„The Guardian“ ქართველი მწერლით დაინტერესდა
„მერვე სიცოცხლე (ბრილკას) “ – ასე ჰქვია გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის წიგნს, რომლითაც “გარდიანი” დაინტერესდა. ბრიტანული გამოცემა წიგნის შესახებ რევიუს საკუთარ ონლაინ-გვერდზე, რუბრიკაში “Books Of The Day” აქვეყნებს.
რევიუ ამერიკელი მწერლის, ჯონ სტეინბეკის ციტატით იწყება – „ სადაც არ უნდა წავიდე საბჭოეთის ტერიტორიაზე, საქართველოს სახელი მუდამ თან დაგყვება“. თავად ავტორი კი საქართველოს „ერთგვარ სამოთხედ“ მოიხსენიებს.
„მე არასოდეს მესმოდა ადამიანების, რომლებიც ამაყობდნენ სტალინით“- იშველიებს ავტორი მწერლის სიტყვებს და მკითხველს უამბობს წიგნზე, რომელიც „900 გვერდში ატევს „წითელ საუკუნეს“, ისტორიის თავსატეხებსა და ევროპულ ოცნებებს, რომლებიც 70 წლის განმავლობაში საბჭოეთში ინახებოდა.“
ნინო ხარატიშვილი გერმანიაში მოღვაწე ქართველი ნოველისტი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორია. 2014 წელს გერმანიაში გამოცემულმა მისმა წიგნმა „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” არაერთი ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. მიმდინარე წელს კი ინგლისურადაც ითარგმნა.
“გარდიანის” მიერ გამოქვეყნებული რევიუს ავტორი კი ლიტერატურათმცოდნე და ჟურნალისტი, მაია იაგია, რომელიც ამ გამოცემისათვის 2013 წლიდან წერს. საქართველოს შესახებ სტატია მან 2016 წელსაც გამოაქვეყნა და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლისთავს მოუძღვნა.