“მამა ყველაზე დიდხანს ბროლიას ეძებდა” – ფი­ლმი, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია

“ჯუნა მიქატაძე მამას მეგობარი გახლდათ, მოქანდაკე, მამამ ფილმში მეკვლეს როლი რომ შესთავაზა, გადაირია, ამხელა კაცი მაგას არ ვიზამო. მამა ჩააცივდა და ჯუნა დათანხმდა”

“ბროლია გაწვრთნილი ძაღლი იყო. რასაც ეტყოდი, ყველაფერს აკეთებდა. მამამ ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიყვანა”

არსებობს რამდენიმე ქართული ფი­ლმი, რომლის გარეშეც ახალი წლის დღესასწაული უბრალოდ წარმოუდგენელია. ერთ-ერთია გურამ პატარაიას სცენარით შექმნილი­ ფილმი “კუჩხი ბედინერი”, რომელიც 1978 წელს გამოვიდა ეკრანებზე. სოფო პატარაიასთვის ყოველთვის საინტერესო იყო მამის საქმე.­ ამან ის ნაყოფი გამოიღო, რომ მანაც სცენარისტის პროფესია აირჩია.

– გადაღებებზე მამას ყოველთვის თან ვახლდი. პატარა ვიყავი, ბევრი რამ არც მესმოდა, მაგრამ ისე მაჩვენებდა თავს, თით­ქოს რაღაც რჩევებს იღებდა ჩემგან. მოგვიანებით მივხვდი, რომ ასე მაჩვევდა მამა დამოუკიდებლობას. ვესწრებოდი ყველა იმ იდეის დაბადებას, რომელიც მომავალში დოკუმენტურ ან მხატვრულ

ფილმად იქცეოდა ხოლმე. მახსოვს, “რეკორდისთვის” სცენარს რომ წერდნენ ის და ამირან ჭიჭინაძე, დროდადრო ათამაშებდნენ სცენებს და თან იგუდებოდნენ სიცილით.

– “კუჩხი ბედინერის” გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია. როგორ იქმნებოდა ფილმი?
– მამასთან გადასაღებ მოედანზე ყოველთვის სადღესასწაულო განწყობა სუფ­ევდა. გაბრაზებული არავის უნახავს. “კუჩხი­ ბედინერიც” ასეთ ვითარებაში გადაიღეს. ისე ხალისობდნენ, ხანდახან ოპერატორი ჩერდებოდა, რადგან მამა რაღაცას იტყოდა და ამას მოჰყვებოდა ხარხარი. სხვათა შორის, ამ ფილმით შედგა ჩემი მეგობრის, ბაია დვალიშვილის დებიუტი კინოში.

მამას წინასწარ ჰყავდა­ ყველა პერსონაჟი წარმოდგენილი. ასე შეარჩია ჯუნა მიქატაძეც, რომელიც მეკვლეს განასახიერებს. იგი მოქანდაკე გახლდათ, მამას მეგობარი და აზრადაც არ მოსვლია ფილმში გადაღება, – რა სისულელეა, ამხელა კაცი მაგას არ ვიზამო. მამა ჩააცივდა და ჯუნა დაითანხმა. ციალა გურგენიძეც არაჩვეულებრივი მსახიობი იყო. ერთი სიტყვა არ იცოდა მეგრული და მამას ვიღაცები მოჰყავდა, მისთვის მეგრული რომ ესწავლებინათ. ყოველი გადაღების წინ კი შეახსენებდა ხოლმე, ციალა, არ დამღუპო, ხომ იცი, როგორც მაწაკი მეგრელი ქალი, ისე უნდა მოიქცეო. ერთ რამედ ღირდა იმის ხილვა, როცა მსახიობებს აჩვენებდა, როგორ უნდა ეთამაშათ ესა თუ ის ეპიზოდი.

– პარიკის მოხსნაც მისი იდეა იყო, თუ ქალბატონი ციალას ინტერპრეტაცია?
– ეს იყო მამას მოგონილი ტრიუკი, რომელიც სცენარში თავიდანვე იყო. მგონი, გაამართლა. სხვათა შორის, ამ ფილმისთვის ყველაზე დიდხანს ძაღლს ეძებდა. საბოლოოდ ბროლია შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიყვანა. გაწვრთნილი ძაღლი იყო. რასაც ეტყო­დი, ყველაფერს აკეთებდა.

– ფილმში არაჩვეულებრივი სიმღერა ჟღერს,­ რომელიც დღემდე პოპულარულია.

– ეს იაკობ ბობოხიძის სიმღერაა, გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე, რომელიც მე და ირაკლი უჩანეიშვილს უნდა გვემღერა. თუმცა საშინლად გავცივდი, ამიტომ ლენა რეხვიაშვილმა იმღერა. ის ამჟამად კიევში ჟურნალისტად მუშაობს… მამა თავს მაინც დოკუმენტალისტად მიიჩნევდა. 7 ფილმი აქვს გადაღებული, განსაკუთრებით უყვარდა “შორია გურჯი­სტანამდე”. რაც შეეხება მხატვრულ ფილმებს, ყოველთვის კომედიურ ჟანრს არჩევდა.­ ფილმის – “თოჯინები იცინიან” სცენარის ავტორი იყო, მერე “რეკორდი” გადაიღო, “კუჩხი ბედინერი”, “პომპიერო” და სხვ.

 

იხილეთ სრულად:

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები