უკანასკნელი სურვილი – დაებრუნებინათ საქართველოში და დაკრძალვაზე შესრულებული “სულიკო”

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ხათო ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილსა და ვიდეოს აქვეყნებს. ემიგრანტი 95 წლის, წარმოშობით გერმანელი ადამიანის ისტორიას გვიყვება, რომლის უკანასკნელი სურვილიც საქართველოში დაბრუნება იყო. 

“ეს ემოციები, რაც დღეს განვიცადე აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ. ვიდეოსა და ფოტოს რატომ ვურთავ, მიხვდებით, როცა წაიკითხავთ… ვეცდები, მოკლედ მოგიყვეთ გერმანიაში ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბავი.
ეს ადამიანი არის გერმანელი, მისი მშობლები ომის დროს საქართველოში გადაასახლეს და ეს საოცარი ადამიანიც იქ დაიბადა, ჩემს ქვეყანაში. 17 წელი იცხოვრა საქართველოში და როცა გერმანიაში დაბრუნებულს ეკითხებოდნენ, საიდან იყო – ამაყად ამბობდა, მე ვარ საქართველოდანო…

უფალმა ინება და ამ საოცარი ოჯახის მეზობლად დავსახლდი. გაიგეს,  საქართველოდან ვიყავი, საკუთარი შვილივით მიმიღეს.

ერთ დღესაც მთხოვეს, ბაბუ გამეცნო, რადგან საქართველო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მეც ავდექი, წავიღე ქართული ღვინო და წავედი ბაბუს გასაცნობად (აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ბაბუ 95 წლის იყო და თითქმის არაფერი აღარ ახსოვდა).

მივედი, მივესალმე და ღვინო წინ დავუდგი, შეხედა ქართულ ღვინოს და კითხულობს… ხ ვ ა ნ ჭ კ ა რ ა – ეს იყო მომენტი, როცა ვთქვი, ჩვენისთანა ქვეყანა არსად არ არსებობს, ის ერთია და განუმეორებელი-მეთქი.

შემდეგ მითხრა, „სულიკო“  მემღერა, სიმღერის დროს პატარა ბავშვივით ტიროდა… ძალიან ბევრი რამ მინდა დავწერო და გავიხსენო ამ საოცარ ადამიანზე, მაგრამ არ მინდა, გადაგღალოთ.

რამდენიმე დღის წინ ეს ადამიანი გარდაიცვალა. სანამ დაიღუპებოდა წინა დღით უთქვამს, საქართველოში წამიყვანეთო…
მისმა შვილებმა დამირეკეს და მთხოვეს, მათი მამის სურვილი შემესრულებინა და მის შვილიშვილთან ერთად დასაფლავების დღეს „სულიკო“ მემღერა…

დარბაზში უამრავი ადამიანი იყო, ნამდვილად არ მახსოვს, როგორ ვიმღერე „სულიკო“, არაფერი არ მახსოვს… ბოლოს დარბაზიდან მომესმა ცრემლნარევი ხმით ,,დიდი მადლობა”… რა თქმა უნდა, ქართულად!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები