარე.

– არა, არა, მე არ შემიძლია, ყველაფერი მტკივა, მე უკვე იმ ასაკის ვარ…

– ეს ქალიც ამ ასაკისაა, ამ ქალსაც ყველაფერი სტკივა და თანაც აქანავებს – ვუთხარი.

– მეც მაქანავებს – შემომჩივლა.

ბოლოს და ბოლოს, დავითანხმე:

– კარგი, მაგრამ იჩქარე, იცოდე, რაც შეიძლება იჩქარე.

გადაღებებზე საავადმყოფოდან მოგვყავდა. მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა. ფილმის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.