ნიკო ბაგრატიონი (ბური) – მებრძოლი საქართველოდან

ნიკო ბაგრატიონი, იგივე ნიკო  ბური მე-19 და მე-20 საუკუნის დამდეგის ერთ – ერთი გამოჩენილი მოღვაწე,  1868 წ. დაიბადა მუხრანში,  გიორგი და ანა ბაგრატიონების ოჯახში. იგი  ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს ეკუთვნოდა და  არჩილ II შთამომავალი იყო. მშობლებმა იგი მეომრად და მსროლელად აღზარდეს.

აფრიკაში ლომებზე ნადირობის სურვილით შეპყრობილი ნიკო ბაგრატიონი 1899 წელს პეტერბურგს გაემგზავრა,  იქიდან კი პარიზში, შემდეგ მარსელის გავლით ალექსანდრიაში ეგვიპტეში ჩავიდა. მისი ჩასვლა  ინგლისელებისა და ბურებს შორის ომს დაემთხვა. ნიკო ბაგრატიონი, როგორც მოხალისე, ინგლისელების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი ახლოს გაეცნო ტრანსვაალის პრეზიდენტს პაულუს კრიუგერს, გამოჩენილ სარდლებს პეტრუს ჟებერსა და ლუის ბოტას.

ნიკო ბაგრატიონი სრულ თანაგრძნობას უცხადებდა ბურებს: “ბურების მდგომარეობა როგორღაც მაგონებდა ჩემს სამშობლოს და მწამდა თუ შევერკინებოდი ბურების მტრებს, ეს იმას ნიშნავდა, რომ მე ამით სამაგიეროს გადავუხდიდი ჩემი ქვეყნის მტრებსაც.”– წერდა იგი მემუარებში.

ერთ–ერთი შეტაკების დროს ნიკო ბაგრატიონი ინგლისელებს ჩაუვარდა ტყვედ და ასევე ტყვედ ჩავარდნილ 100 ბურთან ერთად მას დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა, როგორც სამეფო საგვარეულოს შთამომავალს, განაჩენი წმ. ელენეს კუნძულზე გადასახლებით შეუცვალეს. საიდანაც იგი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.

სამშობლოში გამგზავრების წინ მისთვის ტყვე ოფიცრების ჰოლანდიურ ენაზე დაწერილი ადრესი გადაუციათ:

„მოწყალეო ხელმწიფევ“! ჩვენ, ტრანსვაალისა და ორანჟის რესპუბლიკის ტყვე ოფიცრები, ამ წერილით მადლობას გიცხადებთ იმისათვის, რომ თქვენ აჰყევით თქვენი კეთილშობილური გულის რაინდულ ლტოლვას, არ დაზოგეთ არც შრომა, არც ხარჯი და პირადად მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს ბრძოლაში ინგლისის ურიცხვი ჯარების წინააღმდეგ. ჩვენი მართალი საქმისათვის თქვენ სიცოცხლის შეწირვა განიზრახეთ. ერთხელ კიდევ გმადლობთ იმ მამაცობისათვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ. იმედი გვაქვს, რომ სამშობლოში დაბრუნებისას ყოველთვის თანაგრძნობით გაიხსენებთ ჩვენს სამართლიან საქმეს. ჩვენ კი პირობას გაძლევთ, რომ ყველა იმას, რაც თქვენ, უცხოელმა, ჩვენთვის გააკეთეთ, ჩვენი ხალხი ყოველთვის მოიგონებს. იყოს კურთხევა ღვთისა თქვენსა ზედა. ეს არის ჩვენი გულწრფელი სურვილი“.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ნიკო ბაგრატიონმა ღიად გაილაშქრა ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ. მან დაკარგა მთელი ქონება, თუმცა სასწაულით გადაურჩა ბოლშევიკურ “წმენდას”, რომელმაც ფაქრობრივად მოსპო ქართველი თავად–აზნაურობა. ქალიშვილები ირინა და ნატალია საფრანგეთში გაგზავნა, თვითონ კი თავისი ცხოვრების ბოლო წლები სამშობლოში უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. ნიკო ბურმა დაწერა წიგნი “ბურებთან”, სადაც აღწერა თავის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება.

ნიკო ბური გარდაიცვალა თბილისში 1933 წელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები