VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ლუვენის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ქართველოლოგიის VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ მონაწილეთა შესარჩევად.
VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (კლასიკური და/ან ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, სხვ.).
VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ გაიხსნება 2020 წლის 15-24 ივლისს თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. სკოლისა და კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარებას სინქრონული თარგმანით უზრუნველყოფენ. ასევე დაგეგმილია საპრეზენტაციო სესია, რომელზეც მოხსენებებით სკოლის ქართველი და უცხოელი მონაწილეები წარსდგებიან.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 20 თებერვლამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლების ჩატარების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს. ცენტრის სტატუსი, მისი ავტორიტეტი და სკოლის თემატიკა ტრადიციულად სკოლის მიმართ დიდ ინტერესსა და აპლიკანტთა აქტივობას განაპირობებს.