“მტკვარი ზოგჯერ მისი არღნის ხმით კვნესისო” – სატრფოს ქამრით შემოსილი ყარაჩოხელი ქალის ისტორია

ქამრიანი სონა ყარაჩოხელი იყო. სამწუხაროდ, უცნობია მისი გვარი, ან რომელ სოციალურ წრეს ეკუთვნოდა. იგი თბილისში დიდი გავლენითა და სახელით სარგებლობდა და ყარაჩოხელების ამქრის თანასწორუფლებიანი წევრი ყოფილა. ქალი იმითაც ყოფილა ცნობილი, რომ  საუკეთესო არღანი ჰქონია, მაგრამ ვიღაცას მოუპარავს და მდინარე მტკვარში გადაუგდია. ძვირფასი ნივთის დაკარგვით შეურაცხყოფილ და სასოწარკვეთილ სონას თბილისი დაუტოვებია და ფოთში გადასულა საცხოვრებლად.

იოსებ გრიშაშვილის ფოტოარქივი

როგორც ამბობდნენ – თუ თბილისელ ყარაჩოხელებს თავიანთი სინდისის კოდექსი ჰქონდათ – სონას საკუთარი კოდექსიც ჰქონიაო, რომელსაც ყველა ყარაჩოხელი პატივს სცემდა. ისედაც გულმოწყალებით ცნობილი ყარაჩოხელებისგან სონა კიდევ უფრო მეტი სათნოებით გამოირჩეოდა, ამიტომაც მისი ხასიათისა და სამოსის ფერის გამო მეტსახელად “მშვიდობის შავ ბაირაღს” ეძახდნენ.

თბილისელ სონას სიყმაწვილიდან ჰყვარებია ერთი ვაჟკაცი ყარაჩოხელი, რომელსაც მძიმე სენი შეჰყრია და უდროოდ წასულა იმ ქვეყნად. სონას გარდაცვლილი სატრფოს ქამარი შემოურტყამს წელზე და გამოუცხადებია – ამიერიდან ჩემი ქალობა მოკვდა – ამ ქამრისა და შავი კაბის ქვეშ ვმარხავო. ამის მერე სონას მამისეული არღანი აუღია და ყარაჩოხელთა ამქარს შეერთებია. ამბობენ, ბევრს თვალს უვსებდა, ბევრსაც გულს უკლავდა, მაგრამ ყველამ იცოდა – რომ სონა ქალი კი არა – ყარაჩოხელი იყო და ხვაშიადს ვერავინ უმხელდაო.

სონა ქვრივ – ობოლთა დიდი შემწეც ყოფილა, ეტყობა, მაინც ვერ ჩაუკლავს გულში ქალობა და დედობრივი გრძნობა. იოსებ გრიშაშვილის ფოტოარქივში შემორჩა “ქამრიანი სონას” ერთადერთი ფოტო.

“სონა მართლა დადიოდა თბილისის ქუჩებში და არღანს აკვნესებდა მანამდე, ვიდრე მისი გულის დარდების ერთადერთი მესაიდუმლე, ვიღაც ბოროტმა მტკვარს არ მისცაო. მას შემდეგ გაქცეულა სონა ქალაქიდან და დაკარგულა მისი კვალიც, თუმცა ხარფუხსა და მეიდანს ისევ ახსოვს სონას ეშხი. მტკვარი კი ზოგჯერ მისი არღნის ხმით კვნესისო, ” – უთქვამთ გრიშაშვილისთვის იმდროინდელ თბილისელებს.

 

წყარო:  “თბილისური ამარკორდი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები