ილიკო ზაუტაშვილის გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ილიკო ზაუტაშვილის გამოფენას „როგორ დავეწიოთ მკვდარ კურდღელს“.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მეტწილად 2019 წელსაა შექმნილი და ხელოვნების ენით, მხატვრის მიმდინარე განწყობებს, მისი სააზროვნო და საარსებო სივრცის თავისებურებებს წარმოაჩენს. ესაა ფილოსოფია და პოლიტიკა,  სოციუმი და პირადი ცხოვრება, სექსუალობა და ა.შ. ხელოვნება მისთვის რეალობასთან შეხების საშუალებაა, რის გამოც ის ნაკლებ ყურადღებას უთმობს თანამედროვე ხელოვნების დროებით ტენდენციებს და ცდილობს თავის ნამუშევრებში მარადიულ, ეგზისტენციურ თემებს შეეხოს.

„ხელოვნება რომელსაც მე ვეძებ, პოლარულ მოვლენებს შორის ჩნდება და გლობალურ თემებს ეხმაურება. დამოუკიდებლობა და თავისუფლება სწორედ ის პირობებია, რომელზეც პიროვნების და საზოგადოების ურთიერთობა უნდა აიგოს. ხელოვნება რეალობასთან შეხების და ახალი იდეების გამოვლენის საშუალებაა. ჩემი მიზანი ახალი მნიშვნელობების აღმოჩენაა, რომელიც ცხოვრების დაფარულ და პარადოქსულ კონტექსტს ავლენს“ –  ამბობს მხატვარი.

პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და კოორდინაციით.

გამოფენა გაგრძელდება 19 იანვრამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები