ვახტანგ ბერიძე – «ინსტიტუტის ისტორიიდან»

გალერეა ნექტარში, დეკემბრის ბოლომდე, შეგიძლიათ დაათვალიეროთ გამოფენა: ვახტანგ ბერიძე – «ინსტიტუტის ისტორიიდან» -1941-42 წლების ნამუშევრები. 

ვახტანგ ბერიძემ  დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. 1941 წლიდან (ინსტიტუტის დაარსებიდან) გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის  ინსტიტუტის თანამშრომელი იყო. ხოლო  1973-1988 და 1996-2000 წლებში მისი დირექტორი, შუალედში კი მისი საპატიო დირექტორი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

თავის მოგონებებში ის წერს:

«ომმა ყველას ბევრი მწუხარება მოუტანა. დროდადრო ვგებულობდით ხან ერთი ნაცნობისა და მეგობრის, ან ნათესავის დაღუპვის ამბავს, ხან მეორისას. სხვაც ბევრი იყო სამწუხარო და საზრუნავი. დიდი გაჭირვება გადავიტანეთ, როცა ჩვენს კორპუსში ლენინგრადიდან ევაკუირებული სახელოსნო სასწავლებელი შეასახლეს, ჩვენ კი რუსთაველის პროსპექტის კორპუსში მოგვიხდა გადაბარგება, არა მარტო ინსტიტუტის ნივთებით, არამედ ძველი ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენის ექსპონატებითაც – გამოფენა მომზადებული იყო გასახსნელად, მაგრამ მუშაობა გვშველოდა, თანაც ახალგაზრდები ვიყავით და რაიმე კომპენსაცია გვჭირდებოდა, გვჭირდებოდა სიხარული, მხიარულება. ხანდახან ავიწყვეტდით ხოლმე და სამსახურის დრო რომ გათავდებოდა, დავიწყებდით სახუმარო ცეკვას, რაღაცას მაზურკის მსგავსს, რომელშიც თითქმის ყველანი მონაწილეობდნენ, თვით დინჯი, მეტისმეტად მოკრძალებული სარა ბარნაველი და ვანო შაფაქიძეც კი (მის ცეკვას დაერქვა „პა დე შაფ“). მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ხანმოკლე და იშვიათი ეპიზოდები იყო. უფრო სტაბილური ხასიათი ჰქონდა ჩემს კარიკატურებს, რომელთაც მაშინ ძალიან ინტენსიურად ვხატავდი ხან კრებებზე, ნატურიდან, ხან მეხსიერებით, ზეპირად. კარიკატურები პორტრეტული იყო, უმეტესად კი – სცენები ჩვენი სექტორის (შემდეგ ინსტიტუტის) ცხოვრებიდან. მე მგონი, დაუხატავი არ დამრჩენია არც ერთი აკადემიკოსი, არავინ, ვინც კი ჩვენთან შემოიხედავდა, ჩვენი მეზობლებიც – მუზეუმის თანამშრომლები (უფრო გვიან, წლების განმავლობაში, მათ მიემატნენ მწერლები, არქიტექტორები, სხვებიც). ჩემი მთავარი და ყველაზე ხშირი ობიექტები იყვნენ ლეო რჩეულიშვილი და თინა ვირსალაძე…

ახლა, ორმოცზე მეტი წლის შემდეგ, კარიკატურები ჩვენი მაშინდელი ცხოვრების თავისებურ მატიანესავით არის. თანაც, მათ რომ ვათვალიერებ, განსაკუთრებით ნათლად ვგრძნობ, როგორ გამოვიცვალეთ მას შემდეგ, როგორ დავბერდით.’’

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები