”თურმე სადა ვბანაობდი, მჭადი უნდა შევიდეს მსოფლიო საოცრებებში…”

დათო ტურაშვილი საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, რომელიც თავისი პოსტებით ხშირად გვანებივრებს და გვახალისებს. დღეს მის ერთ – ერთ მორიგ ამბავს გთავაზობთ, რომელიც თქვენც არ დაგტოვებთ გულგრილს.

”უმაგრესი ადამიანი იყო ჩემი მეზობელი ფირო ძია. ერთხელ უნბანში გვიყვებოდა: ქორწილში ვიყავი და თვალში, ნასვამზე, სუფრაზე ლამაზად დადებული რაღაც მომხვდაო. ავიღე, ჩავკბიჩე და მთელი ჩემი მწარე ბავშვობა თვალწინ გადამეშალა, ხელში მჭადი შემრჩა, ერთი ოცდაათი წელი მაინც იყო გასული არ მეჭამა , ბავშვობაში კუჭი მაგითა მქონდა გახეხილიო, ისე მეზიზღებოდა , მაგრამ სხვა რო არაფერი იყო , აბა მაშ რას ვიზამდითო…

მე კი პირველი მჭადი  მაშინ გავსინჯე, მძიმე ოთხმოცდაათიანებში, იმ უკიდურეს გაჭირვებაში, საპურე ცომის რიგებში ღაამეების თევა რომ დავიწყე, თუ ცომს ვერ მოვიტანდით, სიმინდის ფქვილი კი გვქონდა და დედაჩემი სახელდახელოდ დააცხობდა ხოლმე, ხან პირდაპირ, ხანაც მაწვნითა და სოდით გააფუებდა, ცოტა შაქარს მოაყრიდა  ცოტა რაღაც რომ შეეცვალა და იმას მივირთმევდით, სახლში შესვლა არ მინდოდა ისე არ მიყვარდა , თან ეგეც ვიცოდი რომ ბევრს ეგეც ენატრებოდათ…

მოკლედ კახელისა და მჭადის ურთიერთობა ეგ ისეა, როგორიც ხაშლამისა და იმერლისა.

ხოდა, აქ საფრანგეთში, რადგანაც სტუმრები მიყვარს , სულ ვცდილობ, ვის რისი მონატრებაც დასცდება ის შევთავაზო ხოლმე, ამიტომაც სიმინდის ფქვილიც სულ მქონდა, ხან პორტუგალიური, ხან ესპანური, ხან ფრანგული და მჭადი მაინც მჭადად რჩებოდა ჩემთვის…

აი, რამოდენი დღის უკან, მეგობარმა ჩამოიტანა ხუთიოდე კილო სიმინდის ფქვილი და ამდენივე უგემრიელესი ცხვრის ყველი. თურმე სადა ვბანაობდი, მჭადი უნდა შევიდეს მსოფლიო საოცრებებში. დილა, შუადღე, საღამო, ღამე და შუაღამე  არ ვიცი მე… დღე – ღამეში ასჯერ ვაკეთებთ და ეს არის განცხრომა, სიამოვნება, სიამტკბილობა, სხეულის თვითოეული უჯრედი გრძნობს, როგორ შედის მასში ეს სასწაული გემო და დოფამინი და სერატონინი უჯრედის ბირთვთან ხან ტანგოს ცეკვავს , ხან სასლსას და ხანაც როკ-ენ-როლს…

პ.ს იმერლებო ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. კახელებო თქვენ კი ნაღდი მჭადი არ გაგისინჯავთ , თორემ ჩემსავით, ამ ამბამდე, ასე საღადაოდ არ აქცევდით…”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები