წიგნი „გიორგი მაჩაბელი“ წიგნის ფესტივალზე

29 დეკემბერს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დაგეგმილ წიგნის ფესტივალზე, ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემის „გიორგი მაჩაბელი“ წარდგენა გაიმართება.

წიგნში „გიორგი მაჩაბელი“, რომლის ავტორები არიან ქართული ემიგრაციის ცნობილი მკვლევრები, პროფესორები რუსუდან დაუშვილი და ოთარ ჯანელიძე, გაშუქებულია საქართველოს თავისუფლებისათვის  მებრძოლის, ეროვნული და პოლიტიკური მოღვაწის, დიპლომატისა და მილიონერი ბიზნესმენის, მსოფლიოში ცნობილ პარფიუმერულ კომპანია „პრინცი მაჩაბლის“ დამფუძნებლის, გიორგი მაჩაბელის ცხოვრება და მოღვაწეობა.

გიორგი მაჩაბელი (1885 – 1935) იმ ქართველ პატრიოტთა წრეს ეკუთვნის, რომელთა სახელებთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს.

ნაშრომი გიორგი მაჩაბლის დაბადებიდან 130-ე და გარდაცვალებიდან მე-80 წლისთავს ეძღვნება და ორენოვანია, დაბეჭდილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. უნიკალური ფოტომასალით ილუსტრირებული ეს მონოგრაფია მოგვითხრობს და ეპოქის ფონზე გვაცნობს გიორგი მაჩაბლის ცხოვრების გზას, რომელიც საქართველოში დაიწყო და ამერიკის შეერთებულ შტატებში შეწყდა.

წიგნი საქართველოს პარლამენტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და გამოიცა. ნაშრომის რედაქტორია პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.

ქართულ ემიგრანტულ ჟურნალ „სამშობლოს“ (პარიზი, 1935, N17-18) შეფასებით: „განთავისუფლებული საქართველო და მომავალი თაობანიც იამაყებენ იმ თავგადასავლით, რომლითაც ძვირფასმა გიორგიმ დაამშვენა ერთ-ერთი ულამაზესი, უსაშიშროესი და უღრმესი განცდებით სავსე ფურცელი ჩვენი ახალი ისტორიისა“.

წიგნის წარდგენაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები