როგორ შევქმნათ მყუდრო და თანამედროვე ინტერიერი – იოსებ ბარამაშვილის რჩევები
შენობა-ნაგებობის აშენების მთავარი მიზანი შეიძლება ითქვას, რომ გარემოსა და ბუნებრივი პირობებისაგან გამოყოფილი შიდა სივრცის ორგანიზებაა. შექმნა თანამედროვე ინტერიერი ნიშნავს, ერთდროულად პასუხი გასცე რიგ მოთხოვნებს, რაც ორგანულად ითავსებს ამოცანათა მთელ კომპლექსს – ფუნქციურს, მოცულობით-სივრცობრივს, საინჟინრო-ტექნიკურსა და მხატვრულ-ესთეტიკურს.
ინტერიერის დიზაინერი არის ადამიანი, რომელიც თქვენს სურვილებს – მოაწყოთ ბინა გემოვნებით, თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად, შექმნათ სივრცისა და სიმყუდროვის შეგრძნება – რეალობად აქცევს. უფრო სწორედ კი, მოსალოდნელი რეალობის ვიზუალიზების, დეტალებზე მუშაობის, დაფიქრებისა და პრიორიტეტების დალაგების, განსხვავებული ინსპირაციების მიღების საშუალებას მოგცემთ.
იოსებ ბარამაშვილი ახალგაზრდა არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია, რომელიც რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს ამ სფეროში, ქმნის განსხვავებულ, საინტერესო დიზაინს და ცდილობს, საკუთარი ახლებური ხედვით არსებული და ხშირ შემთხვევაში მოძველებული მიდგომები შეცვალოს.
იოსები საკუთარ გამოცდილებასა და შეხედულებებს „ქართული კვირის“ მკითხველს უზიარებს.
_ უპირველეს ყოვლისა, ეს არის დამკვეთი და მისი ინტერესები. როცა ქმნი სახლის დიზაინს, უნდა მოარგო იგი ადამიანს. ამიტომ ვითვალისწინებ იმას, ვინ უნდა იცხოვროს, როგორი გემოვნება აქვს მფლობელს, რა ასაკისაა, რა სტილი შეიძლება მის ხასიათს მოერგოს. მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების რაოდენობასაც, მაგალითად, ჰყავთ თუ არა ბავშვები. ასევე მნიშვნელოვანია, გქონდეს იმავე სივრცეში მუშაობის საშუალება, რომლის დიზაინსაც აკეთებ – უშუალოდ ყოველთვის უკეთ აღიქმება გარემო.
_ შეიძლება თუ არა გეგმარებისას გაუთვალისწინებელმა დეტალებმა ინტერიერზე მუშაობისას სირთულეები შექმნას – ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში სწორად დაგეგმარებულ ბინას?
_ ფაქტობრივად, გადამწყვეტი. ხშირად ხდება ხოლმე რომ არასწორი გეგმარების გამო, ინტერიერში ბევრი რამის შეცვლა გვიწევს. შეილება, ეს იყოს ტიხრები, სველი წერტილების განლაგება და ა.შ. შესაბამისად, ხან ვამატებთ და ხან ვაკლებთ რაღაცებს, რომ დეტალები ერთმანეთს მოვარგოთ.
_ რა არის ის დეტალები, რომლებსაც აუცილებლად აქცევთ ყურადღებას დიზაინის კეთებისას ?
_ ჩემი დავალება იწყება დამკვეთის სურვილებისა და სტილის ერთმანეთთან მორგებით. ამის შემდეგ იწყება ფიქრი ავეჯის განლაგებაზე, კედლების ფერსა და სხვა დეტალებზე. როცა მომხმარებელი ჩემი გაკეთებული დიზაინის მიხედვით განალაგებს ავეჯს, მას არ უნდა სჭირდებოდეს გარკვეული დირექტივების შეტანა.
_ რამდენად ითვალისწინებს დამკვეთი რეკომენდაციებს?
_ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია უშუალო კომუნიკაცია. ადამიანი დიზაინერთან მოდის იმიტომ, რომ გვენდობა და ფიქრობს, რომ ჩვენ მეტად კომპეტენტურები ვართ. ამიტომ არგუმენტი ასეთია – რადგან გადაწყვიტე, რომ ამ ყველაფერში პროფესიონალის ჩარევა გჭირდება, მაშინ მისი რჩევებიც უნდა გაითვალისწინო.
