როგორ მოხვდნენ ოთარ კობერიძე და ორნელა მუტი ერთ ფილმში და რატომ ალაპარაკდა მათ რომანზე იტალიური პრესა

ბევრმა არ იცის, რომ ორნელა მუტი კინოში ლეგენდარულ ქართველ მსახიობთან, ოთარ კობერიძესთან ერთადაცაა გადაღებული. ოთარ კობერიძე და ორნელა მუტი ერთმანეთს 1979 წელს გადაღებულ იტალიურ-საბჭოთა ფილმში – “სიცოცხლე მშვენიერია” შეხვდნენ. მათ არამხოლოდ ერთად იმუშავეს ფილმზე, დამეგობდნენ კიდეც და ორნელა გადასაღებ მოედანზე ოთარ კობერიძეს თავისი ცხოვრების დრამატულ დეტალებს უამბობდა, რაც პაპარაცებმა დააფიქსირეს და პრესაში ფოტოებთან ერთად სტატიებიც გაავრცელეს მათ შესახებ.

70-იან წლებში ორნელა მუტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და ყოველი დეტალი მისი ცხოვრებიდან ხალხის განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევდა, სწორედ ამით ისარგებლეს ჟურნალისტებმა.

ოთარ კობერიძე წლების შემდეგ ასე იგონებდა ამ ფაქტს, როცა ის იტალიურმა პრესამ “ორნელა მუტის სიყვარულად” მონათლა:
“ორნელა მუტის რუსულ-იტალიური ფილმის, “სიცოცხლე მშვენიერიას” გადაღებებისას შევხვდი, იმ პერიოდში ძალიან გულჩათხრობილი იყო. გადასაღებ მოედანზე, ჩრდილში ვისხედით და თავის გულისტკივილს მიზიარებდა. მიამბო, როგორ აწამებდა ქმარი, არ აძლევდა ბავშვის ნახვის უფლებას, თან დიდ თანხასაც ითხოვდა. მითხრა, მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს, ფული შევაგროვო და ბავშვი გამოვისყიდოო. თანავუგრძე ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნიჭიერ იტალიელ მსახიობს, იტალიელი ახალგაზრდების კერპს. მან მადლიერების ნიშნად თავი მკერდზე დამადო, მეც ლოყაზე ვაკოცე…
მეორე დილით გადასაღებ მოედანზე ჟურნალით ხელში მოვარდა მხიარული ორნელა, “ოთარ, ნახე, რა გამოაქვეყნეს “ჭორიკნებმა”?” და მაგიდაზე ჟურნალი გადამიშალა, ფოტოზე ორნელას ჩემს მკერდზე ედო თავი, მე კი ვკოცნიდი.. იქვე დაემონტაჟებინათ ორნელას ქმრის დაღრეჯილი სახე და წარწერა: “ორნელა თავისი ახალი თეთრთმიანი სიყვარულით.”

სწორედ ასე მოხვდა იტალიური ყვითელი პრესის ფურცლებზე ოთარ კობერიძე იმ პერიოდის მეგავარსკვლავის, ორნელა მუტის გვერდით.

 

წყარო: ხელოვნებაა თვით უკვდავება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.