ევროპული კინოს ფორუმზე იტალია 2019 წელს გადაღებული ორი ფილმით წარდგა
იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის, ევროპული კინოს ფორუმზე, იტალია 2019 წელს გადაღებული ორი ფილმით წარდგა.
4 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში” მრავალრიცხოვანი ჯილდოს, მათ შორის, ტურინის, ბერლინის, გეტებორგისა და ბუენოს-აირესის კინოფესტივალების ჯილდოს მფლობელი, კამპანიელი რეჟისორის, პიეტრო მარჩელოს ფილმი “მარტინ იდენი” ნახა მაყურებელმა. ჯეკ ლონდონის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი ტორონტოს კინოფესტივალის პროგრამის “პლატფორმის” გამარჯვებულია, მსახიობი ლუკა მარინელი კი მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის “ვოლპის თასით” დაჯილდოვდა.
ხვალ, 6 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება სახელგანთქმული იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, მარკო ბელოკიოს ფილმის “მოღალატე” ჩვენება.
ფილმი, რომელიც ნაჩვენები იქნა კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ფარგლებში, დაჯილდოებულია სხვადასხვა პრემიით, მათ შორის, 2 “ოქროს გლობუსით”, 7 “ვერცხლის ფირით” და ფლაიანოს სახელობის პრიზით და 2020 წელს “ოსკარის” პრემიის “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის” ნომინაციაზეა წარდგენილი.
“მოღალატე” მოგვითხრობს მაფიის ერთ-ერთ წარმომადგენელზე, ტომაზო ბუშეტაზე, რომლის როლს ბრწყინვალედ ასრულებს მსახიობი პიერფრანჩესკო ფავინო.