_ უნდობლობა შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ ინტერიერი ყოველთვის არ გამოდის ისეთი, როგორიც დიზაინერის კომპიუტერში, ე.წ. რენდერზე ჩანს…
_ აქ დიზაინერის კომპეტენციას აქვს მნიშვნელობა. ელემენტარულით რომ დავიწყოთ – საღებავის ყველა ფერს მინიჭებული აქვს საკუთარი საერთაშორისო კოდი. როცა ვაკეთებ დიზაინს, ზუსტად ვიცი, რა ფერი გამოვა ის რეალობაში. არიან დიზაინერები, რომლებიც უბრალოდ აკეთებენ მოდელს და შემდეგ დამკვეთმა თავად უნდა იფიქროს იმაზე, რომელი ნომერი საღებავი შეიძლება იყოს ეს და როგორი გამოვა რეალურად. შესაბამისად, დიზაინერმა უნდა იცოდეს, რომელი დეტალი როგორი გამოდის, როგორი შეიძლება გამოჩნდეს სხვადასხვა განათებით, რომ რეალურთან მაქსიმალურად დაახლოებული სურათი აჩვენოს დამკვეთს.
_ რა მასალებს ანიჭებთ უპირატესობას ინტერიერში მუშაობისას?
_ აქაც გადამწყვეტი ჩვენ მიერ არჩეული სტილია. თუმცა, უნივერსალურ მიდგომად შეიძლება ჩაითვალოს ბუნებრივი მასალების გამოყენების უპირატესობა, მაგალითად გრანიტი, რომელიც სხვადასხვაგვარად დამუშავების შემთხვევაში, შეიძლება გამოვიყენოთ როგორც კედელსა და იატაკზე, ასევე ავეჯზეც კი.
_ რომელია უფრო ოპტიმალური გადაწყევტილება – კედლების შეღებვა თუ ე.წ. შპალერის გაკვრა ?
_ რა თქმა უნდა, შეღებილი კედელი გაცილებით პრაქტიკულია. ქაღალდი შედარებით მალფუჭებადია, გაცილებით მალე ისვრება, დაზიანების შემთხვევაში, რთულია განახლება – უნდა მოიხსნას მთელს კედელზე და ხელახლა გაიკრას. საღებავის შემთხვევაში კი შეიძლება კონკრეტული დაზიანებული მონაკვეთი გადაიღებოს ისე, რომ ცვლილება სრულიად შეუმჩნეველი დარჩეს. გარდა ამისა, საღებავს გაცილებით თბილი და მყუდრო გარემოს შექმნის უნარიც აქვს.
_ რა ქმნის სახლში სიმყუდროვის განცდას და რამდენად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში სწორად შერჩეული განათება?
_ საუბარი ბუნებრივი განათებით უნდა დავიწყოთ, მაგალითად, საძინებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათებისა და განიავების საშუალება. წარმოუდგენელია, ადამიანს ეძინოს ოთახში, რომელსაც არ აქვს ფანჯარა და ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქიკა – პირდაპირ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. აუცილებელია, მისაღები იყოს ნათელი და პირდაპირ ხვდებოდეს მზის სხივები. მუდმივად ხელოვნური განათების გამოყენება არაა ოპტიმალური. ადამიანს უნდა შეეძლოს, აღიქვას სივრცე – ფანჯარაში გაიხედოს და დაინახოს გარემო, მისგან დისტანცირებული საგნები.
_ რა ტიპის განათება ქმნის უკეთეს გარემოს? ჭაღი თუ ზონებად გამოყოფილი ?
_ ალბათ, ესეც გემოვნების საკითხია, თუმცა, კარგია, როცა საგნებს აქვს ინდივიდუალური განათება. ინტერიერში მკვეთრი ეფექტების შემოტანა შეიძლება ხელოვნური განათების მეშვეობით. მაგალითად, თუ კედელზე ნახატი ჰკიდია და განათების წყარო ჭაღია, ნახატი სულ სხვაგვარად აღიქმება – ირეკლავს სხვა საგნებს. ინდივიდუალური განათებით კი შეიძლება აქცენტი გაკეთდეს იმაზე, რის გამოჩენაც გვსურს და დაიმალოს ის, რაც არ მოგვწონს. რაც შეეხება მისაღებ ოთახს, აქ აუცილებელია ცენტრალური განათების არსებობა, რადგან თუ საერთო სივრცეში ყველაფერს ცალ-ცალკე გავანათებთ, ორიენტაცია მოხდება კონკრეტულ საგნებზე და ერთიანობის შეგრძნება დაიკარგება.
_ როგორ უნდა მივაღწიოთ პატარა ფართის მქონე ბინაში მეტი სივრცის ქონის ეფექტს? როგორ უნდა გავზარდოთ სივრცის შეგრძნება?
_ მცირე ფართის მქონე ბინაში, ჯობია, ღია ფერები გამოვიყენოთ, მაგალითად, სივრცეს ზრდის ღია ცისფერი – გარემოსთან შესაბამისობაში მოჰყავს. ყველაზე ეფექტური არის სარკის გამოყენება, მათ შორის, ჭერზეც – თუმცა, ეს შედარებით ძვირია. სარკის გამოყენებასაც აქვს თავისი წესები, მაგალითად, შეიძლება, ოთახის კუთხეში განთავსდეს ორი სარკე ერთმანეთთან 90-გრადუსიანი კუთხით, რაც შემიქმნის შეგრძნებას, რომ ის კუთხე საერთოდ არც არსებობს.
_ რა როლი აქვს სივრცის გასაზრდელად განათებას?
_ რაც უფრო ნათელია სახლი, მით უფრო იქმნება დიდი სივრცის არსებობის ილუზია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არც აქ უნდა გადავამეტოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, პატარა სივრცე არ დავტვირთოთ ავეჯით, საგნების მინიმალისტური გამოყენება გაზრდის სივრცის აღქმას.
_ რამდენად მომგებიანია კონტრასტი და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ თამამი ინეტერიერის შექმნის მცდელობისას არ გადავამლაშოთ?
_ სახლი უნდა იყოს, მყუდრო, ლამაზი და ეფექტური – დეტალების მეშვეობით. კონტრასტი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს. უბრალოდ აქაც საინტერესოა კონკრეტული „წესები“ – მაგალითად, არ შეიძლება, ერთდროულად გამოვიყენოთ მწვანე და ნარინჯისფერი ტონები. კონტრასტსაც გრადაცია უნდა ქმნიდეს. გარდა ამისა, არ შეიძლება სახლი იყოს მთლიანად თეთრი ან გამოვიყენოთ ე.წ. ელექტრიკი ფერები – ეს არის ის, რასაც არასდროს გავაკეთებ ინტერიერზე მუშაობისას, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა დამკვეთის სურვილი.
_ რა სურს დამკვეთს?
_ ხშირად ეს არის აბსურდული იდეა – იყოს ძალიან კარგი და ამავდროულად იაფი. აქვთ უცნაური სურვილებიც, მაგალითად, ბინაში, სადაც შეიძლება გაკეთდეს ძალიან თანამედროვე და განსხავებული ინტერიერი, სურთ ბაროკოს სტილის ავეჯი და „სტენკა“. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ამ მხრივ, გაცილებით კომფორტულია ქალებთან მუშაობა – ქალები ხედავენ სიმარტივეში კომფორტსა და ორიგინალურობას.
_ რა წარმოადგენს ინტერიერზე მუშაობის მთავარ სირთულეს?
_ უპირველეს ყოვლისა, რთულია, დამკვეთს მოაწონო ის, რასაც შენ ფიქრობ. ხშირად ამბობენ, რომ რაღაც კონკრეტულად ასეთი წარმოუდგენიათ, თუმცა როცა საკუთარი სურვილების ვიზუალიზაციას ხედავენ, იცვლიან შეხედულებებს. ესეც გარკვეულწილად ჩვენი მოვალეობაა, დავანახოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, ვაჩვენოთ საკუთარი იდეა სხვადასხვა რაკურსით და დავუსაბუთოთ ჩვენი შეხედულების უპირატესობები.
ავტორი: თამუნა ზარანდია
რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი", კომპანია, რომელსაც ემიგრანტები ენდობიან.