რა უნდა ვიცოდეთ საფრანგეთში უვიზო რეჟიმით სარგებლობისთვის

შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობისას, სხვა წარსადგენ დოკუმენტებთან ერთად, აუცილებელია ყოველ სამოგზაურო დღეზე გაანგარიშებული კონკრეტული თანხის არსებობა. თანხა შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში ინდივიდუალურად, ადგილობრივი ფასებისა და მოთხოვნების მიხედვით ანგარიშდება.

მათთვის, ვისაც სურს საფრანგეთს უვიზო მიმოსვლით გათვალისწინებული მიზნებით იმგზავროს, ქვეყნის მთავრობას ცვლილება აქვს –  იცვლება ყოველდღიური ხარჯის გამოანგარიშების პრინციპი და შესაბამისად, თანხის ოდენობაც.

საფრანგეთში სადღეღამისო ხარჯი გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპით:

  • შესაბამისი მოწვევის ფლობის შემთხვევაში დღიური თანხა – 33 ევრო;
  • თუ პირს არ აქვს მოწვევა, თუმცა აქვს სასტუმროს წინასწარ გადახდილი ჯავშანი, დღიური თანხა – 65 ევრო;
  • თუ პირი არ ფლობს არც მოწვევას და არც სასტუმროს წინასწარ გადახდილ ჯავშანს, დღიური თანხა -120 ევრო;

საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში და გამოფენებში მონაწილეობის საქმიანი შეხვედრების, და მოლაპარაკებების გამართვის მიზნით მოგზაურობა:

– მოწვევის შემთხვევაში, მომწვევმა პირმა ოფიციალური მოწვევა უნდა გააკეთოს საცხოვრებლის მიხედვით, შესაბამისი ქალაქის მერიაში. მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს აღნიშნული მოწვევის ორიგინალი.

გარდა ამისა, ძალაში რჩება შენგენის ზონაში ტურისტული მიზნით მოგზაურობისას წარსადგენი დოკუმენტების სია ( მოთხოვნის შემთხევაში, მოქალაქე ვალდებულია საზღვარზე წარადგინოს:

  • ბილეთი ორივე მიმართულებით
  • სასტუმროს ჯავშნის დასტური ან მერიისგან გაცემული მასპინძლობის ოფიციალური მოწმობა (Attestation d’accueil) ;
  • კონფერენციაზე, შეკრებაზე ან შეხვედრაზე მონაწილეობისთვის კომპანიისგან ან ოფიციალური ორგანიზაციიდან გამოგზავნილი მოწვევის წერილი;
  • სტაჟირებაზე ან სწავლებაზე ჩაწერის დამადასტურებული დოკუმენტი;
  • საჭირო ფინანსური რესურსების დამადასტურებელი ცნობა, ნაღდი ფული, ან საერთაშორისო ბარათი;
  • მგზავრობის მთელი პერიოდისთვის მოქმედი სამედიცინო დაზღვევის მოწმობა, ფრანგულად ან ინგლისურ ენაზე თარგმნილი, რომელიც დაფარავს ყველა სამედიცინო, ჰოსპიტალური მომსახურების და გარდაცვალების ხარჯს, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საფრანგეთში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის სამედიცინო რეპატრიაციის ხარჯებსაც;

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 28 მარტიდან, ბიომეტრული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები, შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მგზავრობენ. მოკლევადიანი ვიზიტი ითვალისწინებს უვიზოდ დარჩენის უფლებას 90 დღით ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. ქვეყნები, რომლებშიც უვიზოდ გამგზავრება არის შესაძლებელი: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია, ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები