რას ამბობენ ფერები ჩვენზე – ფერთა ფსიქოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებაში

ალბათ ყველა თქვენგანისათვის ერთხელ მაინც უთხოვიათ საყვარელი ფერის დასახელება – ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ბევრს ამბობს თქვენი პიროვნების შესახებ. მეცნიერების მოსაზრებით, ადამიანების უმეტესობა უპირატესობას რომელიმე 2 ფერს ანიჭებს, ეს ის ფერებია, რომლებსაც ტანსაცმლის, ავტომობილის ან საღებავის შერჩევისას იღებთ. 

ადამიანების გარკვეულ ნაწილს კი კონკრეტული ფერების მიმართ განსაკუთრებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. ერთი შეხედვით, რთული სათქმელია, რა იწვევს ჩვენს ემოციებს ფერებთან ურთიერთობისას,თუმცა, როგორც მეცნიერები თანხმდებიან, მთავარი ფაქტორი ასოციაცია უნდა იყოს – საკუთარი ან სხვისი მოგონება რომელიც კონკრეტულ ფერთანაა კავშირში. სწორედ ჩვენი მოგონებისა და ემოციების გამო შეიძლება იქცეს ერთი შეხედვით სასიამოვნო მწვანე ფერის სივრცე ძალზე დისკომფორტულად და პირიქით, სხვებისათვის წარმოუდგენელმა შავმა კედელმა ჩვენი ოჯახური იდილია შექმნას. რა თქმა უნდა, ფერებისადმი დამოკიდებულება ინდივიდუალურია, თუმცა გარკვეული ტენდენციების გამოკვეთა – მაინც შესაძლებელი. ფსიქოლოგებმა მათი ზოგადი დახასიათება შეიმუშავეს – ეს რეკომენდაციები საშუალებას მოგცემთ სწორად შეარჩიოთ ფერები ინტერიერის, ავეჯისა თუ ტანისამოსისათვის

სწორად შერჩეულმა ფერმა შეიძლება ხაზი გაუსვას სასურველ დეტალებს, ხოლო პირიქით – არასწორმა ფერთა კომბინაციამ ამოუხსნელი დისკომფორტი შეგიქმნათ. 

წითელი – ეს ფერი უმრავლესობისათვის სისხლთან ასოცირდება და ჩვენი ქვეცნობიერიც, თურმე, სწორედ ამ სიგნალს იღებს წითლისაგან. ის ჰერალდიკური ფერია – ომისა და რევოლუციის, მეამბოხეობის სიმბოლო, რომელსაც ძირითადად ახალგაზრდები ირჩევენ. ადამიანები, რომლებსაც წითელი ფერი მოსწონთ, არ არიან ჩვეულებრივები – როგორც წესი, მათი ეგო ეპატაჟურობისკენაა მიდრეკილი. რაც შეეხება ინტერიერში წითელი ფერის გამოყენებას, დიზაინერთა უმეტესობა ცდილობს მასიური წითლისათვის თავის არიდებას და მხოლოდ დეტალებით შემოიფარგლება, როგორიცაა – მაგალითად, ფარდები ან სკამის საზურგეები. მათივე აზრით, წითელ კედლები ძალიან დამღლელია როგორც თვალებისათვის, ასევე ჩვენი ქვეცნობიერისთვისაც, რადგან ეს “ბრძოლის ფერი” გონებას მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

თეთრი – სიწმინდისა და სისუფთავის ფერი, რომელიც ანტიკური დროიდან მოყოლებული უბრალოებასა და ყოველივე მიწიერისაგან თავისუფლებას აღნიშნავდა. ჩვენი გონებაც თეთრისაგან სწორედ ამ სიგნალს იღებს – ესაა ფერი, რომლითაც ანგელოზებს გამოსახავენ, ფერი, რომელსაც ჭუჭყი ჯერ არ გაჰკარებია.

თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ კითხვაზე რომელია მისი საყვარელი ფერი – ადამიანთა ყველაზე მცირე რაოდენობა პასუხობს თეთრს – ფსიქოლოგების ვერსიით, ამაში “დამნაშავე” თეთრის ინფანტილურობაა, იგი ან ემოციებს ვერ აღძრავს, ან თუ აღძრავს – ეს ემოციები ძალზე სუსტია. საპირისპიროდ, ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარი გარდერობისათვის თეთრს ირჩევს, მისი უდავო ელეგანტურობის გამო.

რაც შეეხება ინტერიერში თეთრის გამოყენებას, დიდი რაოდენობით თეთრი ფერი სიცივის შეგრძნებას ქმნის და საცხოვრებელ სახლებში რეკომენდებული არაა. იგი აუცილებლად უნდა განეიტრალდეს მეტად “ენერგიული” და თბილი ფერით.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კულტურაში შავი უბედურებისა და გლოვის სიმბოლოა -ადამიანთა უმეტესობა საყვარელ ფერად სწორედ შავს ასახელებს. ერთი ვერსიით, ამის მიზეზი შავის დახვეწილობა და ელეგანტურობაა – ძნელად იპოვით ადამიანს, რომელსაც შავი არ უხდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტენდენცია გასული საუკუნიდან იღებს სათავეს და კოკო შანელის სახელს უკავშირდება, რომელმაც დაიწყო მისი გამოყენება ყოველდღიურ სამოსში. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შავი ფერის მუდმივი ტარება კრიზისული მდგომარეობის მანიშნებელია. ხოლო ადამიანები, რომლებიც მუდმივად და მხოლოდ შავ ფერს ირჩევენ ცნობიერში ან ქვეცნობიერში დეპრესიით იტანჯებიან. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებიც გარკვეული ძალადობის მსხვერპლები იყვენენ, ხატვისას განსაკუთრებით აქტიურად იყენებდნენ შავს მაშინ, როცა სხვა შემთხვევაში ეს ფერი თითქმის უგულებელყოფილი იყო.

“შავი მოდა” ინტერიერში 2020 წლისათვის დაგვიბრუნდება – რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო სივრცეებში მისი გამოყენება მკვეთრად გააქტიურდება, თუმცა, დიზაინერების რჩევით, მსგავს ოთახებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შორ ხედზე გამავალი ფანჯრები, რათა პერიოდულად გონება განიტვირთოს.

ყვითელი – ფერი, რომელიც ადამიანთა გარკვეული ჯგუფისათვის მზესა და შემოდგომასთან ასოცირდება, სხვებისათვის შეიძლება ტკივილისა და ავადმყოფობის სიმბოლო იყოს. მაგალითად, ძველ მონღოლეთში ქალები ამ ფერის ტანისამოსს ირჩევდნენ, ევროპაში კი ყვითელი დროშა კარანტინის მაჩვენებელი იყო. ადამიანების ერთი ნაწილის მოსაზრებით ყვითელი ეჭვიანობისა და ღალატის ფერია.

ამ ფერის ტანისამოსს შეუძლია ადამიანი ცნობისმოყვარეობით განაწყოს და დადებითი შეხედულებების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ინტერიერში კი ყვითელი და მისი ტონები, თბილი ბუნების გამო, ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ფერია.

ლურჯი ცისა და მარადისობის ფერია. როგორც წესი, იგი სიყვარულთან და მყარ ურთიერთობებთან ასოცირდება, თუმცა აქაც ვხვდებით განსხვავებულ დამოკიდებულებებს, მაგალითად საფრანგეთში ლურჯი შიშის ფერია.

როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ადამიანი, რომელსაც ლურჯი ფერი უყვარს, მოკრძალებული და მელანქოლიკია. ავადმყოფობისა და გადაღლილობის დროს ლურჯი ფერისადმი მოთხოვნა იზრდება, სწორედ ამიტომ საავადმყოფოებისა და სხვადასხვა დასასვენებელი სივრცისათვის ლურჯი ინტერიერი ზედგამოჭრილია.

მწვანე  ბუნების ფერი, ახალგაზრდობისა და მხიარულების სიმბოლოა. ეს არის ფერი, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, სწორედ ბუნებასთან მისი სიახლოვის გამო. ფსიქოლოგების აზრით, ადამიანი, რომელიც მწვანე ფერს ანიჭებს უპირატესობას სხვების გავლენას გაურბის, ამ ფერის მოყვარული ადამიანები მუდმივად ცდილობენ საკუთარ თავში გარკვევას. როგორც კი ადამიანში თვითშეფასების დონე იკლებს და გარკვეული კრიზისები დგება, იგი გაურბის მწვანე ფერს და თავს მეტად ემოციურ, მაგალითად, “ნარინჯისფერს” აფარებს.

რაც შეეხება ინტერიერში მწვანე ფერის გამოყენებას, აქ ზომიერება მთავარ როლს თამაშობს – რამდენადაც დამამშვიდებელია მწვანე, იმდენად გამაღიზიანებელი შეიძლება გახდეს იგი სიჭარბის შემთხვევაში.

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.