სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში ლეგალურად დასაქმებაში დაეხმარება 

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო უზრუნველყოფს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ ისაუბრა.

„ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან, რათა ისეთი მექანიზმები ამუშავდეს, როგორიც არის ლეგალური დასაქმება, როგორც ალტერნატივა არალეგალური დასაქმებისა.  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო იქნება განმახორციელებელი  იმ მექანიზმებისა, რომელსაც შეათანხმებს სამინისტრო და მთავრობა შესაბამის ქვეყნებთან. სწორედ ამ სააგენტოს ფარგლებში მოხდება იმ ადამიანების აყვანა, რომლებიც საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმდებიან, ისევე როგორც ინფორმირება ადამიანებისა ამ მექანიზმებისა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესახებ”– განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გარდა საფრანგეთისა, ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს ბულგარეთთან და გერმანიასთანაც.

სავარაუდო მოთხოვნების მიხედვით, ლეგალურად დასაქმების მსურველებს ექნებათ ვალდებულება, მათი პროფესიისათვის განსაზღვრული ინდივიდუალური ვადის გასვლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები