ვინ იყო ქართველი ქიმიკოსი, რომელიც ამერიკის უმდიდრეს ადამიანად 4-ჯერ დასახელდა

გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, 1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში რაჭველი გლეხის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, შემდეგ – სოფლის მღვდელთან. დიდ ნიჭთან ერთად, კარგი ხმა და მუსიკალური სმენა აღმოაჩნდა, თუმცა სწავლის გაგრძელების ნაცვლად 10 წლის ასაკში თავგადასავლების საძებრად სახლიდან გაიპარა.

კითხვა–კითხვით ჩავიდა ჯერ ქუთაისში, შემდეგ – ბორჯომში, სადაც ახალგახსნილ მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი მემანქანედ მუშაობდა. სწორედ ბორჯომში დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო და შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის საკუთარი მეთოდიც. მომდევნო წლების განმავლობაშ იგი ჯერ თბილისში,შემდეგ კი ოდესასა კრასნოდარში მუშაობდა.

1907 წელს გრიგოლ კობახიძე პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და გერმანელი სპეციალისტების დახმარებით შექმნა შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო, თუმცა 1908 წლის დასაწყისში ლონდონში გადავიდა. 1909 წელს მეუღლესთან ერთად, საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. იმ დროს ამერიკაში საკმაოდ იყვნენ ქართველები, მათ შორის რაჭველები, რომელთა ნაწილს ჩვეული ხელობისათვის, მეპურეობისათვის მოეკიდა ხელი. მათი დახმარებით გრიგოლი ნიუ–იორკში მოეწყო და პურის ცხობით ირჩენდა თავს. 9 წელი მეუღლესთან ერთად იმუშავა “ჯენერალ ელექტრიკის” ფირმაში და ფულს აგროვებდა საკუთარი საქმის წამოსაწყებად. გამომგონებლური ნიჭითაც გამოირჩეოდა. მისმა შექმნილმა ავტომატურმა საწერ–კალამმა რამდენიმე პატენტი მიიღო. ვაჭრობდა საკანცელარიო ნივთებითაც.

1919 წელს გრიგოლ კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატში დიდი ქარხანა გამართა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ The Cobi Glass Produkrs Company-მ, რომელიც 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა (სამედიცინო, ქიმიური, ლაბორატორიული, ფანჯრის მინები, ოთახის გასატიხრი მინები და სხვ.) სახელი გაითქვა აღმოსავლეთ შტატების სამრეწველო  ცხოვრებაში.წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, შემოსავალი 4 მილიონს. მილიონერის სტატუსის მიუხედავად, გრიგოლ კობახიძე უსაქმოდ არასდროს მჯდარა – მისი 60-ზე მეტი პატენტი პრესტიჟს მატებდა წარმოებას. ჯორჯ კობი ამის წყალობით ძალიან გამდიდრდა და მულტიმილიონერად იქცა. პირველი, რაც მან ამის შემდგომ გააკეთა, სათამაშოების მაღაზიისა და უპოვართათვის სასადილოების ქსელის გახსნა იყო. 1925 წელს ქართველი ქიმიკოსი ამერიკის უმდიდრეს ადამიანად მეოთხედ დაასახელეს – იმ დროისათვის ეს საოცრება იყო.

გრიგოლს დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებულიყო და იქ გაეგრძელებინა თავისი საქმე, მაგრამ 1918-21 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სურდა საქართველოში მინის დიდი ქარხნის აგება. მაგრამ ბოლშევიკებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა. 1924-28 წლებში ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში. აქტიურად ეხმარებოდა საკუთარ სოფელს: მხარში ედგა გაჭირვებულებს, ააშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია, მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლშევიკებმა მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს, ამიტომ გრიგოლ კობახიძე სასწრაფოდ გაეცალა სამშობლოს.

1929 წელს დაიწყო თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით არნახული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. დიდი დეპრესიის პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, რის გამოც 1930 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა. კობი ფარ–ხმალს არ ყრიდა და თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ–კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა. ჯორჯ კობი ამზადებდა სუნამოს ფლაკონებს გიორგი მაჩაბლის ფირმისთვის “Prince Matchabeli”.

1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობიმ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და 2 მილიონი დოლარი. როდაილენდის შტატში გახსნა ქარხანა, რომელიც უშვებდა პროდუქციას ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიებისათვის, საველე ჰოსპიტალებისა და საავადმყოფოებისათვის. ჯორჯ კობის ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე მოკავშირეებს. მან მალევე გაისტუმრა მთვარობის ვალი და კაპიტალის დაგროვებას შეუდგა.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობიმ სიახლე დანერგა თავის წარმოებაში – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. “Babel Lamps”, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც “ორნამენტი” უწოდა.

გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. მას შვილი არ ჰყავდა და სურდა კომპანიონად მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნა. როგორც ჩანს ქართველთაგან ვერავინ დააინტერესა წარმოებით. გრიგოლ კობახიძის წერილებიდან ირკვევა, რომ თავის დროზე ძმისშვილების, ან ახლო ნათესავების წაყვანა უნდოდა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო, იძულებული იყო, საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.

 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები