“შურისძიებაში დაუღალავნი, წარმოუდგენლად გულუხვები არიან პატიებაშიც” – რას წერდა ბრიტანელი ოფიცერი ქართველების შესახებ

ართველი ხალხის განსაკუთრებული და უჩვეულო ბუნება თუ ცხოვრების წესი არაერთხელ გამხდარა უცხოელი მოგზაურების ინტერესის საგანი. ისტორიულმა წყაროებმა უამრავი მსგავსი ჩანაწერი შემოგვინახა, რომლებიც, რა თქმა უნდა, ავტორთა სუბიექტურ დამოკიდებულებებს ასახავს და აქვს თუ არა საერთო რეალობასთან – სადავოა. 

ერთ-ერთი მსგავსი ჩანაწერი მეოცე საუკუნის პირველი ნახევრიდანაა და  ბრიტანელ ოფიცერს ეკუთვნის: 

“მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი, ბრიტანელი ოფიცრის ჩანაწერებიდან: “ქართველები უცნაური ხალხია, ანგლო-საქსონი ადამიანისთვის რთულად გასაგები. მათი წარმოშობა, ისევე როგორც მათი ენისა, ბურუსითაა მოცული. მეხუთე საუკუნეში, მაშინ როდესაც დასავლეთის დიდი ნაწილი და მთელი რუსეთი ჯერ კიდევ ველური იყო, ქართველები უკვე ქრისტიანები იყვნენ და მათ დღემდე შეინარჩუნეს თავიანთი მრწამსი. მათი კულტურა სპარსულს ეყრდნობა მაგრამ ამავე დროს დასავლურიცაა, თუმცა არსებითად ქართველები მაინც აღმოსავლეთის ხალხია.

ქართველები ყოველთვის მებრძოლები არიან, რაინდულები, უზომოდ მამაცები, მხიარულები, [მაგრამ ასევე] თავქარიანები, წინდაუხედავები, კარგსა და ცუდს რომ თანაბრად ეგებებიან; რაც უფრო წარმატებულები არიან, მით უფრო უსაქმურები და ზანტები ხდებიან, მაგრამ წარუმატებლობა კვლავ ძალისხმევისაკენ ამხნევებს მათ. ძლიერნი და მშვენიერნი, კაცებიც და ქალებიც კარგი მხედრები არიან და დიდ სიამოვნებას ნახულობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში და საფრთხეში.

ქართველები არიან გულუხვები, სპონტანურები, ყოველგვარი იმ არაჯანსაღი მისტიციზმის გარეშე რომელიც რუსებს ახასიათებთ, გულთბილები და ამავე დროს თვით ლუციფერივით ამაყნი. როდესაც საქმე ღირსებას შეეხება, ქართველი ხდება მძვინვარე და გულღრძო, ფიცხი, მოჩხუბარა, წამში შეუძლია იფეთქოს და მოკლას რაიმე წვრილმანი შეურაცხყოფისათვის, იმის გაუაზრებლად თუ რად დაუჯდება ეს მას; შურისძიებაში დაუღალავნი, ისინი ასევე ფანტასტიკურად გულუხვები არიან პატიებაში.

ქართველები უფრო მოქმედებენ იმპულსითა და ემოციებით ვიდრე საღი გონებით, ერთი სიტყვა ან ქმედებაა საკმარისი რათა ისინი ცრემლებიდან სიცილამდე მიიყვანო, ან მტრობიდან სათუთობამდე.

საუბარი, განხილვა, სასიამოვნო განსჯაში და დისკუსიაში საათების გატარება – ეს არის ქართველთა ჩვევა. საუბარი დიდად სიამოვნებთ მათ და მათთვის სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქმედება. ისინი არასოდეს იწუხებენ თავს ფულის დაზოგვით; როდესაც ფული აქვთ, გაშლილი ხელით ხარჯავენ გარშემორტყმულნი ათობით მეგობრითა და ნათესავით, ხარჯავენ დაუდევრად და ხვალინდელ დღეზე ფიქრის გარეშე, იმის იმედით რომ იღბალი გაუმართლებთ და ისევ იშოვნიან ფულს. ქეიფი და დროსტარება მათ სისხლშია და ამის დასტურია მათი წარმოუდგენელი სტუმართმოყვარეობა – საჭმლით დახუნძლული მაგიდები, თამადას დახვეწილი სადღეგრძელოები, საჭმელ-სასმელის უწყვეტი დინება რომელსაც ბოლო არ უჩანს, მრავალ-დღიანი დღესასწაულები რომელსაც ნებისმიერ საბაბზე აწყობენ.

ქართველები არიან მგზნებარე ინდივიდუალისტები, რომლებსაც აკლიათ დისციპლინა და თვითკონტროლი; სძაგთ ბრძანებები და დამორჩილება. მაგრამ ყველაზე მეტად ისინი გამსჭვალულები არიან პატრიოტიზმით, საქართველოს და თავისუფლების სიყვარულით, რომელიც იმდენად მგზნებარეა რომ ვერანაირი დამარცხება ან უბედურება ვერ შეძლებს გაანადგუროს ან გასტეხოს ეს ხალხი.” 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები