“უთქმელი ამბები – სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ისტორიები”
“უთქმელი ამბები – სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ისტორიები” – ასე ჰქვია ორგანიზაცია “IOM GEORGIA-ს” მიერ შექმნილ ფოტოგამოფენას, რომელიც საქართველოში დაბრუნებული ქართველი მიგრანტების ფოტოისტორიებს აერთიანებს.
დაინტერესებულ დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა 13-დან 18 დეკემბრამდე კინოთეატრ “ამირანის” საგამოფენო სივრცეში შეეძლება. “ამირანში” მისულებს, სხვებთან ერთად, “ექსპონატებად” ეს ისტორიებიც დაგხვდებათ:
გენრიეტა ნამჩევაძე
“ათენში ჩასვლისთანავე დავიწყე მუშაობა ოჯახში, დამხმარედ. 10 წელი ამ ოჯახში გავატარე. თავიდან ენა არ ვიცოდი, მხოლოდ რაღაც სიტყვები და ძალიან სასაცილო იყო, როგორ ვაგებინებდით ერთმანეთს, მაგრამ მერე მალე ავლაპარაკდი.
მთლიანობაში 17 წელიწადი ვიყავი და ერთადერთი, რაც ვთქვი წამოსვლისას, როგორ წავიდე აქედან ისე, რომ ლიკაბეტი და აკროპოლი არ ვნახო და გავისეირნე მანდ.
2018-ში რომ ჩამოვედი, IOM პროგრამის დახმარებით დავწერე ბიზნესგეგმა, რომ მინდოდა სათბურები და დამაფინანსეს. ჩვენი კიტრი გვაქვს, პომიდორიც, ჩემი შვილი უვლის ყველაფერს, მეც ვეხმარები შეძლებისდაგვარად.”
ლელო ბერაძე
“ოჯახის საერთო საჭიროებისათვის ჩემს მეუღლეს ვალი დაედო და ამიტომ, 2004 წელს, გადავწყვიტე, რომ საბერძნეთში წავსულიყავი, რათა მემუშავა და ვალი გაგვესტუმრებინა. დაგროვებით ვერაფერი დავაგროვე, რასაც ვშოულობდი ყველაფერს სახლში ვაგზავნიდი.
იმის მიუხედავად, რომ ძალიან გამიმართლა და საბერძნეთში ძალიან თბილ ადამიანებთან მოვხვდი, მაინც მინდოდა ჩემს ოჯახთან ყოფნა. თან უკვე იმასაც ვფიქრობდი, რომ ჩამოვალ, რამე ელემენტარული საარსებო ხომ გვჭირდება და ბიზნესგეგმა დავწერე. მე რომ წავედი წყალტუბოდან, რომელიც ყოველთვის მიმზიდველი ადგილი იყო ტურისტებისთვის თავისი წყლის გამო, ყველაფერი გაჩერებული იყო. გავიგე, რომ ისევ ამუშავდა ტურიზმი, გადავწყვიტე, სახლში მქონდა ერთი ზედმეტი ოთახი და ის მომიწესრიგებინა დამსვენებლებისთვის, რემონტიც გავაკეთე, მაგრამ ტექნიკა არ მქონდა და ამით მიგრაცაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ძალიან დამეხმარა. შემიძინა სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და რაც მჭირდებოდა. ბევრი დამსვენებელი კი არ გვყავს, მაგრამ, იმედია, რამე იქნება.”
ლევან ჭავჭანიძე
“სანამ ირლანდიაში წავიდოდი, პატარა სამშენებლო კომპანია მქონდა, მაგრამ კომპანიაში დაიწყო პრობლემები და დიდი ვალი დამედო, რომელსაც ვერ ვიხდიდი. გადავწყვიტე წავსულიყავი, მემუშავა და ყველაფერი გამესტუმრებინა. ბანაკში ვცხოვრობდით თავიდან, მაგრამ მერე გადანაწილება რომ მოხდა, აღმოვჩნდი ფსიქიატრიულში – ასე გადაანაწილეს. ეს იყო საშინელება! იქ ნამდვილად ვერ გავუძელი.
მთლიანობაში 9 თვე ვიყავი წასული. პირველი, რაც გავაკეთე, რომ ჩამოვედი, ოჯახს ჩავეხუტე, მერე IOM-ის პროგრამის საშუალებით კურდღლის ბიზნესი წამოვიწყე და მინდა, ამას მივყვე. პირველ ეტაპზე რაღაც შეცდომებიც კი დავუშვი, მაგრამ თან ვისწავლე კიდეც, მინდა, რომ ეს საქმე გავაგრძელო. პატარა მიწა მაქვს, აქ ბოსტნეულს ვერ მოვიყვან.”
ლია ლაიბურიშვილი
“მასწავლებელი ვარ, ქართული ენის და ვმუშაობდი კიდევაც ჩემი პროფესიით, მაგრამ მერე ჩემი სკოლა დაიშალა. 5 წელი ჯერ თელავში, სამკერვალოში ვმუშაობდი და ესეც დაიხურა. მერე ცოტახანს მაღაზია გვქონდა, მაგრამ დავკეტეთ და უკვე ძალიან გაგვიჭირდა. იძულებული გავხდი, რომ წავსულიყავი საბერძნეთში.
9 წელი ვიყავი ზუსტად. 2018 წელს ჩამოვედი დეკემბერში, წასვლაზე აღარ მიფიქრია, აღარც შემიძლია და აღარც ჩემი მეუღლის დატოვება მინდა მარტო. ვფიქრობ, დარჩენილი ცხოვრება ერთად გავატაროთ.
ჩემი მეუღლე ძალიან ყოჩაღია, სულ შრომობს. ფუტკარი შევიძინეთ ახლა და მაგაში ჩვენი გოგო გვეხმარება. ვენახი გვაქვს დიდი, საფერავის და ქინძმარაულის. გვაქვს 200 ძირი ატამი, საზამთრო, ნესვი, კიტრი, პომიდორი. დიდი ფერმა გვაქვს. რაც ჩამოვედი, კიდევ IOM-ის პროგრამის დახმარებით შევიძინეთ ქათმები, წიწილებიც გვყავს და ძროხებიც. სოფლის ხალხი ვართ და სოფლის მეურნეობას ვეწევით. დაუღლელი ადამიანია ჩემი მეუღლე, იმდენს შრომობს, თან მხოლოდ ერთი შვილი გვყავს, მაგრამ არ ჩერდება და სამომავლოდაც ფუტკრის გამრავლება გვინდა, რადგან წელს კარგი შემოსავალი მივიღეთ. “
თეა წოწორია
“ჩემი მეუღლე მსოფლიო ჩემპიონია კრივში, მაგრამ სამსახური არ ჰქონდა და ამიტომ წავედით. 2016 წელს მთელი ოჯახი ვიყავით წასული გერმანიაში, უმცროსი შვილიც იქ შეგვეძინა. ჩემი მეუღლე მსოფლიო ჩემპიონია კრივში, მაგრამ სამსახური არ ჰქონდა და ამიტომ წავედით. გვეგონა, რადგან აქტიური სპორტსმენი იყო, იქ უკეთესი პირობები იქნებოდა, უფრო მეტი მიღწევები ექნებოდა, მაგრამ არ იყო ასე, ზუსტად 2 წლის თავზე უკან დავბრუნდით.”
ამ და სხვა ფოტოისტორიების ხილვა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწყობილ გამოფენაზე, კონოთეატრ “ამირანში 13-18 დეკემბერს შეგეძლებათ.
“მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IOM” საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობის შედეგად, ხელს უწყობს მიგრაციის საკითხებზე მუშაობის ეფექტურობის გაზრდასა და სოციალური პასუხისმგებლობისა თუ სამოქალაქო თვითშეგნების განვითარებას. გარდა ამისა, ორგანიზაცია გამოყოფს სხვადასხვა სახის სუბსიდიებს და ეხმარება სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს, წამოიწყონ მცირე ბიზნესი და დაკავდნენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებში. “უთქმელი ამბები – დაბრუნებული მიგრანტების ისტორიები” სწორედ ამგვარი ადამიანების ფოტოისტორიებს მოიცავს.
წყარო: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია