როგორ შევარჩიოთ ბინა – ცნობილი არქიტექტორის რჩევები

ბაკურ კიღურაძე 1978 წლიდან  მშენებლობის  სფეროშია და  დედაქალაქში არსებული მრავალი შენობანაგებობა სწორედ მის სახელს უკავშირდება. 1978-1984 წწ-ში გაერთიანება „თბილქალაქმშენში„ მოღვაწეობდა, 1985 1992 წწში თბილისის ძველი უბნებისა და შენობების რესტავრაციის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. 1992 – დღემდე საქართველოში პირველ კერძო სამშენებლო საინვესტიციო  კომპანია „უტა“-ს ხელმძღვანელობს,   სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული: ასობით საცხოვრებელი სახლი თბილისში და ბათუმში, სკოლები და საბავშვო ბაღები, სავაჭრო ცენტრები თბილისში,  განახლებული პუშკინის, ლესელიძის, ბამბის, რკინის ქუჩები, მტკვრის სანაპიროები, აღმაშენებლისა და რუსთაველის გამზირის, ეროვნული ბანკისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობების სარესტავრაციო სამუშაოები და მრავალი სხვა. ბაკურ კიღურაძე ამაყობს გამოჩენილ არქიტექტორებთან თანამშრომლობით, როგორებიც არიან: შოთა ყავლაშვილი, გიგა ბათიაშვილი, ვაჟა ორბელაძე

ქალაქს მისგან საჩუქარიც ერგოქაშუეთის ტაძრის მინაშენი თბილისელებს ბაკურ კიღურაძემ უსახსოვრა.

სამომავლო გეგმებში გასართობ ახალი გასართობ – დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საბურთალოზე, კომპანიამეტი დეველოპმენტთანთანამშრომლობით უნდა გაკეთდეს.

მანამდე კიქართული კვირისმკითხველს იმ რჩევებს უზიარებს, რომლებიც ბინის შეძენამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და პასუხობს იმ კითხვებსაც, კომპეტენციის მიუხედავად, ნებისმიერმა მყიდველმა რომ უნდა დასვას.

 

_ როგორ საცხოვრებელს ანიჭებთ უპირატესობას, ახალაშენებულს თუ ძველს და რატომ?

_ პირადად მე პრიორიტეტს ახლადაშენებულ საცხოვრებელ სახლებს ვანიჭებ,  თუმცა ადრე აშენებულ სახლთა შორის შესაძლოა შეირჩეს მაღალი ხარისხისა და ესტეტური იერსახის ნაგებობებიც, ასეთები, ძირითადად, ქალაქის ისტორიულ უბნებში გვხვდება.

_ რა ხარვეზი შეიძლება ჰქონდეს ძველაშენებულ ბინებს?

_ ძველად აშებებულთა შორის თქვენ ალბათ 1960 – 1990 წლების ნაგებობებს მოიაზრებთ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ამ პერიოდის ნაგები საცხოვრებელი სახლები დაბალბიუჯეტიანი გახლდათ, მათი შენების ღირებულება საშუალოდ 230 მანეთს არ აღემატებოდა 1 მ2 ნაგებობისათვის, ხელისუფალთა ამოცანას საცხოვრებელი ფონდის რაოდენობის შექმნა წარმოადგენდა და არა მისი ხარისხი, შესაბამისად, წლების წინ გაუაზრებლად დაზოგილი თანხები დღეს კიდევ უფრო მეტ ტკივილად შემოგვიტრიალდა – ჩამორეცხილი ფასადები, არაკომფორტული სადარბაზოები, ხმაურიანი და უხარისხო ვერტიკალური ტრანსპორტი (ლიფტები მაქვს მხედველობაში) დაბალი ენერგოეფექტურობა, უხარისხო ხისგან დამზადებული კარ-ფანჯრები, დაბალი ჭერი, ხარვეზები გეგმარებაში – მცირე ზომის სამზარეულო, სააბაზანო და დამხმარე სათავსები,  ავტოსადგომების გაუთვალისწინებლობა, რამაც ინდივიდუალურად აგებულ, უნებართო თუ ნებართვიან „გარაჟების ტყემდე“ მიგვიყვანა და სხვა …

_ იყო თუ არა ამ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისას დაცული უსაფრთხოების ნორმები?

ჯერ კიდევ 1978 წლიდან ვარ აქტიურად ჩართული სამშენებლო სფეროში  ხარვეზები, რასაკვირველია, იყო მაშინაც და არის დღესაც, ნაგებობათა კონსტრუქციული მდგრადობა უსაფრთხოების მხოლოდ ერთი მცირედი ნაწილია საკითხთა იმ ფართო სპექტრში, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა უსაფრთხოებას.  სათანადო შეტყობინებებისა და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და შემზღუდავი  ღონისძიებანი, ხანძარმქრობი სისტემები, ადამიანთა საევაკუაციო გადაადგილების გზები და ნორმები, ხანძარმედეგი და შეუბოლავი სადარბაზოები, სპეციალიზირებული ვერტიკალური ტრანსპორტი, შენებისას გამოყენებულ მასალათა სერტიფიცირება და სხვა მრავალი.

ჩვენ შეგვიძლია ავაგოთ 200 მეტრიანი, 1 კილომეტრიანი სიმაღლის შენობა მაგრამ უპირველესად უნდა გვქონდეს ამ სიმაღლეებიდან ადამიანის უსაფრთოდ გამომყვანი საშუალებები, სწორედ ამ ღონისძიებათა ერთობლიობა უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობათა უსაფრთხოებას.

არქიტექტორთა და მშენებელთა  უპირველესი მოვალეობა დღეს სწორედაც ასეთი უსაფრთხო ნაგებობების პროექტირება და მშენებლობაა.

_ ამ ტიპის კორპუსებთან შედარებით, რა უპირატესობა აქვს ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებს

_ კონკურენციის პირობებმა და გამკაცრებულმა უსაფრთხოების ნორმებმა აიძულა დეველოპერები, უკეთესი და უსაფრთხო საცხოვრებელი ნაგებობები შემოეთავაზებინათ ბაზრისათვის, გაეთვალისწინებინათ კეთილმოწყობა და ბავშვთა გასართობი სივრცეები, მიწისქვეშა და მიწის ზედა ავტოსადგომები, მეტი ყურადღება ეთმობა ნაგებობათა ფასადების, აქტიურად ინერგება ვენტილირებადი ენერგოეფექტური ფასადების სხვადასხვა სისტემები, გაუმჯობესდა სადარბაზოების, კიბის უჯრედებისა და საერთო სარგებლობის სხვა სივრცეების  კეთილმოწყობა,  პრიორიტეტად იქცა უსაფრთხოება და დაცულობა. შიდა დაგეგმარებითაც თანამედროვე საცხოვრებელი ბინები გაცილებით კომფორტულია და მორგებულია ადამიანების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, აქტიურად გეგმარდება საგარდერობე სათავსოები.

_ არსებობს სხვაობა ბინათმშენებლობისას წარსულში გამოყენებულ სტანდარტებსა და თანამედროვე გათვლებს შორის?

_ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ფართი. წარსულში  ერთ სულ მოსახლეზე გათვლილი საცხოვრებელი ფართი 9 – 11 კვადრატული მეტრი შეიძლება ყოფილიყო. ორსულიანი ოჯახისათვის მინიმალურ საცხოვრებელ ფართად 18 – 22 კვადრატული მეტრი გვქონდა განზრახული. დღეს ორსულიან ოჯახზე მინიმუმ 35-40 კვადრატული მეტრი ითვლება.

_ სეისმომედეგობის მხრივ, როგორია დედაქალაქში არსებული შენობების ხარისხი?

_ საქართველო სეიმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, ამიტომაც დედაქალაქში აშენებული შენობების სეისმომედეგობა ითვლება 9 ბალზე და ვიმედოვნებ, რომ ბოლო ათწლეულებში აშენებული შენობები, შეინარჩუნებენ ნორმატიულ მდგრადობას.

_ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საცხოვრებელი უბნის არჩევისას?

_ უბნის შერჩევა გაცილებით კომპლექსური საკითხია და შეუძლებელია, რაიმე ცალსახა რჩევების გაცემა. ბინის შეძენისას ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ იმ უბანს, რომელთანაც გარკვეული შემხებლობა ჰქონიათ წარსულში ან ცდილობენ საკუთარი სტატუსი  მიაკუთვნონ ამ თუ იმ საცხოვრებელ სივრცე/გარემოს. თუმც მნიშვნელოვანია ყურადღება საცხოვრებელი სახლისა და კონკრეტული ბინის ორიენტაციაზე გაკეთდეს, გირჩევდით საძილე ოთახები აღმოსავლეთისკენ ხედით შეარჩიოთ, საერთო სასტუმრო ოთახები კი დასავლეთის ორიენტაციით, ასე რიგად თქვენ მომავალი ბინის ჯეროვან ინსოლაციას უზრუნველყოფთ.

_ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია გარეუბნები ამ მხრივ პერსპექტიულ ტერიტორიად განვიხილოთ?

_ ქალაქი ფართოვდება და იშლება – დააკვირდით ბაგების მიმართულებას, ძალიან საინტერესოა მისი განვითარება. საინტერესო ნაგებობები აშენდა ორთაჭალასა და კრწანისში, ვფიქრობ, პერსპექტიულია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაც.

იმედს ვიქონიებ, ქალაქის მესვეურნი და არქიტექტორები სამშენებლო ჯგუფებთან ერთად, ბაგები-ოქროყანის მიმართულებას გამოკვეთენ უახლოეს მომავალში.

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი საცხოვრებლის შერჩევისას?

რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთვის შენდება სახლი, ვინ უნდა იცხოვროს. არის ეს ახალგაზრდა ოჯახი, თუ შედარებით ხანდაზმულთათვისაა განკუთვნილი, რამდენი წევრია ოჯახში, არიან თუ არა ბავშვები და ა.შ  –  სასურველი ბინის შესაძენად ყველა ეს პარამეტრი იქნას ჯეროვნად გამოკვეთილი, თუ კი თქვენ სკოლამდელი ან სკოლის მოსწავლენი გყავთ ოჯახში, გირჩევთ საცხოვრებელი სახლი საბავშვო ბაღის ან/და საშუალო სკოლის მიმდებარედ აირჩიოთ,  უფროსი თაობისათვის შესარჩევ საცხოვრებელ სახლს გარეუბანში მწვანე ზოლში შევარჩევდი, ამდენად საცხოვრებელი სივრცე კონკრეტულ ადამიანისათვის უნდა შეირჩეს და მის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

_ რომელი სართული შეიძლება ჩაითვალოს ოპტიმალურად?

_ ალბათ, ოპტიმალურად შეიძლება შუაწელი დავასახელოთ იმათთვის, ვისაც ვერ გადაუწყვეტია, სად ურჩევნია. არგუმენტებიც  აქვთ – მაგალითად ის, რომ ენერგეტიკული პრობლემების დროს არ მოუწიოს მაღალ სართულამდე ფეხით გადაადგილება. წარსულიდან გადმოგვყვა ის ფიქრები, რომლებიც გვქონდა მაშინ, როცა ქვეყანას არცთუ ულხინდა. თუმცა მე ბოლო  ე.წ. „პენტ ჰაუზის“ სართულებს ვანიჭებ უპირატესობას, რასაკვირველია, თუკი იქიდან გაშლილი ხედები მომხიბლავი და ლამაზია.

_ თქვენ რომელს გვირჩევთ, მშენებარეს თუ უკვე დასრულებულ კომპლექსს ?

_ ვირჩევდი, რომ სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული იყოს – მიყვანილი იყოს მწვანე, სულ ცოტა თეთრი კარკასის პირობებამდე. ძალიან საინტერესოა დეველოპერებისაგან ისეთი შემოთავაზებები, რომლებიც მაქსიმალურად ითვალისწინებენ მობინადრეთა სურვილებს, რათა მაქსიმალურად დასრულებული ჩაბარდეს ახლად მოსახლეებს ბინა.

_ ხშირად დეველოპერები კარკასების ტიპების განსხვავებულ დიფერენცირებას გვთავაზობენ. შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რა სხვაობა .. შავ, თეთრ და მწვანე კარკასებს შორის?

_ შავი კარკასი ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ ბეტონის სამუშაოების დასრულებასა და ბინამდე მიყვანილ კომუნიკაციებს – ის, რაც შემდგომში მაცხოვრებლების საერთო სარგებლობაში უნდა იყოს, ფასადი და სადარბაზო უნდა იყოს დასრულებული. მარტივად რომ ვთქვათ, ბინის კარებს მიღმა დასრულებული უნდა იყოს ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოები.

თეთრი კარკასი განსხვავდება იმით, რომ, კომუნიკაციებთან ერთად, სრულდება ლესვითი სამუშაოები და იატაკის მოჭიმვა, ასევე მოწყობილია ტიხრები.

მწვანე კარკასი გარკვეული ზედნაშენია თეთრზე  და  აქ ყველა დეველოპერს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი  შემოთავაზება – ვიღაც სთავაზობს რემონტს, სხვა – ჩაშენებულ სამზარეულოს, გარდერობებს და ა.შ.

_ როგორი მასალით უნდა იყოს აშენებული კარგი საცხოვრებელი სახლი ?

