სიღნაღის მუზეუმში ჰენრიკ ჰრინევსკის ნამუშევრების გამოფენა და მის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

17 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში ჰენრიკ ჰრინევსკის (1869-1938) ნამუშევრების გამოფენა და მის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

გამოფენა და წიგნი  ჰენრიკ ჰრინევსკის 150 წლის იუბილეს ეძღვნება.

ჰენრიკ ჰრინევსკი საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტების შთამომავალი გახლდათ, რომლის სახელიც უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ქართულ მხატვრობაში. იგი იყო ილია ჭავჭავაძის თხზულებების პირველი ილუსტრატორი (1914 წ), სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის პროექტის ავტორი ანატოლი კალგინთან ერთად და ასევე შენობის ინტერიერის მოხატულობის ავტორი (1912-1916), თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი დაარსებიდან 1937 წლამდე აკადემიის პროფესორი. ჰენრიკ ჰრინევსკი 1910-1920-იან წლებში მონაწილებდა ქართული ხუროთმოძღვრების შემსწავლელ ექსპედიციებში და შესრულებული აქვს შუა საუკუნეების ძეგლების ჩანახატები, რომელთაც დღეს მხატვრული და ისტორიული ღირებულება აქვს.

ჰენრიკ ჰრინევსკი სტალინური რეპრესიების მსხვერპლია. იგი 1938 წელს დახვრიტეს ჯაშუშობის ბრალდებით. მისი საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია.

სიღნაღის მუზეუმში გამოიფინება ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცული ჰენრიკ ჰრინევსკის ნამუშევრები. ასევე შედგება ეკა კიკნაძის წიგნის „ჰენრიკ ჰრინევსკი“ პრეზენტაცია. წიგნი აერთიანებს ჰრინევსკის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევას, სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს და საარქივო მასალას, რომელთა დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება.

წიგნი გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისში პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით.
გამოფენა თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.