ჩინური ხელოვნება ეროვნულ მუზეუმში

საქართველოს ეროვნულ მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“, რომელიც ეძღვნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილეს. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ასევე გაიმართება გამოფენისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია.

ჩინეთი, როგორც აღმოსავლური ცივილიზაციისა და კულტურის გამოკვეთილი ლიდერი, უკვე ადრეული შუა საუკუნეებიდან ერთგვარ კანონმდებლად იქცა არქიტექტურის, სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების არაერთ დარგში. ამაზე მეტყველებს ის უდიდესი და უმდიდრესი მემკვიდრეობა, რომელიც ძველი ჩინური კულტურისგან ერგო მსოფლიოს.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ჩინური ხელოვნების ნიმუშები დასტურია იმ დიდი ინტერესისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ჩინური კულტურის მიმართ არსებობდა. მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას თვალი გავადევნოთ ჩინური ხელოვნების განვითარების გზას ადრეული შუა საუკუნეებიდან თანამედროვეობამდე.

გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები, უპირველესად, ფართო ქრონოლოგიური და გეოგრაფიული თვალსაზრისით იქცევს ყურადღებას. პირველი დარბაზი ეთმობა საქართველოსა და ჩინეთის – ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობათა ამსახველ არტეფაქტებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო პოსტერებს. პირველად გამოიფინება XX საუკუნის 80-90-იან წლებში საქართველოში სტუმრად მყოფი ჩინელი მხატვრების – ჩენ ჩუანისა და ძიანგ შილუნგის ქართულ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. მეორე დარბაზში წარმოდგენილია ძველი ჩინეთის მატერიალური კულტურის ძეგლები – ჩინური ქსოვილის, ფაიფურის, მინიატიურის, ჩინური ნაქარგობის, ფერწერის, იარაღისა თუ ბუდისტური მცირე პლასტიკის რჩეული ნიმუშები. მესამე დარბაზი კი ეთმობა უახლეს ეპოქას. პირველად გამოიფინება XX საუკუნის 50-60-იანი წლების სააგიტაციო პლაკატები, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებისა და ადრეული პერიოდის ქრონიკებს აცოცხლებს.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო.

გამოფენა 27 დეკენბერს გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.