„ქართველთა თავსაბურავი“- ს პრეზენტაცია
11- დან 20 დეკემბრამდე ხელოვნების სასახლში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წიგნის პრეზენტაცია „ქართველთა თავსაბურავი“ გაიმართება.
500 გვერდიანი, ორენოვანი კატალოგი ფართომასშტაბიანი სამეცნიერო პროექტის ნაწილია და „ქსოვილი საქართველოდან“ გამოცემის მეორე ტომს წარმოადგენს. ენციკლოპედიურ ნაშრომში შესულია როგორც ხელოვნების სასახლის, ასევე ამავე სასახლის ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციები.
იგი 500-ზე მეტ მაღალი ხარისხის ილუსტრაციას მოიცავს და ადრეული შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნუმდე ქართველთა ჩაცმულობის ისტორიაზე გვიყვება.
წიგნს ქართული გვირგვინების, ქუდების და ქსოვლის გრაფიკული ფორმების სამი ატლასი ერთვის.
პროექტის ფარგლებში წიგნის პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნება ქართული ისტორიული ქსოვილისა და თავსაბურავის გამოფენაც. ექსპოზიცია თინათინ კლდიაშვილისა და ეკატერინე გეგუჩაძის მიერ, ისტორიული ფრესკების მიხედვით აღდგენილ ქსოვილებსა და იმ უნიკალურ ქართულ სარიტუალო გვირგვინს გააერთიანებს, რომელსაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თავდაპირველი იერსახე დაუბრუნდა.
რესტავრატორებისა და იუველირების მიერ 6 თვის მანძილზე განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გვირგვინს უწინდებურად ამშვენებს 48 ბრილიანტი, 1 დიდი ოქროსფერი სამეფო ტოპაზი, 7 ზურმუხტი, 48 ძოწი, 19 ჟადეიტი, 12 ფირუზი, 8 ციტრინი და 12 მთის ბროლი.