_ სახლის აგება შეიძლება როგორც აგურით, წვრილი ან მსხვილი ბლოკით, არსებობს მსხილ პანელიანი, კარკასულ პანელიანი და მონოლითური ნაგებობანი, თბილისის მოქალაქენი დღეს  მონოლითურ ნაგებობებს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა ,ვიმედოვნებ, ძალიან მალე კარკასულ პანელიანი ნაგებობებზე მოთხოვნები იმძლავრებს, რამდენადაც შენების აღნიშნული ტექნოლოგია მაღალი ქარხნული მზაობით გამოირჩევა, რაც, ერთი მხრივ, ძირითად სამშენებლო  და სველი პროცესების წარმოებას ამცირებს სამშენებლო მოედანზე, მეორეს მხრივ ქარხნული მზაობა წარმოებული პანელების მაღალ ხარისხს, ენერგოეფექტურობას განაპირობებს, ამასთან მნიშვნელოვნად ამცირებს მშენებლობის ვადებს.

_ გარდა მასალისა, რას უნდა მიექცეს  ყურადღება მშენებლობის პროცესში?

_ უპირველეს ყოვლისა, მშენებლობის ორგანიზაციისა და წარმოების საკითხებს, მიმდინარე სამუშაოების ხარისხს,  ოსტატთა საშემსრულებლო დისციპლინას, ამ საკითხთა ერთობლიობა უზრუნველყოფს კარგი ხარისხის მასალით კარგი ნაგებობის აგებას.

_ რა როლს ასრულებს მშენებლის კომპეტენცია?

_ შენება ძალიან რთული  და   საინტერესო საქმიანობაა. სამოსი რომელსაც შეიძენთ და ხმარობთ დროის მოკლე მონაკვეთში უნდა გამოგადგეთ, ნაშენმა საცხოვრისმა კი, რომელსაც შეიძენთ, დროის ხანგრძლივ ვადაში უნდა გასიამოვნოთ და უზრუნველყოს თქვენი უსაფრთხოება.

ამდენად არქიტექტორის თუ მშენებლის პროფესია უძველესი და ფრიად საპასუხისმგებლო პროფესია გახლავთ, იყო კარგი არქიტექტორი ან/და მშენებელი ,ვფიქრობ, ეს დიდი ღირსებაა, შექმნა ნაშრომი, რომელიც მრავალ ათწლეულებს მიანიჭებს ადამიანებს სიამოვნებას. ეს რჩეულთა ხვედრია  და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ქართველებს გვყავს ასეთი არქიტექტორები, გვყავს ასეთი მშენებლები.

_ რა დეტალების გათვალისწინებაა სასურველი ბინის შერჩევისას?

_ არის მცირე დეტალები, რომელთა გათვალისწინებაც დაგვეხმარება, საბოლოოდ შევქმნათ ჩვენთვის გაცილებით  კომფორტული გარემო. ბინის ორიენტაცია, გეგმარება, გამოყენებული მასალების ხარისხი, საერთო სარგებლობის სივრცეების კეთილმოწყობა, ვერტიკალური ტრანსპორტის ტევადობა, სიჩქარე, ავტოსადგომების განთავსება, მიმდებარე კეთილმოწობა, ელექტრომომარაგების სარეზერვო საშუალებანი, ყველა ეს მონაცემი თვლადია და საბოლოო ჯამში მეტყველებს შენობის ზოგად ხარისხზე.

_ რა ტიპის იზოლაცია უნდა ჰქონდეს სახლს?

_ პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ჰიდროიზოლაცია – არ უნდა აწუხებდეს მეპატრონეს წყალი არც სახურავიდან და არც საძირკვლიდან, რა თქმა უნდა, არ უნდა ნესტიანდებოდეს კედლები. მნიშვნელოვანია თბო და ბგეროიზოლაციაც. ძალიან ფართოა სპექტრი იმ სამშენებლო მასალებისა, რომლებიც ამ მიზნით  გამოიყენება, როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. აქ მნიშვნელოვანი დეტალია კარ-ფანჯრების ხარისხიც.

 

_ თანამედროვე ტიპის შენობანაგებობას რა უსაფრთხოების სისტემები უნდა ჰქონდეს?

_ როგორც ზევით ავღნიშნეთ, უსაფრთოების ტექნოლოგიური სისტემები აქტიურად ინერგება თანამედროვე მშენებლობაში, უპირველესად მნიშვნელოვანია დროულად მივიღოთ შეტყობინება შესაძლო საფრთხის შესახებ, ამისათვის ავარიული შემატყობინებელი სისტემებია მნიშვნელოვანი, რომლებიც დროულად მოგვაწვდიან ინფორმაციას ხანძრის, გაზის გაჟონვის თუ სხვა კომუნიკაციათა სისტემებში წარმოქმნილი საფრთხის შესახებ. მიგვანიშნებენ საევაკუაციო გასასვლელებისაკენ და უზრუნველყოფენ მათ დაცულობას. მნიშვნელოვანია, საფრთხის შემზღუდავი სისტემების არსებობა, მაგალითად, ხანძარმქრობი სისტემები.

 _ თანამედროვე სტანდარტებით, რა საშუალებები გამოიყენება ევაკუაციისას?

_ ჯეროვნად შესრულებული შეუბოლავი კიბის უჯრედები კარგად უზრუნველყოფენ  ადამიანთა ნაკადების გატარებას უსაფრთხო გარემოსაკენ, არსებობს საშუალებები, რომლითაც ფასადიდან დაშვებაა შესაძლებელი. თუმცა, საქართველოში ამ უკანასკნელს ჯერ-ჯერობით არ შევხვედრივარ, ჩვენთან აქცენტი კეთდება უსაფრთხო, შეუბოლავ კიბის უჯრედებზე კეთდება.

_ როგორი ფართის ან განლაგების ბინა შეიძლება ჩაითვალოს ოპტიმალურად საშუალო ქართული ოჯახისათვის? რა დეტალების გათვალისწინებაა სასურველი?

_ მე ვარჩევ, რომ ყველა საძინებელს ჰქონდეს საკუთარი საგარდერობე სივრცე. მთავარ საძინებელს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10-12 კვადრატული  მეტრისა, პატარა საძინებლის შემთხვევაში სასურველია 5-6 კვადრატული მეტრის ფართობის გარდერობის ქონა. ეს კომფორტულია  მაცხოვრებლებისათვის. სასურველია საძინებელ ოთახებს ჰქონდეთ პერსონიფიცირებული სან. კვანძები, ისევე როგორც აუცილებელია სან. კვანძი საერთო სარგებლობისათვის, სასურველია ბინაში არსებობდეს რამოდენიმე სხვადასხვა მცირე ზომის საკუჭნაო სივრცე, ვისურვებდი, ჭერის სიმაღლე არ იყოს ნაკლები 3,0 მეტრისა, მნიშვნელოვანია ვრცელი საერთო სარგებლობის ფართების არსებობა ყოველ სართულზე, ყოველი ბინისათვის არანაკლები 2 ავტოსადომის არსებობა,  კეთილ მოწყობილი ეზო, რაც შეეხება აივანს, რა თქმა უნდა, ქართულ სინამდვილეში მათი არსებობა მნიშვნელოვანია.

_ თქვენ რომ გამოუცდელი, დილეტანტი მყიდველი იყოთ, რა კითხვებს დაუსვამდით დეველოპერს?

_ უპირველეს ყოვლისა, დავსვამდი შეკითხვებს შენობის მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კითხვები საევაკუაციო გზებთან დაკავშირებით, ასევე რამდენად უწვადი და ხარისხიანი  მასალით  შესრულებულია საერთო სარგებლობის სათავსოები – კიბე, ფასადი, სადარბაზოები. სატრანსპორტო კვანძი არის ასევე  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტი. ასევე ყურადღებას მივაქცევდი თავად შენობის განლაგებასაც –  რამდენად მზიანია, რამდენადაა დაშორებული უახლოესი შენობიდან, როგორია გარემოს განვითარების სტრატეგია, ხომ არ არსებობს რისკი, რომ ცოტა ხანში შერჩეული ბინის ხედი შეიზღუდოს ან დაიფაროს.

_ დასასრულს, გაგვიზიარეთ თქვენი მუშაობის სტილიც, რა არის ის, რითაც იწყებთ ნებისმიერი შენობის დაპროექტებას?

_ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ფიქრი იმის შესახებ, რამდენად გამოადგება ეს ჩემს ქალაქს და რამდენად იქნება ფუნქციური მოსახლეობისათვის. როგორი იქნება ადამიანების დამოკიდებულება ამ ნაგებობის მიმართ დროში, ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო იმ ადამიანების ფიქრები და აზრები, რომლებიც ასე პირდაპირ არ ჩანან არ გაკრიტიკებენ, დადიან ქალაქში თავისთვის, სხედან ტრანსპორტში, ათვალიერებენ შენ მიერ აშენებულ შენობას და საკუთარი აზრი გააჩნიათ მასთან დაკავშირებით, ასეთი ხედვა ყოველთვის მნიშვნელოვანი მგონია, ვფიქრობ, რაც მეტი დეველოპერი გაითვალისწინებს ამ ფაქტორს, მით უკეთესი შენობები გვექნება მომავალში.

ავტორი: თამუნა ზარანდია 
რუბრიკის მხარდამჭერია ,,მეტი დეველოპმენტი“, კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.