“საქართველოს მზარდი ძალა” – ბრიტანელი დიპლომატის ბლოგი საქართველოზე

“გემრიელი ღვინოდან და საჭმლიდან დაწყებული – სტუმართმოყვარე ხალხამდე, წარმოუდგენელი პეიზაჟებიდან – ძლიერი ქალაქებამდე. შესანიშნავი ღვინოები, ბოჰემური რესტორნები, სუნთქვისშემკვრელი პეიზაჟები, მომხიბლავი არქიტექტურა და ძლიერი ქალაქები  საქართველოს ძალაა“ –  წერს ფრეიზ კამერონი, ევროკავშირის აზიის ცენტრის დირექტორი და იმ სამოქმედო გეგმის ავტორი, რომელიც  ევროკავშირსა და აზიას შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას 2011 წლიდან ემსახურება. ის არის ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი და ევროკავშირის ოფიციალური პირი,  რომელიც მოწვეული პროფესორია აზიის რამდენიმე უნივერსიტეტში.

„უფრო და უფრო მეტ ადამიანს უყვარდება საქართველო. პატარა ქვეყანა, დაახლოებით ირლანდიის ზომის, რომელსაც საოცარი ტოპოგრაფია აქვს – ისეთივე  მთებით, როგორიც ალპებია და პლაჟები, რომლებიც ბევრ ცნობილ ადგილს გაუწევენ კონკურენციას. შეგიძლიათ იბანაოთ შავი ზღვაში, გაისეირნოთ მთაში ან თხილამურებით ისრიალოთ მთებში ან სულაც ქალაქის ცხოვრებით დატკბეთ.

მისმა მდებარეობამ გეოგრაფიულ, კულტურულ და ცივილიზაციურ გზაჯვარედინზე, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ისევე, როგორც მისმა გრძელმა, რთულმა და ზოგჯერ ტრაგიკულმა ისტორიამაც შექმნა მისი კულტურა, განსაზღვრა მისი ხასიათი და აქცია ის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, გამორჩეულ და მაგიურ ადგილად მსოფლიოში.

გომის მთა – ანრი არსენიშვილის ფოტო

ამას დაამატეთ მსოფლიოში უძველესი მეღვინეობის ინდუსტრია, შესანიშნავი სამზარეულო და კულტურული ფესტივალები –  მარტივად მიხვდებით, რატომ იზიდავს საქართველო მაგნიტივით სულ უფრო და უფრო მეტ  ტურისტს.

საქართველო ამაყობს იმით, რომ სწორედ ის ითვლება მეღვინეობის დაბადების ადგილად და ამასთანავე, გამორჩეულია 500-მდე ენდემური ყურძნის ჯიშით. არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება, რომ ქართველები საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდნენ ღვინოს თიხის ჭურჭელში (ქვევრი). იუნესკომ აღიარა ღვინის დუღილის ქართული ტრადიციული მეთოდი, როგორც მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი. ეს ტექნოლოგია დღესაც ცოცხალია.

მარანი – მარიო პარალის ფოტო

საქართველო ასევე განთქმულია უნიკალური სამზარეულოთი. ტრადიციული კერძებში შედის ბადრიჯანი (შემწვარი ბადრიჯანი კაკლის სოუსით), ხაჭაპური (ყველი-პური), ლობიო (ლობიოს წვნიანი), ხინკალი და აჯაფსანდალი.

ტურიზმი ახლა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რომელიც 2018 წელს მშპ-ის  8%-ს   შეადგენდა. უცხოელმა ტურისტებმა შარშან საქართველოში 3 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯეს. მიმდინარე წლის რვა თვეში სამ მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია საქართველოს, რაც 19%-ით მეტია წინა წლის მონაცემთან შედარებით.

ტურისტების უმეტესობა თბილისში რამდენიმე დღეს  ატარებს-  ენერგიულ დედაქალაქში, რომელიც გამოირჩევა  შესანიშნავი და  ზღაპრული რესტორნებით, ბარებით, გალერეებითა და მუზეუმებით. სოლოლაკის არტ ნუვოს რაიონში, პატარა სახლებში და რთულად მოჩუქურთმებული ხის აივნების ქვეშ საუკეთესო და ყველაზე ბოჰემური რესტორნები მდებარეობს.

ფოტო – ოლგა გოვორკო

ბათუმის ზღვისპირა კურორტი უბრალოდ სანაპირო და ლამაზი არქიტექტურა არაა. ქალაქს აქვს მომხიბლავი ძველი ნაწილი, საოცარი ბოტანიკური ბაღი და შესანიშნავი ეკლესიები. ქუთაისს კი ხშირად უყურებენ ტურისტები, როგორც საქართველოს სიდიდით მეორე შეთავაზებას. თავგადასავლების ძიებაში  აქ ყველაფერს ნახავთ.

ცხადია, საქართველოში კლასიკური მუსიკის მდიდარი ტრადიცია არსებობს. ბევრი ქართველი საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი მუსიკოსია, იქნება ეს საოპერო მომღერლები, მევიოლინეები თუ პიანისტები. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ვარსკვლავებს შორის არიან პიანისტები- ხატია ბუნიათიშვილი და ალექსანდრე თორაძე, მევიოლინე – ლიზა ბატიაშვილი, მეცო სოპრანო -ანიტა რაჭველიშვილი და საუკეთესო დიზაინერი – დემნა გვასალია“, – წერს  ფრეიზ კამერონი საკუთარ ბლოგში, რომელიც “EURACTIV”- ზე გამოქვეყნდა.

ბრიტანელი დიპლომატი გამოცემისათის 2011 წლიდან წერს, მათ შორის მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის მნიშვნელოვან საკითხებზეც.  საქართველოს შესახებ სტატია მან მიმდინარე წლის ივლისშიც გამოაქვეყნა –  „საქართველოს ეკონომიკის ევროპული ამბიციები“ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კურსს ეძღვნებოდა.

რაც შეეხება EURACTIV”-ს, იგი 1999 წელს დაარსდა ფრანგი მედიამაგნატის მიერ და ორიენტირებულია ევროკავშირის პოლიტიკის, ეკონომიკისა თუ საზოგადოებრივი საკითხების გაშუქებაზე. გამოცემის სათაო ოფისი ბრიუსელში მდებარეობს, თუმცა მედიაპროდუქტს 50-მდე ჟურნალისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები